თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ამხანაგურ მატჩში საქართველოს ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები აზერბაიჯანის გუნდს უკვე ლამის უიმედოდ ჩამორჩა. მე-2 ტური მასპინძელთათვის კარგად დაიწყო და ლევან ფანცულაიამ (2581) გადირ ჰუსეინოვს (2609) სძლია, თუმცა, დარჩენილ ოთხ პარტიაში ქართველებმა მხოლოდ 1 ქულა აიღეს და ჯამში სტუმრებთან უკვე 3.5:6.5-ს აგებენ.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა შვენინგენის სისტემით 5 ტურად მიმდინარეობს – თითოეულ მოთამაშეს 90 წუთი პირველ ორმოც სვლაზე, ხოლო შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე +30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან.
დაპირისპირების მე-3 ტურში თეთრი ფიგურებით უკვე აზერბაიჯანელები ითამაშებენ, მეოთხეში უპირატესობა ქართველთა მხარეს იქნება, მეხუთე ტურში კი ფერების განლაგებას დამატებითი კენჭისყრა გადაწყვეტს. ისიც ვთქვათ, რომ ამხანაგური მატჩის შედეგები მოჭადრაკეთა რეიტინგზე არ აისახება.
საქართველო – აზერბაიჯანი 3.5:6.5
მე-2 ტური
კონსტანტინე შანავა (2589) – ელტაჟ საფარლი (2620) 0.5:0.5
ბაადურ ჯობავა (2721) – რაუფ მამედოვი (2628) 0:1
მიხეილ მჭედლიშვილი (2656) – ვასიფ დურალბეილი (2579) 0:1
ლევან ფანცულაია (2581) – გადირ ჰუსეინოვი (2609) 1:0
მერაბ გაგუნაშვილი (2570) – შაჰრიარ მამედიაროვი (2726) 0.5:0.5