ხვალ მიუნხენის მიუნხენის “ალიანს არენაზე” ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში “ბაიერნი” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. ევროპული საკლუბი ფეხბურთის 2 გრანდის დაპირისპირება უდიდეს ინტერესს იწვევს. მითუმეტეს, როგორც ბავარიელებს, ასევე კასტილიელებს ფინალში გასვლა და მიუნხენში დანიშნულ გადამწყვეტ შეხვედრაში ტრიუმფის მიღწევა სურთ. საყვარელი გუნდების საჩემპიონთალიგო ტრიუმფის მოლოდინში არიან “რეალისა” და “ბაიერნის” მრავალრიცხოვანი გულშემატკივრებიც – მიუნხენელებმა ხომ ეს ტურნირი ბოლოს 2001 წელს მოიგეს, მადრიდელებმა კი 2002-ში.
მადრიდელთა ნახევარმცველი ჩაბი ალონსო ბავარიელებთან მატჩის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი და ნახევარფინალის ბედის გადაწყვეტას დიდწილად უკვე მიუნხენში აპირებს. მისი თქმით, ხვალ “რეალი” მეტოქის დამარცხებას შეეცდება.
- როგორ გგონიათ, “რეალისა” და “ბაიერნის” წყვილში გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც მოიგებს და პრესტიჟული ტურნირის წლევანდელი ტრიუმფატორი გახდება?
- ამის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია. ჩვენი მხრივ კი არაფერს დავიშურებთ, რათა მადრიდის “რეალმა” მეათედ მოიპოვოს კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი საკლუბო შეჯიბრება. ნებისმიერმა ჩვენთაგანმა მშვენივრად იცის, თუ რა უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა ენიჭება გულშემატკივრებისთვის და სახელოვანი კლუბის ისტორიისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ამიტომაც ორიენტირებულნი მხოლოდ და მხოლოდ საბოლოო წარმატებაზე ვართ.
- მადრიდის “რეალსა” და მიუნხენის “ბაიერნს” რა საერთო ნიშნები აქვთ?
- ორივე ევროგრანდი შეტევაში მძლავრი თამაშითაა გამორჩეული. ორივე გუნდი კარგადაა დაბალანსებული. როგორც “რეალი”, ასევე “ბაიერნი” აქცენტს დინამიკურ ფეხბურთსა და სწრაფ მანევრირებაზე აკეთებს. სამშაბათის მატჩის წინ მოწინააღმდეგე კარგად გვყავს შესწავლილი და გერმანელებს თავისუფლად თამაშის საშუალებას არ მივცემთ. ჟოზე მოურინიომ იუპ ჰაინკესის გუნდის განეიტრალების საშუალება შეიმუშავა, ბავარიელები სიურპრიზს ვერ შემოგვთავაზებენ, ჩვენ კი შეტევაში უპირატესობის მიღწევას ყოველმხრივ შევეცდებით.
- თქვენი სიტყვებიდან გამომდინარე, “ბაიერნის” ბარიერის დაძლევასა და ფინალში გასვლას აპირებთ...
- რასაკვირველია, 2 მატჩის ჯამში მხოლოდ წარმატებაზე ვფიქრობთ და საამისოდ ვართ მომართულები. სადღეისოდ, “რეალი” 100 პროცენტითაა მზად. ძალიან გვინდა მიუნხენის “ალიანს არენაზე” გოლის გატანა. ეს განმეორებითი შეხვედრის წინ ფსიქოლოგიურ უპირატესობას მოგვცემს. ისე კი, ჩვენი ამოცანა მიუნხენში გამარჯვებაა. საამისო ძალა მადრიდის “რეალს” შესწევს.
გოჩა კაჭარავა