თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძის, გიორგი სულუაშვილისა და გურამ კავთიძის “ბურგ-ან-ბრესი” ელიტარულ დივიზიონს დაემშვიდობა. Pro D2-ის ბოლოსწინა ტურში, ქართველთა ოთხეულის გუნდმა უშუალო კონკურენტ “კარკასონს” უმასპინძლა, 23:32 დამარცხდა და მე-14-ე ადგილამდე აღზევების შანსი დაკარგა.
განვლილ მატჩში სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების შუამარბმა შარიქაძემ, რომელიც გუნდს “federal 1”-ში არ ჩაყვება და მომავალ სეზონს კვლავ Pro D2-ში, “ორიაკში” გააგრძელებს. 58-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა პირველხაზელმა კავთიძემ, რომელიც აუტსაიდერ გუნდში ცოტა ხნის წინ ლიდერ “ლიონიდან” გადავიდა. მერაბმა ჩვეული ენთუზიაზმით ითამაშა და ბოჭვებიც მრავლად აკეთა, მაგრამ თანაგუნდელებმა მას მხარი ვერ აუბეს და 5 ლელო გაუშვეს.
სტუმრებმა ტაიმი 17:6 მოიგეს და მეორე ნახევრის დასაწყისში გატანილი ლელო-გარდასახვით უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდეს. “ბურგ-ან-ბრესმა” 49-ე და 51-ე წუთებზე გატანილ ლელოებს ზუსტი გარდასახვები მიაყოლა, ხოლო 57-ე წუთზე ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა (23:24), მაგრამ დასკვნით 20 წუთში მონაგარს ქულა ვეღარ შემატა, მეტოქემ ჯარიმა და ლელო გაიტანა და 32:23 იმარჯვა. ამრიგად, “ბურგ-ან-ბრესი” 40 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და “კარკასონს” 6 ქულით ჩამორჩება.
ელიტას დაემშვიდობა თორნიკე ლომიძის “ოშიც”, რომელიც სტუმრად “დაქსთან” 11:14 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო, მისი გუნდი კი, 40 ქულით ბოლო ადგილზე და დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება “ბურგ-ან-ბრესს”, თუმცა ბოლო და ბოლოსწინა ადგილი არცერთი მათგანისთვის აღარაფერს ცვლის.
მიუხედავად იმისა, რომ ვიტო კოლელიშვილის “ლიონმა” Top 14-ის საგზური უკვე დაიბევა, აღებული ტემპი არ დააგდო და ბოლოსწინა ტურში უახლოესი მდევარი, ტარიელ რატიანიძის “აჟენი” 19:16 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ. “ლიონმა” უპირატესობა გაზარდა და 113 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო “აჟენმა” პრემიალური ქულა ჩაიწერა და 94 ქულით მეორე პოზიციაზეა.
დამარცხდა 92 ქულით მესამე ადგილზე მყოფი ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი”, რომელიც გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბის” ესტუმრა - 16:22. მასპინძლებისთვის ამ თამაშის შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც არაფერი დათმეს. ქართველ ლეგიონერთაგან შეუცვლელად ითამაშა მეორეხაზელმა ნემსაძემ და 57-ე წუთზე სინბინით დაისაჯა, ხოლო პირველხაზელი მირცხულავა თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო. “ტარბი” 79 ქულით მე-6-ე პოზიციაზეა და ჩემპიონატს ამ ადგილზე დაასრულებს, ხოლო “ლა როშელს” 92 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. მას მეტოქეებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული და სანამ “ლიონს” უმასპინძლებენ, 7 მაისს “კარკასონს” სტუმრად დაუპირისპირდებიან.
ქართველი ლეგიონერების სხვა გუნდების თამაშებს პრაქტიკული მნიშვნელობები აღარ ჰქონდა. ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” “კოლომიეს” უმასპინძლა და 8:18 დამარცხდა. დათუნაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მე-4-ე წუთზე სალელოვე შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა, ხუთიოდე მეტრი წაიწია და ორი მოწინააღმდეგისგან შებოჭილმა კარგი პასიც გააკეთა. მან მოედანზე 70 წუთი გაატარა. თამაშში 36-ე წუთიდან ჩაერთო ნაცარაშვილი და ქართველთა გუნდმა ტაიმი 8:6 მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში ორი ლელო მიიღო და 59 ქულით მე-10-ე ადგილზეა.
ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” “ნარბონს” ეწვია და 12:52 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი, 55 ქულით მე-11-ე ადგილზეა. ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და სანდრო თოდუას “ალბიმ” “ბურგონი” 16:6 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ. “ალბი” 54 ქულით მე-12-ეა. Pro D2-ის დასკვნითი ტური 11 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც მეორე-მეხუთეადგილოსნები Top 14-ის მეორე საგზურისთვის პლეი ოფში ჩაებმებიან.