სხვა

22:35 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლტის მეორე მოსკოვური, ხოლო ჯამში მეშვიდე


უსეინ ბოლტმა მსოფლიო პირველობებზე უკვე მეორე სპრინტერული დუბლი შეასრულა და ჯამში უკვე შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონია, რუსებმა კი ისევ ორი ოქროს მედალი მოიხვეჭეს და საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდნენ. ყოველივე ეს მოსკოვის “ლუჟნიკიში” მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მერვე დღეს მოხდა.
იმაში, რომ ბოლტი დღეს 200 მეტრზე რბენაშიც ისევე უპრობლემოდ იმარჯვებდა, როგორც კვირას 100 მეტრზე ფინალური გარბენი მოიგო, ეჭვი არავის ეპარებოდა. ყველას მხოლოდ ის აინტერესებდა, მოაწყობდა თუ არა 26 წლის იამაიკელი მორიგ შოუს და თავის მსოფლიო რეკორდს – 19,19 – გააუმჯობესებდა. აკი ტურნირამდე თავადვე ამბობდა, რომ ძალიან სურდა, დისტანცია 19 წამზე ნაკლებ დროში დაეფარა.
ამის გაკეთება ამ ჯერზე არ გამოვიდა. თუმცა ბოლტმა მაინც სეზონის საუკეთესო შედეგით – 19,66 – იმარჯვა, რაც იმავდროულად ყველა დროის მერვე საუკეთესო რეზულტატიცაა.
მეორე ადგილი ბოლტის 23 წლის თანამემამულემ, შარშანდელი ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალისტმა უორენ უერმა დაიკავა, ხოლო ბრინჯაო 24 წლის ამერიკელ კერტის მიჩელს ხვდა წილად, ვისთვისაც ეს ამ დონის ტურნირებზე პირველი ჯილდოა.
ამრიგად, ბოლტმა უკვე მეორედ შეძლო, ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე სპრინტერულ დისტანციაზე – 100 მ. და 200 მ. – ემარჯვა. პირველად მან ამას 2009 წელს, ბერლინში მიაღწია. 2011 წელს, დეგუში კი, მართალია, 200 მეტრზე ტიტული დაიცვა, მაგრამ 100 მეტრზე ოქრო ფალსტარტის გამო დაკარგა. ჯამში კი, თუკი ამას წინა ორ მსოფლიო ჩემპიონატზე 4X100 მეტრზე ესტაფეტაში ნაშოვნ ორ ოქროსაც დავამატებთ, მას მსოფლიო პირველობებზე უკვე შვიდი ოქროს მედალი დაუგროვდა და, დიდი ალბათობით, ხვალ – 4X100 მეტრზე ესტაფეტაში – მერვის მოხვეჭასაც შეძლებს, რითიც სამ სახელოვან ამერიკელ მძლეოსანს – კარლ ლიუსს, მაიკლ ჯონსონსა და ელისონ ფელიქსს – გაუტოლდება...
როგორც თავშივე მოგახსენეთ, ტურნირის მასპინძლებმა – რუსებმა – პარასკევის მსგავსად შაბათსაც ორი უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვეს და საერთო ჩათვლაში, რომელშიც ადგილები სწორედ ოქროს მედლების რაოდენობით განისაზღვრება, პირველ ადგილზე გადაინაცვლეს.
დღეს ოქროები რუსებმა ქალებში სიმაღლეზე ხტომასა და 4X400 მეტრზე ესტაფეტაში იშოვეს.
რუსმა სიმაღლეზე მხტომელებმა – 27 წლის სვეტლანა შკოლინამ და 31 წლის ანა ჩიჩეროვამ – შარშან ოლიმპიადაზე მოხვეჭილი მედლები “გაცვალეს”. ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი შკოლინა ამჯერად ჩემპიონი გახდა – თანაც პირადი რეკორდით – 2,03. ხოლო ოლიმპიადის გამარჯვებულმა ჩიჩეროვამ ესპანელ რუტ ბეიტიასთან ბრინჯაოს მედალი გაიყო. შარშანდელი ვერცხლის მედალოსანს, 22 წლის ამერიკელ ბრიჯიტა ბარეტს კი ისევ ვერცხლის მედალი ერგო.
4X400 მეტრზე ესტაფეტაში კი რუსმა ქალებმა ამერიკელებს ზედიზედ მეოთხე მსოფლიო პირველობაზე გამარჯვების საშუალება არ მისცეს – საოცარი შემართებით ირბინეს და სეზონის საუკეთესო შედეგითა და ყველა დროის მეშვიდე საუკეთესო შედეგით მოიგეს.
შუბოსან კაცთა შეჯიბრი 30 წლის ჩეხ ვიტეზსლავ ვესელის გამარჯვებით დასრულდა. 2012 წლის ევროპის ჩემპიონმა ვესელიმ, რომელმაც შარშანწინ დეგუშიც და შარშან ლონდონშიც მეოთხე ადგილი დაიკავა, შუბი 87,17 მეტრზე ტყორცნა და 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონსა და შარშანდელი ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანს, 30 წლის ტერო პიტკემეკის 10 სმ-ით აჯობა. მესამე ადგილზე 21 წლის რუსი დმიტრი ტარაბინი გავიდა, ვისთვისაც ეს პირველი დიდი ჯილდოა.
2009 წლის მსოფლიო ჩემპიონი და სამგზის (2005, 2007 და 2011) ვიცე-ჩემპიონი  და ასევე ორგზის (2008 და 2012) ოლიმპიური ჩემპიონი, 31 წლის ნორვეგიელი ანდრეას თორკილდსენი მე-7 ადგილს დასჯერდა.
ქალებში 5000 მეტრზე რბენაში 29 წლის ეთიოპელმა მესერეტ დეფარმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, 2005 წლის მსოფლიო პირველობის ვერცხლის მედალოსანმა, 2009 და 2011 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალოსანმა, ასევე ორგზის (2004 და 2012) ოლიმპიურმა ჩემპიონმა და 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა ფინიშთან 1,03 წამით მიასწრო 22 წლის კენიელ მერსი ჩერონოს, რომლისთვისაც ეს ამ დონის ტურნირებზე პირველი მედალია. ბრინჯაო წილად ხვდა დეფარის 21 წლის თანამემამულეს, ალმაზ აიანას, რომელიც ასევე პირველად ავიდა ასეთი დიდი შეჯიბრების კვარცხლბეკზე.
შეგახსენებთ, რომ ამ დისტანციაზე წინა ორი მსოფლიო პირველობის გამარჯვებულმა, 30 წლის კენიელმა ვივიან ჩერუიოტმა ტურნირი ბავშვის გაჩენის გამო გამოტოვა.
ამერიკელმა ბრიანა როლინსმა, რომელსაც ხვალ 22 წელი უსრულდება, 100 მეტრზე თარჯრბენში იმარჯვა. ეს მისი პირველი დიდი გამარჯვებაა.
26 წლის ავსტრალიელი სალი პირსონმა – წინა მსოფლიო პირველობისა და შარშანდელი ოლიმპიადის გამარჯვებულმა და 2008 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანმა – წლეულს თავისი საუკეთესო შედეგი აჩვენა (12,50), მაგრამ როლინს მაინც წამის 6 მეასედით ჩამორჩა. 25 წლის ბრიტანელი ტიფანი პორტერი, რომელიც დეგუში მეოთხე იყო, ამჯერად ბრინჯაოს მედალს შესწვდა.
კაცთა მარათონში კი ოქროს მედალს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, 24 წლის უგანდელი სტივენ კიპროტიჩი დაეუფლა. მეორე ადგილი წლევანდელი ბოსტონის მარათონის გამარჯვებულმა, 23 წლის ლელისა დესისამ დაიკავა, ხოლო ბრინჯაო 25 წლის ეთიოპელ ტადესე ტოლას არჩივი გახდა.

მძლეოსნობა. მსოფლიო პირველობა. მოსკოვი. რუსეთი
17 აგვისტო
კაცები
შუბის ტყორცნა
1. ვიტეზსლავ ვესელი (ჩეხეთი) 87,17
2. ტერო პიტკემეკი (ფინეთი) 87,07
3. დმიტრი ტარაბინი (რუსეთი) 86,23

200 მ.
1. უსეინ ბოლტი (იამაიკა) 19,66
2. უორენ უეირი (იამაიკა) 19,79
3. კერტის მიჩელი (აშშ) 20,04

მარათონი
1. სტივენ კიპროტიჩი (უგანდა) 2:09:51
2. ლელისა დესისა (ეთიოპია) 2:10:12
3. ტადესე ტოლა (ეთიოპია) 2:10:23

ქალები
სიმაღლეზე ხტომა
1. სვეტლანა შკოლინა (რუსეთი) 2,03
2. ბრიჯეტა ბარეტი (აშშ) 2.00
3. ანა ჩიჩეროვა (რუსეთი) 1,97
3. რუტ ბეიტია (ესპანეთი) 1,97

100 მ. თარჯრბენი
1. ბრიანა როლინსი (აშშ) 12,44
2. სალი პირსონი (ავსტრალია) 12,50
3. ტიფანი პორტერი (დიდი ბრიტანეთი) 12,55

5000 მ.
1. მესერეტ დეფარი (ეთიოპია) 14.50,19
2. მერსი ჩერონო (კენია) 14:51.22
3. ალმაზ აიანა (ეთიოპია) 14:51.33

4X400 მ. ესტაფეტა
1. რუსეთი (იულია გუშჩინა, ტატიანა ფიროვა, ქსენია რიჟოვა, ანტონინა კრივოშაპკა) 3.20,19
2. აშშ (ჯესიკა ბერდი, ნატაშა ჰასტინგსი, ეშლი სპენსერი, ფრანსინა მაკკორორი) 3.20,41
3. დიდი ბრიტანეთი (ეილიდ ჩაილდი, შანა კოქსი, მარგარეტ ადეოიე, კრისტინ ოჰურუგუ) 3.22,61


კვირას, 18 აგვისტოს, ტურნირის უკანასკნელ დღეს, მედლების 6 კომპლექტი გათამაშდება – კაცებში სამხტომში, 1500 მეტრზე რბენასა და 4X100 მეტრზე ესტაფეტაში, ხოლო ქალებში შუბის ტყორცნაში, 800 მეტრზე რბენასა და 4X100 მეტრზე ესტაფეტაში.

საერთო ჩათვლა

1

 

რუსეთი

7

3

5

15

2

 

აშშ

6

11

3

20

3

 

იამაიკა

4

2

1

7

4

 

კენია

3

4

3

10

5

 

ეთიოპია

3

3

4

10

6

 

გერმანია

3

2

1

6

7

 

დიდი ბრიტანეთი

3

0

2

5

8

 

უკრაინა

2

0

1

3

9

 

ჩეხეთი

2

0

1

3

10

 

პოლონეთი

1

2

0

3

11

 

ხორვატი

1

0

0

1

12

 

ტრინიდადი და ტობაგო

1

0

0

1

13

 

კოლუმბია

1

0

0

1

14

 

ირლანდია

1

0

0

1

15

 

შვედეთი

1

0

0

1

16

 

ახალი ზელანდია

1

0

0

1

17

 

უგანდა

1

0

0

1

18

 

საფრანგეთი

0

2

1

3

19

 

კოტ დივუარი

0

2

0

2

20

 

ჩინეთი

0

1

3

4

21

 

კანადა

0

1

3

4

22

 

ნიგერია

0

1

1

2

23

 

ავსტრალია

0

1

1

2

24

 

ჰოლანდია

0

1

1

2

25

 

იტალია

0

1

0

1

26

 

ბოტსვანა

0

1

0

1

27

 

ფინეთი

0

1

0

1

28

 

ყატარი

0

1

0

1

29

 

უნგრეთი

0

1

0

1

30

 

ესპანეთი

0

0

2

2

31

 

კუბა

0

0

2

2

32

 

სერბეთი

0

0

2

2

33

 

დომინიკელთა რ-ა

0

0

1

1

34

 

ესტონეთი

0

0

1

1

35

 

ჯიბუტი

0

0

1

1

36

 

მექსიკა

0

0

1

1

37

 

იაპონია

0

0

1

1

სულ:

41

41

42

124

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.137446