ჭადრაკი

1:25 | 8.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ტურის წინ

სტამბულში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლოსწინა მე-10 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა ვიეტნამის გუნდი 2.5:1.5 დაამარცხა და 13 ქულით მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. გამარჯვებები იზეიმეს ნანა ძაგნიძემ (2547) და ნინო ბაციაშვილმა (2432), ნინო ხურციძემ (2444) ყაიმი დააფიქსირა, ლელა ჯავახიშვილმა (2458) კი მარცხი განიცადა.
9 სექტემბერს გასამართ ბოლო ტურში ქართველი მოჭადრაკეები ესპანეთს ეთამაშებიან და გამარჯვების შემთხვევაში, ოლიმპიადას, სავარაუდოდ, მოწინავე ათეულში დაასრულებენ. ჩემპიონობის ყველაზე რეალური კანდიდატები ჩინეთი და რუსეთი არიან, რომელთაც 17-17 ქულა გააჩნიათ, უკრაინა კი 16 ქულით მესამეა.
13 ქულით 21-ე პოზიციაზე დამკვიდრდა საქართველოს ვაჟთა ნაკრები, რომელიც გასულ ტურში ისრაელის ძლიერ გუნდს დაუზავდა. კონსტანტინე შანავამ (2569) ბორის ავრუხს (2605) სძლია, ლევან ფანცულაიამ (2575) ევგენი პოსტნისთან (2638) წააგო, ხოლო მიხეილ მჭედლიშვილი (2659) და მერაბ გაგუნაშვილი, შესაბამისად, ბორის გელფანდს (2738) და მაქსიმ როდშტეინს (2642) დაუზავდნენ.
მე-11 ტურში საქართველოს ნაკრები დანიას დაუპირისპირდება, ოქროს მედლებისთვის კი დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. დასკვნითი ტურის წინ, ოლიმპიადას 17-17 ქულით ჩინეთი, სომხეთი და რუსეთი ლიდერობენ.

0.120018