ჭადრაკი

21:41 | 10.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბენიძე ლიდერს კვალში უდგას

სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ანდრანიკ მარქარიანის სახელობის მემორიალზე 4 ტურის თავზე უკრაინელი მარტინ კრავცივი (2593) დაწინაურდა 3.0 ქულით, მას კი 0.5 ქულით 4 მოჭადრაკე მოსდევს, რომელთა შორის დავით ბენიძეც (2524) იმყოფება.
10 იანვარს ერევნულ ტურნირზე 2 ტურის პარტიები შედგა. ბენიძე შავი ფიგურებით სომეხ ტიგრან არუტუნიანთან (2358) დაზავდა, შემდეგ კი თეთრებით ჩეხ შტეპან ჟილკას (2529) სძლია. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, ბენიძე მე-4 პოზიციაზეა.
ათ მონაწილეს შორის მე-8 ადგილზე იმყოფება შოთა აზალაძე (2471), რომლის აქტივშიც 1.5 ქულაა. აზალაძემ მე-3 ტურში თეთრებით იმავე ჟილკას მოუგო, მეოთხეში კი ლიდერ კრავცივთან დამარცხდა.
მე-5 ტურში ბენიძე კრავცივს ეთამაშება, ხოლო აზალაძე – ასევე თეთრი ფიგურებით ალეკსეი გოგანოვს (რუსეთი, 2545).
მარქარიანის მემორიალი 9 ტურად მიმდინარეობს და 15 იანვარს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი მილიონი სომხური დრამია, რაც დაახლოებით 2 500 დოლარია.

0.155189