ჭადრაკი

1:42 | 17.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბელა ხოტენაშვილი: “უახლოესი მიზანი, საჭადრაკო ოლიმპიადაზე კარგი თამაშია”
კარგა ხანია მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს 23 წლის საერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრი - ბელა ხოტენაშვილი. დაახლოებით ერთი თვის წინათ, ხოტენაშვილი ჩინეთის ქალაქ ვუსიში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირში, სადაც ქართველ მოჭადრაკეზე მაღალი რეიტინგის მქონე რამდენიმე სპორტსმენი მონაწილეობდა, ბელამ 9 შესაძლებლობიდან 6,5 ქულა დააგროვა და მასპინძელთა წარმომადგენელ ქსუე ჟაოს (2543 ქულა) შემდეგ, მე-2 ადგილი დაიკავა. 
ერთი კვირის წინათ კი, დაბა ანაკლიაში დასრულებულ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა რიგით 69-ე ეროვნულ ჩემპიონატზე, სადაც ხოტენაშვილი ფავორიტი იყო, ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა - 11 შესაძლებლობიდან 8,0 ქულა დააგროვა, უახლოეს მდევარ მერი არაბიძეს ერთი ქულით გაასწრო და საქართველოს ჩემპიონის ოქროს მედალი პირველად მოიპოვა.
ხოტენაშვილი 16 წლამდე გოგონათა შორის მსოფლიოს ჩემპიონი, ნაკრებთან ერთად ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატისა და საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია.
გთავაზობთ ინტერვიუს ბელა ხოტენაშვილთან:
- სარეიტინგო ქულებიდან გამომდინარე, საქართველოს ჩემპიონატზე ფავორიტი იყავით. რომელ მოჭადრაკეს თვლიდით თქვენს უშუალო კონკურენტად?
- უშუალო კონკურენტად მაღალ რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს: ნინო ბაციაშვილს (3, 438), სოფიკო ხუხაშვილს (2408), ნაზი პაიკიძეს (2406) ვთვლიდი და ფინალურ ტურნირზე არც სიურპრიზებს გამოვრიცხავდი. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვვარაუდობდი. ჩემს შემდეგ, მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებიდან ბაციაშვილი მე-3 ადგილზე გავიდა, ხოლო არაბიძემ სიურპრიზი შემოგვთავაზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
- საქართველოს ჩემპიონატზე ნათამაშები პარტიებიდან რომელს გამოარჩევდით?
- გამოვარჩევდი მერი არაბიძესთან მოგებულ და ნაზი პაიკიძესთან წაგებულ პარტიას. ამ უკანასკნელთან კარგი პოზიცია მქონდა, მაგრამ უხეში შეცდომა დავუშვი და დავმარცხდი. არაბიძემ ჩემპიონატი კარგად დაიწყო და დიდხანს ლიდერობდა. მასთან მოგებამ, ჩემს გაჩემპიონებაში დიდი როლი შეასრულა (ჩემპიონის ოქროს მედალთან და სხვა პრიზებთან ერთად, ხოტენაშვილმა ქვეყნის ეროვნული ნაკრებისა და სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი და ბლიცი) ბათუმში დაგეგმილი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მიიღო – რ.ლ.). 
- თქვენი უახლოესი გეგმების შესახებ რას გვეტყვით?
- ხანმოკლე დასვენების შემდეგ, მონაწილეობას მივიღებ მსოფლიოს ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში (რაპიდი და ბლიცი), რომელსაც ქალაქი ბათუმი უმასპინძლებს. შემდეგ კი, აგვისტოში, სტამბოლში გასამართ მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადისთვის მოვემზადები.
- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ყველა დიდი ტურნირის (ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიოს ჩემპიონატი, ოლიმპიადა) სხვადასხვა სინჯის მედლები გაქვთ მოგებული. ამ სეზონში, რა არის თქვენი უმთავრესი მიზანი?
- ვეცდები, ყველა ტურნირზე კარგად ვითამაშო. განსაკუთრებით კი, საჭადრაკო ოლიმპიადას გამოვარჩევდი.
 
როლანდ ლაბუჩიძე
0.115897