მადრიდის “რეალის” უელსელმა შემტევმა, გარეთ ბეილმა, ჟურნალისტებთან მომავალ სეზონში კლუბისა და მის პირად ამბიციებზე ისაუბრა. მის კომენტარს უეფას ოფიციალური საიტი ავრცელებს.
მოგეხსენებათ, დღეს სუპერთასის შეხვედრა უელსში გაიმართება, შესაბამისად გარეთისგან ყველა საოცარ თამაშს ელის:
“სიმართლე გითხრათ, ფორმის შესანარჩუნებლად განსაკუთრებული ძალისხმევა არ დამჭირვებია. შვებულებაში ყოფნისას ჩემთვის ყოველდღიურად ვვარჯიშობდი, მაგრამ მხოლოდ სირბილით შემოვიფარგლე და სავარჯიშო დარბაზში არ მივლია. ამას წინასასეზონო შეკრებაც დაემატა და საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ.
შესანიშნავი სეზონი იყო და ერთ წელიწადში ორი ოცნება ავიხდინე - ჯერ მადრიდის “რეალში” გადავედი, შემდეგ კი საყვარელ გუნდთან ერთად საოცნებო ტიტული მოვიგე.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მთავარი მოგებაა. მეორეხარისხოვანია, ვინ ითამაშებს და ვინ გაიტანს გამარჯვების გოლს.
ჩვენ ყოველთვის უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვით და ყველა ტიტულის მოგებს გვსურს. არ გვაინტერესებს, ვის ვეთამაშებით - უმჯობესია, ჩვენმა მეტოქეებმა იფიქრონ ამაზე. ამ სეზონში ექვსივე ტიტულის მოგებას ვგეგმავთ”, - განაცხადა ბეილმა.
შეგახსენებთ, რომ ბეილი “რეალში” გასული სეზონის დასაწყისში “ტოტენჰემიდან” გადავიდა. მისი სატრანსფერო ფასი დღემდე გაურკვეველია - ზოგი წყაროს ცნობით, იგი მადრიდელებს 100 მილიონი ევრო დაუჯდათ და უელსელი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ხოლო მეორე ინფორმაციით, მის სანაცვლოდ “ტოტენჰემმა” 91 მილიონი მიიღო და გარეთზე ძვირადღირებული მხოლოდ მისივე თანაგუნდელი - კრიშტიანუ რონალდუა, რომლის შეძენაც 2009 წელს ფლორენტინო პერესს 94 მილიონი ევრო დაუჯდა.
ლევან გოგოტიშვილი