ფეხბურთი

19:16 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე ნაცნობ გარემოში დაბრუნდა

 

2013 წლის 5 ნოემბერს, ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა, პრესკონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს და ჟურნალისტებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა.

დღეიდან, საფეხბურთო გუნდს გია გეგუჩაძე უხელმძღვანელებს. ზესტაფონელთა პირველად გამჩეპიონებელი მწვრთნელი გუნდში 2008-2011 წლებში წარმატებით მუშაობდა. მაშინ იმერლებს სულ ცოტა დააკლდათ იგივე შედეგის გამეორებამდე (უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა), რასაც თბილისის ,,დინამომ’’ 2004-2005 წლების სეზონში სწორედ გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მიაღწია.

ამის შემდეგ ბოლო ორი სეზონი გეგუჩაძე ქუთაისის ,,ტორპედოს’’ თავკაცობდა, სადაც თავის კოლექციას ორი ბრინჯაოს მედალი შემატა.

სპეციალისტთან ხელშეკრულების ვადა 2014 წლის 1 იანვარს იწურება, თუმცა მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან თანამშრომლობის ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაზე.

თავის მხრივ, გია გეგუჩაძემ საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” თავისი ასისტენტები, მეკარეთა და ფიზიკური მომზადების მწვრთნელები წარუდგინა. ზესტაფონელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტები იქნებიან: 40 წლის სპეციალისტი გურამ ასპინძელაშვილი, რომელიც თავის დროზე ზესტაფონელთა დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა და 35 წლის ლევან ბაჯელიძე, რომელიც იმერულ კლუბში ამ პოზიციაზე ზაფხულის შემდეგ საქმიანობს. დღეიდან მეკარეებს დავით ჯანელიძე გაწრთვნის, ფეხბურთელთა ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას კი ზესტაფონელთათვის კარგად ნაცნობი სერბი სპეციალისტი ივან ვუჩეტიჩი დაუბრუნდება.

გია გეგუჩაძე  ზესტაფონელთა დამრიგებლის ამპლუაში სადებიუტო შეხვედრას  კვირას, 10 ნოემბერს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის პირველ შეხვედრაში, მარგველები ქვეყნის მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე ჩამპიონატის ერთპიროვნულ ლიდერს თბილისის ”დინამოს” უმასპინძლებენ.

პრესკონფერენციის შემდეგ გია გეგუჩაძემ კომენტარი ,,მსოფლიო სპორტისთვისაც’’ გააკეთა:

,,კლუბში ნორმალური ატმოსფეროა. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი ქულების მარაგის დაგროვება და ექვსეულში მოხვედრა იქნება, რათა შემდეგ უეფას ზონაში შესვლაზეც ვიფიქროთ. ჯერჯერობით არავის მოწვევას არ ვაპირებთ. ბრძოლა არსებული კონტიგენტითაც შეიძლება. ყველა ფეხბურთელს თავისი შანსი მიეცემა და სამწვრთნელო შტაბიდან სრული ნდობა ექნებათ გამოცხადებული. ზამთრის შესვენების დროს დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან,  კლუბის განვითარების  სტრატეგიას შევიმუშავებთ და სამომავლო გეგმებსაც დავსახავთ.’’

და ბოლოს ერთი რამეც უნდა აღვნიშნოთ...

სეზონის დაწყებამდე კლუბის ხელმძღვანელებს მოლაპარაკება ჰქონდათ მუნიციპალური გამგეობის ხელმძღვანელობასა და ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ ბატონ გოგი ქავთარაძესთან. მათ კლუბს დახმარება აღუთქვეს, რაც ინფრასტრუქტურის შენახვასა და სამომავლოდ მის განვითარებას ითვალისწინებდა. ვინაიდან 2013 წლის ბიუჯეტი უკვე გაწერილი იყო, ყველა ხარჯის დაფარვა საკუთარ თავზე კლუბის ხელმძღვანელობამ აიღო. მუნიციპალური გამგეობის დახმარება 2014 წლის დასაწყისიდან უნდა ამოქმედდეს, რასაც ,,ზესტაფონის’’ გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, რადგან სწორედ ამ დახმარებაზეა დამოკიდებული როგორი რესურსებით გააგრძელებს კლუბი არსებობას და დარჩება თუ არა გია გეგუჩაძე მის მთავარ მწვრთნელად.’’

0.245357