2004 წელს “ნაპოლის” 70 მილიონი ევრო ვალი დაუგროვდა და კლუბი ბანკროტად გამოცხადდა, გუნდი კი სერია C-მდე დაქვეითდა. ამ დროს კლუბი ცნობილმა კინოპროდიუსერმა აურელიო დე ლაურენტისმა შეიძინა და “ნაპოლის” აღორძინებაც დაიწყო. სადღეისოდ სამხრეთიტალიელები სკუდეტოს მოსაპოვებლად იბრძვიან, მათი პრეზიდენტი კი Sky Sport 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბევრ საჭირბოროტო საკითხზე ამახვილებს ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღებას.
- “ნაპოლის” სადღეისო მდგომარეობას როგორ შეაფასებთ?
- ვალტერ მაცარისთან 2 წლიანი კონტრაქტი გვაქვს გაფორმებული და მიუხედავად იმისა, ხელშეკრულების ამოწურამდე კიდევ ერთი წელი რომაა დარჩენილი, ჩვენს მთავარ მწვრთნელს თანამშრომლობის გახანგრძლივებას შევთავაზებ. თუკი იგი ახალი 2 წლიანი კონტრაქტზე ხელის მოწერას დამთანხმდა, ერთობლივად 48 თვე ვიმუშავებთ. სინიორ ვალტერის მოღვაწეობით კმაყოფილი რომ არ ვიყო, მასთან ერთობლივად საქმიანობის გაგრძელების სურვილი ნამდვილად არ აღმეძრებოდა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არაა, კლუბში შექმნილი ვითარების შეფასებისას ბევრი დადებითი მომენტი შემიძლია გამოვყო. მომდევნო წლებში კი კიდევ უფრო დიდ ამოცანებს უნდა შევეჭიდოთ. ჩემი ოცნებაა “ნაპოლიმ” “ბარსელონას” სტილში ითამაშოს. როდესაც მეკითხებიან, ვუმიზნებთ თუ არა სკუდეტოს ან ჩემპიონთა ლიგის მოგებას, თავშეკავებულ პასუხს ვცემ. მთავარია, გუნდის თამაში ეტაპობრივად გავაუმჯობესოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. კლუბების მეპატრონეთა აბსოლუტური უმრავლესობა მაქსიმალური შედეგის სწრაფად მიღებაზეა ორიენტირებული, მე კი ნეაპოლში მყარი კლუბის საფუძველი უნდა შევქმნა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იქნება კონკურენტუნარიანი გუნდი როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო არენაზე.
- როგორც საუბრიდან გატყობთ, ვალტერ მაცარიზე არჩევნის გაკეთებას არ ნანობთ...
- “ნაპოლი” მძიმე კრიზისში მყოფი ჩავიბარე. იმხანად გუნდი ჩ დივიზიონში დააქვეითეს და ქალაქის ყველაზე ოპტიმისტ გულშემატკივრებსაც კი ნაკლებად სწამდა ნათელი პერსპექტივისა. უძლიერესთა შორის მოსახვედრად მიმავალ გზაზე რამდენიმე სეზონი დაგვჭირდა. ცხადია, მესამე დივიზიონიდან უპირველესში პირდაპირ ვერ ავხტებოდით. როდესაც სერია A-ში აღვზევდით, “ნაპოლის” მენეჯერს ვთხოვე ვალტერ მაცარის დაკავშირებოდა და ჩვენთან გადმოსვლა შეეთავაზებინა. მოგვიანებით კიდევ ერთხელ მივმართეთ მაცარის და კვლავ უარი მივიღეთ. ვალტერმა გარკვეული პირობები წამოგვიყენა, რომელთა იმხანად დაკმაყოფილება არ შეგვეძლო. ერთი კი გავიფიქრე, რომ ეს კაცი ფეხბურთში ფულის გასაკეთებლად მუშაობს, მაგრამ მოგვიანებით დავრწმუნდი ჩემი ფიქრის მცდარობაში. მაცარი მაშინ სულითა და გულით იყო ჩართული “სამპდორიას” საკეთილდღეოდ და გენუადან აბარგება არ სურდა. 2007-09 წლებში “ნაპოლიში” ედოარდო რეია მუშაობდა და საკუთარი მისია პირნათლად შეასრულა. მის შემდეგ “სკუადრა აძურას” ექსდამრიგებელი რობერტო დონადონი მოვიწვიეთ და გულახდილად უნდა ვთქვა, არჩევანში შევცდით. რაც იყო იყო – ამაზე საუბარი აღარ მინდა. კლუბში გარკვეული საორგანიზაციო ცვლილებები მოვახდინეთ, რაც მაცარის მოსვლის პერიოდს დაემთხვა. სპორტულ დირექტორთან ერთად, სკაუტთა მთელი ქსელი შევქმენით, რომელიც თინეიჯერ ნიჭიერ მოთამაშეებს პლანეტის მასშტაბით აკვირდება. სინიორ ვალტერი კი თავის უშუალო მოვალეობას თავს მშვენივრად ართმევს, რასაც სატურნირო ცხრილში ჩახედვაც დაადასტურებს.
- ედინსონ კავანის შეძენისას თუ ფიქრობდით, ურუგვაელი ფორვარდი “ნაპოლის” ასე რომ გამოადგებოდა?
- ბედმა გამიღიმა, როცა 23 წლის კავანის მივაგენი. ადრე უკვე 25-26 წლის “გამზადებულ” ფეხბურთელებს ვყიდულობდი. ისინი თავიანთი შესაძლებლობების ჩვენების პიკზე მეტ-ნაკლებად უკვე გასულები იყვნენ. სამომავლოდ კი აქცენტს 18-20 წლის მოთამაშეების შეძენაზე გავაკეთებთ. აკი მოგახსენეთ, პერსპექტიულ ფეხბურთელთა აღმოსაჩენად სკაუტთა მძლავრი სამსახური რომ ჩამოვაყალიბეთ. მის წარმომადგენლებს მოთამაშეთა მხოლოდ ფიზიკურ-ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება არ დაევალათ. ჩვენმა მზვერავებმა ყოველმხრივ უნდა შეისწავლონ მოთამაშე. კონტრაქტის შეთავაზებამდე გასარკვევია მათი შინაგანი კულტურა, რამდენად შეეფერება მათი მენტალობა ნეაპოლურ ხასიათს, შეძლებენ თუ არა მწვრთნელსა და თანაგუნდელებთან ნაყოფიერ თანამშრომლობას.
- კლუბების ხელმძღვანე¬ლებს მიშელ პლატინისთან გქონდათ შეხვედრა. როგორი შთაბეჭდილებით გამოხვედით სასაუბრო ოთახიდან უეფას თავკაცთან აუდიენციის შემდეგ?
- პლატინი ბრწყინვალე ადამიანია, მაგრამ ფეხბურთის განვითარების მისეული ხედვა კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა. არცაა გასაკვირი – გაიხსენეთ, როდის გადიოდა იგი მინდორზე “იუვენტუსის” მაისურით. ხომ ხედავთ, დღეს როგორი ვითარებაა. პრაქტიკულად ნებისმიერი კლუბის მეპატრონე ჩივის, რომ თავის “ჩადებულ” ფულს უკან ვერ იღებს. სპორტული ბაზარი არამყარი და ცვალებადია. ჩემი აზრით, საფეხბურთო სამყარო დაბერდა და არქაული მიდგომებით ცხოვრობს.
- თქვენეული ხედვით ევროთასები რა მიმართუელბით უნდა განვითარდნენ?
- პლატინის აზრით, სამომავლოდ “დიდი ხუთეულის” (იტალია, ესპანეთი, ინგლისის, გერმანია, საფრანგეთი) გაერთიანებული ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს, ამ ტურნირში კი ეროვნულ პირველობებზე I-VIII ადგილებზე გასული გუნდები დავუშვათ. გამოდის, 5 სახელმწიფოს 40 გუნდი ჩაებმება პლატინის მიერ მოფიქრებულ გათამაშებაში. ამასთან, უეფას პრეზიდენტის თვალსაზრისით, პრაქტიკულად მთელი საპრიზო ფონდი საუკეთესო კლუბებზე უნდა გადანაწილდეს, დანარჩენებს კი მიზერული შემოსავლები დარჩებათ. თუკი საშუალო ევროპული გუნდები დათანხმდებიან ამ პირობას, მაშინ კომპენსაციის მიზნით თანხა თავიანთ ეროვნულ ფედერაციებს უნდა მოსთხოვონ. გადავიდეთ საშინაო საქმეებზეც. ჩემეული ხედვით, ჩემპიონატის კალენდარი თავად კლუბებმა უნდა შეიმუშავონ. იტალიაში პირველობის 1-ელ ოქტომბრამდე დაწყება, ყოვლად გაუმართლებელია. ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ცარიელ ტრიბუნებზე. აგვისტოში აქტიურ ადამიანთა დიდი ნაწილი ზღვაზე ისვენებს და რა გასაკვირია, სტადიონებზე გულშემატკივართა ნაკლებობა რომაა. საფეხბურთო მენეჯერებმაც კარგად უნდა ვიცოდეთ, როგორ და როდის გავყიდოთ ჩვენი პროდუქტი. სტადიონები და კალენდარი არ გვივარგა, მაშ, რატომ ვწუწუნებთ ფეხბურთისადმი ინტერესის დაკარგვაზე?
- მოდით სატურნირო ცხრილში თქვენს უშუალო კონკურენტზე ვისაუბროთ. “ინტერში” შექმნილ სიტუაციას როგორ შეაფასებთ?
- “ნერაძური” მძიმე მდგომარეობაშია. როგორ გგონიათ, ადვილია, ყველაფერი მოიგო და შემდეგ ტიტულების დაცვა ნულიდან დაიწყო? მოთამაშეებმა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალა უნდა მოიკრიბონ, ახალ მწვრთნელს შეეჩვიონ.
- ლეონარდო კარგი დამრიგებელია?
- ამ ბრაზილიელ სპეციალისტს ნაკლებად ვიცნობ. ერთი შეხედვით, ლეონარდო თავაზიანი და დამყოლი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და როგორც შევატყვე, მათრახისა და თაფლაკვერის მონაცვლეობაც ეხერხება.
- მომავალი წლის დასაწყისშივე “ნაპოლის” ურთულესი მატჩების ჩატარება მოუწევს პრინციპულ მოწინააღმდეგეებთან. 6 იანვარს “ინტერს” ხვდებით, 9-ში – “იუვენტუსს”. რას ელით ამ შეხვედრებისგან?
- ბიჭებს სიმშვიდისა და ვალტერ მაცარის ყველა მითითების შესრულებისკენ მოვუწოდებ. “ნაპოლის” შესაძლებლობების მჯერა. ბოლო ხანს, გრანდების წინააღმდეგ კარგად ვთამაშობთ და იმედია, ეს ტრადიცია 2011 წლის იანვარშიც გაგრძელდება.
გოჩა კაჭარავა