ჭადრაკი

18:59 | 24.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

არუთინიანმა ჯერმუკის ტურნირი მოიგო

სომხეთის ქალაქ ჯერმუკში დასრულებული ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის კარენ ასრიანის სახელობის მემორიალი დავიდ არუთინიანის (2561) გამარჯვებით დაასრულა. ქართველმა მოჭადრაკემ 9 ტურში 6 პარტია მოიგო, 3 კი ყაიმით დაასრულა და 7.5 ქულით მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.
დასკვნით ტურში არუთინიანი შავი ფიგურებით სომეხ ავეტიკ გრიგორიანს (2581) დაუზავდა და მას და კიდევ ერთ მასპინძელ არტაშეს მინასიანს, რომელთაც მეორე-მესამე ადგილები დაიკავეს, ქულით გაუსწრო.
კონსტანტინე შანავამ (2589) 6.0 ქულა მოაგროვა და მე-5 პოზიცია ერგო, ათეულში კი კიდევ ერთი ქართველი მოხვდა – დავით მაღალაშვილი (2478) ასევე 6.0 ქულით მე-8 იყო.
5.5 ქულით მე-13 საფეხურზე გავიდა სოფიკო გურამიშვილი (2408), რომელმაც ქალთა შორის პირველობა არავის დაუთმო, გაიოზ ნიგალიძე (2465) 5.0 ქულით 26-ე გახლდათ, ხოლო დავით ლომსაძე (2345) – 3.5 ქულით 44-ე. რაც შეეხება ესპანეთის სახელით მოთამაშ ანა მათნაძეს (2446), მან 4.0 ქულით 38-ე ადგილი დაიკავა.
ჯერმუკის ტურნირის საპრიზო ფონდი 18 500 დოლარი იყო, საიდანაც არუთინიანმა 4 ათასი მიიღო, შანავას 1000 დოლარი ერგო, მაღალაშვილს – 500, ხოლო გურამიშვილს – 300. სოფიკოს, როგორც ქალთა შორის საუკეთესოს, დამატებით 800 დოლარიც გადაეცა.

0.122583