ინტერვიუები

15:00 | 25.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: “მაღალი კლასის ცენტრალური მცველის დამატება არ გვაწყენდა”

ლონდონის “არსენალი” ინგლისური პრემიერლიგის გათამაშების ცხრილში მეორე საფეხურზეა და პირველობისთვის იბრძვის. ამასთან, სპეციალისტებიც და “მეთოფეთა” გულშემატკივრებიც მიიჩნევენ, რომ დასახული მიზნის მისაღწევად, არსენ ვენგერის გუნდს რამდენიმე პოზიციის გამაგრება ესაჭიროება. თუ რა სატრანსფერო სვლების გაკეთებას აპირებს ფრანგი სპეციალისტი, ამას მისივე ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბოლო მატჩები ცხადყოფს, რომ “არსენალს” “ნამდვილი” ვან პერსი “დაუბრუნდა”. ეთანხმებით პრესის ფურცლებზე გავრცელებულ ამ თვალსაზრისს?
- რობინმა ძალიან მოუმატა. მას ხელს ხშირი ტრავმიანობა უშლიდა, რის გამოც სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა. ამჟამად, ვან პერსი თავის ოპტიმალურ ფორმას უახლოვდება. “არსენალისთვის” რობინი დიდი ძალაა.
- თანაც, ვან პერსი უნივერსალური სტილის მოთამაშეა და რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია წარმატებით ასპარეზობა. “არსენალის” თამაში მისი მეშვეობით უფრო მრავალმხრივი გახდება?
- ნამდვილად ასეა. რობინს პარტნიორთათვის საგოლე მომენტის შექმნაც შეუძლია და იერიშის შედეგიანად დაგვირგვინებაც. ამასთან, იგი თანაგუნდელებთან კარგად ურთიერთქმედებს.
- ფეხბურთელთა ტრავმების გამო, “არსენალს” უკანა ხაზზე პრობლემები შეექმნა. ამბობენ, ცენტრალური მცველის დამატება გსურთ...
- დიახ, ასეა. თომას ვერმალენიც გამოგვაკლდა. როგორც ექიმები მეუბნებიან, იგი 4-6 კვირა ვეღარ განაახლებს ასპარეზობას. ჯერჯერობით, შესაფერისი კანდიდატურა ვერ შევარჩიეთ. სკაუტები რამდენიმე ფეხბურთელს გვთავაზობენ, მაგრამ არც ერთი არ მომეწონა. ძიება გრძელდება და სადღეისოდ, ვერ გეტყვით, ვისზე შევაჩერებთ ყურადღებას. ისე კი, მთლიანობაში უკანახაზელთა გამოსვლით არცთუ უკმაყოფილო ვარ. გაშვებული გოლების რაოდენობით მხოლოდ “ჩელსი” და 2 მანჩესტერული გუნდი გვჯობის. თანაც, სხვაობა მცირეა. ჩვენი საყრდენი ჰავბეკები კარგად თამაშობენ, რაც საერთო ჯამში, “არსენალის” გამოსვლას სტაბილურს ხდის. ამის მიუხედავად, მაღალი კლასის ცენტრალური მცველის დამატება არ გვაწყენდა.
- რამდენიმე გაზეთმა დაწერა, არსენ ვენგერს მეკარის პოზიციის გამაგრებაც უნდაო და “არსენალში” გადმოსვლის 3 კანდიდატიც დასახელდა. რამდენად რეალურია თქვენს გუნდში მანუელ ნოიერის, დავიდ დე ხეას ან ალან მაკგრეგორის ხილვა?
- შესაძლოა, რომელიმე მეკარე დავიმატოთ, ოღონდ, ეს მხოლოდ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება.
- “ლილის” ნახევარმცველის, ედენ აზარის მიმართ ინტერესი დაკარგეთ?
- ედენი ბრწყინვალე ფეხბურთელია. მას კარგა ხანია ვაკვირდები და მისი კლასი მაკმაყოფილებს, მაგრამ ამ ეტაპზე, არ მსურს გული ვატკინო “ლილის” მწვრთნელებს და გულშემატკივრებს. დაველოდებით, როდის იქნება მზად ფრანგული კლუბი აზარის დასათმობად და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ აქტიურ მუშაობას მისი “არსენალში” გადმოსაყვანად.
- თითქმის, 15 წელია, რაც “არსენალს” უდგახართ სათავეში. მწვრთნელის რანგში საკუთარი თავის რეალიზება სრულად მოახერხეთ?
- მწვრთნელობას თავს მხოლოდ იმ შემთხევევაში დავანებებ, როცა ეს პროფესია მომბეზრდება. ჯერჯერობით კი, “არსენალში” მუშაობის დიდი სურვილიც მაქვს და ვფიქრობ, წარმატებულად მუშაობის ძალაც შემწევს. ღრმად მწამს “არსენალის” ამჟამინდელი შემადგენლობის, ჩემი ბიჭები “ტიტულებზე დაგეშილები” არიან, ეს კი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. მინდა, ჩვენს ერთგულ ქომაგებს ლაღი, ლამაზი თამაშით სიამოვნება და სიხარული მივანიჭოთ. სწორედ საამისოდ ვმუშაობ დაუღლელად.


მოამზადა გოჩა კაჭარავამ

0.115605