ინტერვიუები

11:06 | 14.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

არიენ რობენი: "გუნდის ნაწილად უმოკლეს ვადაში უნდა ვიქცე"

არიენ რობენი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე ტრავმულ მოთამაშედ ითვლება. სულ მცირე რამეზეც კი, არიენი დიდი ხნის განმავლობაში აღმოჩნდება ხოლმე საავადმყოფოს საწოლზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ მას ზედმეტსახელიც შესაფერისი მოუძებნეს - “ბროლის ფეხები”. ძნელი სათქმელია, რას უკავშირდება ჰოლანდიელის ასეთი სამწუხარო რეალობა, მაგრამ ბოლოს რობენმა გულშემატკივრები საკუთარი თამაშით სამხრეთ აფრიკაში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაახარა. მას შემდეგ, არიენი გამუდმებით მკურნალობს და მკურნალობს.
სწორედ მისი დრიბლინგი, ფლანგური გარღვევები, ინდივიდუალური ოსტატობა და საგოლე ინსტინქტი დაეხმარა მიუნხენის “ბაიერნს” გასულ სეზონში ბუნდესლიგის მოგებასა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში. გულშემატკივრის მეხსიერებაში კიდევ დიდხანს დარჩება “ოლდ ტრაფორდზე” რიბერის ჩაწოდების შემდეგ, “მანჩესტერის” კარში მის მიერ გატანილი გოლი. არიენისთვის სამწუხაროდ, 2010 წელს, მისმა გუნდმა ერთბაშად ორი ფინალი დათმო. ჯერ მისი “ბაიერნი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” მილანის “ინტერთან” შერცხვა, მერე კი, ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა, ესპანელებთან ოთხწლედის უმნიშვნელოვანესი ტურნირის ფინალი წააგო. ამასთან, მსოფლიოს ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში, რობენი იკერ კასილასის პირისპირ ორჯერ აღმოჩნდა, მაგრამ მომენტების გამოყენება ვერ მოახერხა.

- საუბარი გასული წლის იანვარ-ივლისის პერიოდით დავიწყოთ. ეს მონაკვეთი თქვენს საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო?
- შესაძლოა, მაგრამ ეს ნორმალურია, როდესაც თითქმის ყველაფერს მიაღწევ რისკენაც მიილტვი, რისი იმედიც გაქვს. კლუბთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი და ქვეყნის თასი მოვიგე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშე. ეროვნულ გუნდთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე გადამწყვეტ მატჩამდე მივაღწიე. ყველანაირი წინაპირობაა საიმისოდ, რომ ამ სეზონს ჩემს კარიერაში საუკეთესო ვუწოდოთ.
- თქვენი თანაკლუბელები დეკემბრის შუა რიცხვებიდან ისვენებდნენ. არ შეგეძლოთ მოგეთხოვათ და დამატებით გევარჯიშათ?
- არა, ვგრძნობ, რომ ზამთრის შესვენება ჰაერივით მჭირდებოდა. ფიზიკურად, ცოტა არ იყოს, გადაღლილი ვარ. უკანასკნელი თვეები ძალიან რთული და ენერგიის გამცლელი იყო, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. დასვენება საუკეთესო ვარიანტი იყო და მწამს, სეზონის განახლებას ასი პროცენტით მზად შევხვდები.
- როგორია გუნდთან ერთად სრულფასოვანი ვარჯიშის განახლება?
- სრულყოფილების შეგრძნება დიდებული რამაა! აქამდე, ვერც კი წარმოვიდგენდი, განსაკუთრებული სფეციფიკური შეგრძნება თუ მექნებოდა. როდესაც გუნდთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვარჯიშობ, ხოლო ჩემს შემთხვევაში ეს პერიოდი მთელი ხუთი თვე გაგრძელდა, თანაგუნდელებთან ხელახლა შესათამაშებლად და დავალებების ასათვისებლად დამატებითი დრო გჭირდება. დარწმუნებული ვარ, შეჩვევის პროცესი სწრაფად და კარგად ჩაივლის. ახლა კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და ძალისმიერ დატვირთვებს სრულ მზადყოფნაში ვხვდები.
- რას აკეთებს კლუბის სამედიცინო შტაბი?
- ვინმეს რეკომენდაცია და პირადი ფიზიოთერაპევტი არ მჭირდება. მუშაობისაკენ თავს მე თვითონ ვუბიძგებ და განსაკუთრებით, შექმნილ სიტუაციაში, ხელებდაკაპიწებული ვივარჯიშებ. არავის თქმა არ მჭირდება, ყველაფერი თავადაც კარგად ვიცი.
- მიღებული ტრავმის შემდეგ, თქვენ უფრო მეტად უგდებთ ყურს საკუთარ სხეულს?
- არა, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. საკუთარი სხეულის მდგომარეობა ძალიან კარგად ვიცი და ყველა აუცილებელი ვარჯიშის შემდეგ, დამატებით კიდევ ვმუშაობ. ექიმები და მიუნხენის “ბაიერნის” მთელი შტაბი, ჩემზე ბევრს ზრუნავენ. პატივცემული მიულერ-ვოლფარტის ხელმძღვანელობით, ექიმების ფანტასტიკური გუნდი გვყავს.
- ლუის ვან გაალმა თქვა, რომ “ვოლფსბურგთან” მატჩში 20 წუთით მოედანზე თქვენს გაყვანას გეგმავს. ამის გაგონებამ გაგახარათ?
- ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ყველა ერთად შევხედავთ, 15 იანვრისთვის რა მდგომარეობაში ვიქნები. თუ 20 წუთს დამითმობენ, მოხარული ვიქნები. სწორედ ამიტომ გვყავს მწვრთნელი, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღოს. ჩემგან მხოლოდ იმას მოითხოვენ, რომ რაც შეიძლება მალე ვიქცე გუნდის ნაწილად.
- “ბაიერნში” თქვენი არყოფნა, გერმანიის ბუნდესლიგის პირველ წრეზე არცთუ კარგად აისახა. ხალხი ამბობს, რომ რობენის დაბრუნების შემდეგ, მიუნხენელები მნიშვნელოვნად მოუმატებენო. არ გრძნობთ ზეწოლას?
- ეს სიტყვები მეც მოვისმინე. მსურს, გუნდში მნიშვნელოვან როლს ვასრულებდე, როგორც კი, ამის საშუალება მექნება. მაგრამ მოდით, ლოგიკურები ვიყოთ - მთელი ექვსი თვეა არ მითამაშია. ადვილი არ იქნება. არ შეიძლება, ერთ საათში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს მხოლოდ იმის გამო, რომ მე მოედანზე ვიქნები. ერთი შეხედვით ყველაფერი ადვილია, მაგრამ სინამდვილეში, ასე არაა.
- რა დრო დაგჭირდებათ იმისათვის, რომ სათამაშო ფორმის პიკს მიაღწიოთ?
- წარმოდგენაც არ მაქვს. მხოლოდ იმის პირობა შემიძლია მოგცეთ, რომ შესაძლებელზე ასი პროცენტით მეტად დავიხარჯები, რათა ეს, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს.
- გჯერათ, რომ “ბაიერნი” ბუნდესლიგის მოგებას კიდევ შეძლებს?
- რეალისტები უნდა ვიყოთ და მოწინააღმდეგეებს პატივი ვცეთ. “დორტმუნდისთვის” ჩემპიონატის პირველი ნაწილი წარმოუდგენლად იღბლიანი იყო და ტიტულისაკენ გიგანტური ნაბიჯი გადადგა. ვფიქრობ, მათი 14 ქულიანი უპირატესობის აღმოფხვრა შეუძლებელია. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და სიტუაცია წამიერად შეიცვალოს. მაქსიმუმს გავიღებთ, ცდას არ დავაკლებთ და ვნახოთ, ამით რა შედეგს მივიღებთ. ყოველ შემთხვევაში, მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ იოლი გამოცდა არ გვექნება.
- “ბაიერნს” ბრწყინვალე შანსი ეძლევა, რათა მილანის “ინტერთან” ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების ფინალში განცდილი მარცხისათვის, ახლა 1/8-ფინალში რევანში აიღოს.
- იცით, პირადად ჩემთვის, რევანშის იდეა არც ისე მნიშვნელოვანია. საქმე ისაა, რომ “ინტერთან” არცთუ იოლი შეხვედრა გველის. მილანელები ტაქტიკურად ძლიერები არიან და ბრწყინვალედ თამაშობენ დაცვაში. ნებისმიერ შემთხვევაში, იტალიური კლუბები ჩემპონთა ლიგაზე ყოველთვის კარგად გამოიყურებიან.

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა

0.121534