გასულ ზაფხულს, 35 წლის არგენტინელი თავდამსხმელი, ერნარ კრესპო “პარმაში” დაბრუნდა, სადაც 1996 წელს, მისი ევროპული კარიერა დაიწყო. მას შემდეგ მან ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა კლუბებში თამაშისას, 270-ზე მეტი გოლი გაიტანა. ამას გარდა, ვეტერანი არგენტინელის ანგარიშზე, ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 64 მატჩში, 35 გატანილი გოლიცაა. კრესპოს სურს, რომ “პარმაში” მინიმუმ ერთი სეზონი კიდევ გაატაროს, ფეხბურთის თამაშს კი, მანამდე აპირებს, სანამ გუნდისათვის სარგებლის მოტანა შეეძლება.
- მესისა და მარადონას შედარებას ბოლო არ უჩანს. როგორ ფიქრობთ, ლეომ მიაღწია “დიდი მაესტროს” დონეს?
- მესი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. შედარების გაკეთება ძალიან ძნელია, მაგრამ ბევრ რამეში მარადონა და ლეო ერთმანეთს გვანან.
- არგენტინამ მსოფლიოს ჩემპიონატი ბოლოს 1986 წელს მოიგო. რამ განაპირობა ასეთი ხანგრძლივი პაუზა?
- ვფიქრობ, მარადონას წასვლის შემდეგ, არგენტინას ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა. მესის სახით, ჩვენი ქვეყნის ნაკრებს დიეგოს ბრწყინვალე შემცვლელი ჰყავს, მაგრამ აუცილებელია, რომ ლეოს გარშემო საჭირო ფეხბურთელები შეიკრიბონ. გარკვეულწილად, ის უნდა გაკეთდეს, რაც 1986 წელს მოხდა. მესი მინიმუმ ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ითამაშებს. ბრაზილიასაც კი, პელეს ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ტიტულის დასაბრუნებლად 24 წელიწადი დასჭირდა.
- როგორ შეაფასებთ მარადონა-მწვრთნელს?
- მის შესახებ სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატით უნდა ვიმსჯელოთ. თვალნათელია, რომ მან ფეხბურთელებს ენთუზიაზმი შესძინა და სამწუხაროდ, ეს მისი ერთადერთი მიღწევაა, რადგანაც სასურველი შედეგის ჩვენება მან ვერ მოახერხა.
- კარიერის უდიდესი ნაწილი იტალიაში გაატარეთ. რა გასწავლათ სერია A-მ?
- უწინარესად, ტაქტიკური დისციპლინა. იტალიური ლიგა ფეხბურთელისათვის ძალიან რთულია, მაგრამ ამავდროულად, იქ ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
- რაში მდგომარეობს საიდუმლო, რომლის მიხედვითაც მაღალ დონეზე თამაშს ასეთი დიდი პერიოდის განმავლობაში ახერხებთ?
- სერიოზულობა, პროფესიონალიზმი და სურვილი. სწორედ ამის ხარჯზე ვახერხებ სტაბილურობის შენარჩუნებას.
- თქვენი ხანგრძლივი კარიერის კვალობაზე, რომელი გამარჯვება მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად?
- “რივერ პლეიტის” შემადგენლობაში ლიბერტადორესის თასის მოგება.
- 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხს ნანობთ? მაშინ “მილანში” თამაშობდით, “ლივერპულს” 3:0 უგებდით, მაგრამ საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა და იქ მარცხი განიცადეთ...
- იმ თამაშზე სინანულს სულაც არ განვიცდი. იმედგაცრუებას ვგრძნობ, მაგრამ ამასთან, სიამაყის გრძნობაც მეუფლება. ამაყი ვარ იმით, რომ ასეთ დაძაბულ მატჩში ვიღებდი მონაწილეობას. ეს ფინალი, 2002 წლის მსოფლოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან არგენტინას გავარდნასთან ერთად, ჩემი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა.
- “პარმაში” 10 წლის წინაც თამაშობდით. რა ცვლილებები აღმოაჩინეთ კლუბში დაბრუნების შემდეგ?
- თვითონ ქალაქში ბევრი რამ სასიკეთოდაა შეცვლილი. ცვლილებების ნაკლებობას არც კლუბი უჩივის, რადგანაც მფლობელი შეიცვალა. მისი პრეზიდენტი ჩემი ასაკის წარმატებული ბიზნესმენია. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ. ტომაზო გირარდისგან ბევრი რამ ვისწავლე.
- თავად თქვენ თუ შეიცვალეთ ამ 10 წლის განმავლობაში?
- ფეხები ნაკლებ სისწრაფეს ანვითარებენ, ვიდრე ადრე, მაგრამ საგოლე ალღო ძველებურად ჩემთანაა.
- მომავლის შესახებ თუ ფიქრობთ?
- რამდენიმე იდეა მაქვს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. იქამდე ვითამაშებ, სანამ გუნდისათვის სარგებლის მოტანა შემეძლება. “პარმასთან” ჩემი კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში იწურება, მაგრამ მსურს, რომ მინიმუმ ერთი წლით კვლავ ამ გუნდში დავრჩე.
- სამწვრთნელო კარიერაზე თუ ფიქრობთ?
-ამჟამად, მხოლოდ თამაშზე ვფიქრობ, თუმცა, მომავალში მწვრთნელობაზე აუცილებლად დავფიქრდები.
- კარიერის განმავლობაში, 300-ზე მეტი გოლი გაქვთ გატანილი. მათგან ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდათ?
- აბსოლუტურად ყველა გატანილი გოლი მახსოვს. გამორჩეულები ფინალურ მატჩებში გატანილი ბურთები იყო. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ლიბერტადორესის თასიდან დაწყებული, ჩემპიონთა ლიგით დამთავრებული, გოლი ყველა იმ ფინალში მაქვს გატანილი, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდი.
- რომელი იყო საუკეთესო გუნდი, სადაც გითამაშიათ?
- “ინტერი”, რომელმაც ბოლო დროს ყველაფერი მოიგო და 2005 წლის “მილანი”. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ის “ჩელსიც”, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგაში 90-ზე მეტი ქულა მოაგროვა.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა