თურქეთის ქალაქ ქოჯაელში დასრულებულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო შედეგი მერი არაბიძემ (2379) აჩვენა. იგი ბოლო ტურში ირანელ სარასადატ ხადემალშარიეჰს (2303) დაუზავდა და 8.0 ქულით მე-11 ადგილზე გავიდა.
თანამემამულეს 0.5 ქულით ჩამორჩა ანა კუჭავა (2092), რომელმაც მე-13 ტურში აზერბაიჯანელი საბინა იბრაჰიმოვა (2202) დაამარცხა და 23-ე პოზიციას უწია.
გოგონათა შორის ჩემპიონის ტიტული 10.5 ქულით რუსმა ალეკსანდრა გორიაჩკინამ (2418) მოიპოვა, მე-2 ყაზახი ჟანსაია აბდუმალიკი (2277) გახლდათ 9.5 ქულით, ბრინჯაოს მედალი კი რუს ალინა კაშლინსკაიას (2434) ერგო. მან 9.0 ქულა მიითვალა.
ვაჟთა ტურნირზე პირველობა ჩინელმა იანგიი იუმ (2662) იზეიმა 11.0 ქულით, რომელსაც თურქი ალექსანდერ იპატოვი (2601) და ინდოელი სანტოშ ვიდიტი (2565) მიჰყვნენ, შესაბამისად, 10.5 და 9.5 ქულით.
რაც შეეხება ქართველ ზურაბ ჯავახაძეს, მან უკანასკნელ ტურში ლიტველი ტომას ლაურუსასთან (2398) წააგო და 7.0 ქულით 42-ე საფეხურს დასჯერდა.