ჭადრაკი

0:59 | 6.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე ათეულში რჩება

ქართველი მოჭადრაკე მერი არაბიძე (2379) ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 და მე-4 ტურებში შესაბამისად პოლონელ კლაუდია კულონს (2259) და მონტენეგროელ იოვანა ვოინოვიჩს (2337) დაუზავდა და 3.0 ქულით მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.
მე-5 ტურში არაბიძე თეთრი ფიგურებით უკრაინელ ირინა პეტროვას (2173) დაუპირისპირდება, კიდევ ერთი ქართველი ნანი უნაფქიშვილი (2011) კი, რომელიც 2.0 ქულით 33-ეა, შავებით ძალებს კოლუმბიელ ლინა ოროზკოსთან (2150) მოსინჯავს.
4 ტურის თავზე 3.5 ქულით ბელორუსი ზიაზულკინა (2342), რუსი ბოდნარუკი (2414), რუმინელი ბულმაგა (2380), ჩინელი გუო (2358) და რუსი გორიაჩკინა (2361) ლიდერობენ.
ვაჟთა ტურნირში ქართველებს არცთუ სახარბიელო შედეგები აქვთ. შალვა ნადირაშვილი (2151) 2.0 ქულით მესამოცეა, ხოლო დიმიტრი კვარაცხელია (2093) 1.5 ქულით – 91-ე.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს უძლიერეს ახალგაზრდა მოჭადრაკეთა ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 13 ტურად მიმდინარეობს, დასკვნითი ტური 15 აგვისტოს შედგება, დასვენების დღე კი 9 აგვისტოა.

0.116358