ინტერვიუები

10:08 | 18.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კასანო: "მილანში" კარგა ხნის განმავლობაში წარმატებით ვიასპარეზებ"

ანტონიო კასანოსა და “მილანის” ურთიერთობას ჯერჯერობით, ისეთი პირი უჩანს, რომ “როსონერი” “ჭირვეულის მორჯულებას” შეძლებს. ყოველ შემთხვევაში, “რომას”, მადრიდის “რეალისა” და “სამპდორიის” ყოფილი ფეხბურთელი ირწმუნება, რომ მილანში თავს ბედნიერად გრძნობს და ახალ კლუბს სამსახურს კარიერის ბოლომდე გაუწევს.
- როგორ გრძნობს თავს ანტონიო კასანო მილანში?
- როდესაც ასეთი ფენომენალური ფეხბურთელების გვერდიგვერდ თამაშობ, ყველაფერი ნათელ ფერებად გეჩვენება. დიდი მადლობა მსურს გადავუხადო სინიორ სილვიო ბერლუსკონის, რომელმაც “ჯუზეპე მეაცაზე” ჩემს გადმოსვლას “მწვანე შუქი” აუნთო. როდესაც პრობლემები შემექმნა, “მილანმა” ამას ყურადღება არ მიაქცია და საჯაროდ დაადასტურა, ჩემი გადაბირება რომ სურდა. ამ ჟესტით, “როსონერიმ” თანადგომა გამომიცხადა. მილანელებმა ჩემი კრიზისიდან გამოყვანა სცადეს, ჩემი მხრიდან კი, ყველაფერს გავიღებ საიმისოდ, გუნდის გულშემატკივრები, ადრიანო გალიანი და ბერლუსკონი რომ გავახარო.  
- აქამდე, რამდენიმე გუნდში გიასპარეზიათ, რომელთა შორის მადრიდის “რეალიცაა”. თქვენი ყოფილი კლუბებიდან, “მილანი” რით გამოირჩევა?
- “მილანში” არსებულ ატმოსფეროზე აქამდეც ბევრი მსმენია და უნდა გითხრათ, რომ ნანახმა მოლოდინი სრულად გაამართლა. კლუბი ერთი დიდი, მეგობრული ოჯახია, რომელშიც პრეზიდენტით დაწყებული, რიგითი თანამშრომლით დასრულებული, გულღია ადამიანები საქმიანობენ. ნებისმიერი მათგანი მზადაა გვერდით დაგიდგეს და რთულ მდგომარეობაში მყოფს დახმარების ხელი გამოგიწოდოს.
- პრესის ფურცლებზე საკმაოდ ხშირად იწერება, რომ “მილანმა” თავის გამოჩენის ბოლო შანსი მოგცათ. იზიარებთ ამგვარ თვალსაზრისს?
- დარწმუნებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ “მილანი” ჩემი ბოლო კლუბია. “როსონერი” გრანდია, პლანეტის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი და მის ზემოთ მხოლოდ ზეცაა. “ჯუზეპე მეაცაზე” კარგა ხნის განმავლობაში წარმატებით ვიასპარეზებ.  
- საამისო განცხადების საფუძველს რა გაძლევთ?
- იცით, ადრე ცოტათი თავქარიანი ვიყავი, ახლა ცოლი მყავს და შვილს ველოდები. ამის გამო, დავღვინდი და ყველაფერს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდები. ამასთან, მილანში ადამიანებმა ნდობა გამომიცხადეს და რა მორალური უფლება მაქვს, მათ ვუღალატო. დოტორეს (ადრიანო გალიანი-რედ) უკვე ვუთხარი, რომ თუ რაიმეს მივქარავ, შეცდომას თავად ვაღიარებ, მადლობას გადავუხდი და დავემშვიდობები.
- რა შეგიძლიათ მისცეთ “მილანს” და მას თქვენთვის რა სამსახურის გაწევა ხელეწიფება?
- “მილანს” ჩემთვის ყველაფრის მოცემა შეუძლია, მე კი, ყოველმხრივ შევეცდები გუნდის სათამაშო ხარისხი ოდნავ მაინც გავაუმჯობესო და მინდორზე ნებისმიერი სამსახური გავუწიო. ამას მხოლოდ ერთადერთი მიზნისთვის - მოგებისთვის გავაკეთებ. “მილანში” მეორე ფორვარდი ვიქნები, ცენტრალური თავდამსხმელი თუ უკან დახეული ფორვარდი, ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია.
- გული არ გწყდებათ, გენუის “სამპდორიის” პრეზიდენტ რიკარდო გარონეს რომ ეჩხუბეთ?
- “სამპდორიაში” ყველას ვუყვარდი, ამიტომაც გუნდის თითოეულ წევრს ვემადლიერები. გარონესთან მომხდარ გაუგებრობას რაც შეეხება, ეს უკვე წარსულია და მისკენ მიბრუნება არ მსურს. შესაძლოა, ათიოდე წლის შემდეგ,  საზოგადოებას მომხდარის დეტალები მოვახსენო. თუკი, რასაკვირველია, იმხანად საამისო დაინტერესება იქნება...  
- რამდენიმე წლით უკან რომ დაბრუნდეთ, რას შეცვლიდით?
- არაფერს, გარდა ფაბიო კაპელოსთან ურთიერთობისა. სინიორ ფაბიოს ჩემი დახმარება გულწრფელად სურდა, მე კი... ყველაფრის მიუხედავად, არაფერს ვნანობ და არც არაფრის შეცვლა მინდა. შეცვლას რაც შეეხება, დრომ უკვე შემცვალა. მხოლოდ მაღალი მიზნის მისაღწევად ვარ მომართული. საამისოდ სერიოზული მუშაობა მმართებს. სხვაგვარად “მილანში” არ შეიძლება – ცუღლოტობისთვის კლუბში ძალინ დიდი ჯარიმაა დაწესებული.
- “მილანში” 20 დეკემბერს გადმოხვედით, მაგრამ, როგორც ამბობენ, გუნდთან გაშინაურება უკვე მოასწარით. ამგვარი რამ, შესაძლებელია?
- ყველასთან საქმიანი და კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება მოვასწარი. ვარჯიშზე ცხრა პირი ოფლის მოხდა არასდროს მიყვარდა, მაგრამ როდესაც ვხედავ, როგორი თავდადებით ირჯებიან ალესანდრო ნესტა, კლარენს ზეედორფი, ჯენარო გატუზო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მეც სამუშაო იშტაზე მოვდივარ. საკუთარ თავს მკაცრად ვუთხარი, თუკი ყველაფრის მომგები ფეხბურთელები ამდენს შრომობენ, მეც სრული დატვირთვით მომიწევს გარჯა. ამასთან, “მილანში” ერთი დაუწერელი კანონი მოქმედებს – არავის აქვს უფლება რომელიმე, ყველაზე დაუზარელ მოთამაშეზე ნაკლები ივარჯიშოს. ამ წესს ყველა იცავს და გამონაკლისი არც მე ვარ.
- დაახლოებით ვხვდებით, რომელი ფეხბურთელია წვრთნისას ტონის მიმცემი... რინო გატუზო რჩევებს გაძლევთ?
- მან დაუფარავად მითხრა, რომ მაღალ დონეზე საასპარეზოდ ყველა შესაძლებლობა მაქვს და “მილანში” საამისოდ, თითქმის იდეალური პირობებია შექმნილი. თუკი კვლავ “ავურევ”, ფსიქიატრიულში მოხვედრის ღირსი ვიქნები. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამჯერად, ყველაფერი რიგზე იქნება.
- არ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ თქვენთან კონტრაქტის გაფორმება, მხოლოდ “მილანმა” ისურვა? რატომ მოხდა ასე?
- არასწორი ინფორმაცია გქონიათ – ჩემი გადაბირება რამდენიმე კლუბს სურდა, მაგრამ პირად აგენტს, ბეპე პოცოს მკაცრად განვუცხადე, რომ “მილანის” გარდა არსად მსურდა წასვლა.
- ალბათ, გული გწყდებათ, “როსონერის” თქვენი საჩემპიონთალიგო განაცხადში შეყვანა რომ არ შეუძლია?
- ძალიან, მაგრამ იმედია, თანაგუნდელთა წარმატებით გავიხარებ.
- ტოტალიზატორები “ფსონს ჩამოდიან”, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან იჩხუბებთ...
- როდესაც “მილანში” მივედი, იბრას ვუთხარი, მოდი, ისე მოვიქცეთ თითქოს უკვე წავიჩხუბეთ, პარტნიორები ფსონის დასადებად გავუშვათ, მოგებული ფული კი, გავიყოთ-მეთქი (იცინის). სერიოზულად თუ ვიტყვი, იბრაჰიმოვიჩის ვარჯიშის ცქერაც კი კარგი სანახაობაა.  
- “მილანის” ფიზმომზადების მწვრთნელი, ტონიაჩინი ირწმუნება, რომ დაახლოებით, 25 დღეში ფიზიკური ფორმის მაქსიმუმს მიაღწევთ...
- იგი გამოცდილი სპეციალისტია და იცის, რასაც ამბობს.
- ნაკრებში დაბრუნებაზე არ ფიქრობთ?
- თუკი კარგად ვითამაშებ, “სკუადრა აძურაშიც” დამიძახებენ. ვაფასებ ჩეზარე პრანდელის ადამიანურ თვისებებს. როდესაც რთულ მდგომარეობაში ჩავვარდი, იგი გვერდით მედგა.  - მასიმილიანო ალეგრიზე რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- “მილანის” დამრიგებელი პირდაპირი კაცია – იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. ალეგრის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ის ფეხბურტელები ხვდებიან, რომლებიც ამას იმსახურებენ. სინიორ მასიმილიანომ, ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
- ამასწინათ, დიეგო მარადონამ ესეკიელ ლავესის “ათიანის” აღება შესთავაზა. როგორ გგონიათ, “ნაპოლის” ფორვარდი ლეგენდარული თანამემამულის რჩევას, უნდა დაჰყვეს?
- ვურჩევდი, რომ არა. თუკი ლავესი მარადონას რჩევას დათანხმდება, უზარმაზარ პასუხისმგებლობას იტვირთავს მხრებზე. დიეგო მარადონასთან მიახლოება კი, მხოლოდ ლეო მესის ხელეწიფება.
- დაგვისახელეთ 3 მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფით “მილანში”...
- ჩემპიონთა ლიგის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისა და სკუდეტოს მოგება.     


გოჩა კაჭარავა

0.115925