ინტერვიუები

20:21 | 31.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეს ინიესტა: “ფინალში გოლის გატანაზე არც მიოცნებია”

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და საკუთარი სახელი ისტორიას სამუდამოდ დაუკავშირა.
ფეხბურთელმა, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, მის წინამორბედ და შემდგომ პერიოდზე ისაუბრა, თუმცა, არც მომავალი დაივიწყა და აღნიშნა, რომ კიდევ უფრო მეტი გამარჯვების მოპოვება უნდა.
- ალბათ, 2010 წელიწადი თქვენთვის ყველაზე ბედნიერი იყო: ნანატრი მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეთ. თუმცა, იყო იმის საშიშროება, რომ ტრავმის გამო სამხრეთ აფრიკაში საერთოდ ვერ წასულიყავით. გაურკვევლობა დამღლელი იყო?
- ძალიან მძიმე გადასატანი იყო. ეს ტრავმა, გასული წლის და შესაძლოა, მთელი ჩემი კარიერის ყველაზე რთული გამოცდა იყო. მაგრამ გამიმართლა. დაზიანება ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორც ვარაუდობდნენ, აღდგენითმა პროცესმა კი, განსაზღვრულზე სწრაფად ჩაიარა. მე მაინც ვნერვიულობდი, რადგან ძლიერ მსურდა ნაკრებში მოხვედრა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრება. მთავარი მწვრთნელი, ვისენტე დელ ბოსკე ძლიერ დამეხმარა. ბოლომდე გვერდში მედგა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი, ფერნანდო იეროც. მათ კარგად იცოდნენ რა მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ სწამდათ, რომ სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებას შევძლებდი.
- კონკრეტულად რას გეუბნებოდნენ?
- ჩვენ დაგელოდებით, მოემზადე და დაბრუნდი. ჩვენ შენი გვჯერა.
- და თქვენ ეს მოახერხეთ. თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატი ისე არ დაიწყო, როგორც ელოდნენ - ესპანეთი შვეიცარიასთან დამარცხდა.
- მართალია. ამას არც ჩვენ ველოდით და არც არავინ. გვსურდა, რომ ჩემპიონატი გამარჯვებით დაგვეწყო, ყველას ამისი იმედი ჰქონდა და სასტარტო მატჩში განცდილმა მარცხმა შოკში ჩაგვაგდო. ეს მძიმე გადასატანი იყო. კარგია, რომ ამის შემდეგ ყველაფრის კარდინალურად შეცვლა მოვახერხეთ. რთული დღეების შემდეგ, ყველაფერი ისე დასრულდა, უკეთესსაც რომ ვერ ვისურვებდით. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატს მარცხით იწყებ, თამაში ბევრად უფრო რთული ხდება - შეცდომის უფლება აღარ გრჩება, ყველა მატჩის მოგება გმართებს და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა.
- დაძაბულობა დიდი იყო?
- მე იმ სიტუაციას დაძაბულობას არ დავარქმევდი, უფრო უზარმაზარი პასუხისმგებლობა იყო. შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვქონდა და დასახული ამოცანა დადებითად გადავჭერით.
- როდის იგრძენით, რომ ჩემპიონატის მოგება შეგეძლოთ? როდესაც კასილასმა პარაგვაისთან მატჩში თერთმეტმეტრიანი მოიგერია? თუ პუიოლის გოლის შემდეგ, რომელიც მან გერმანიას თავით გაუტანა? იქნებ მსგავსი ფიქრი ფინალამდე არც გაგჩენიათ?
- ძალიან ბევრი გარდამტეხი მომენტი იყო. თითქმის ყოველთვის ზღვარზე ვიყავით, მაგრამ ბრძოლა წამითაც არ შეგვიწყვეტია. მაგალითისთვის ჩილესთან მატჩს მოგიყვან, სადაც ვალდებული ვიყავით, რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, გამარჯვებისთვის მიგვეღწია. ძალიან რთული ტურნირი იყო და თითქმის ყველა მომენტი გარდამტეხი - მეოთხედფინალში გასვლა, მოგერიებული თერთმეტმეტრიანი, გოლები... ახლა, როდესაც განვლილ პერიოდს ვიხსენებ, ვიცი, რომ ძალიან ბევრი იყო ისეთი მომენტი, რომელმაც ბევრი რამ გადაწყვიტა, მაგრამ მაშინ ამას ვერ ვგრძნობდით. ყველას ერთი აზრი გვიტრიალებდა: რთულია, მაგრამ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია.
- გაიხსენეთ, ფინალში, ჰოლანდიის ნაკრების კარში თქვენს მიერ გატანილი გოლი.
- არ შემიძლია. მისი სიტყვებით აღწერა წარმოუდგენელია, რადგანაც უნიკალური მომენტია. ამ გოლის გაცოცხლება შეიძლება, მაგრამ გრძნობების გადმოცემა შეუძლებელია. ამ სიტუაციაში სიტყვები აზრს კარგავს. იმ წუთში ძალიან ბევრი ფიქრი და ემოცია მიტრიალებდა. ყველაზე თამამ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ცხოვრებაში მსგავს რამეს მოვახერხებდი. ეს წარმოუდგენელი რამ იყო.
- რა გაიფიქრეთ მაშინ, როდესაც ბურთი მიიღეთ? რა აზრმა გაგიელვათ თავში?
- კარგად მესმოდა, რომ ეს შანსი უნდა გამომეყენებინა და წამიერად გადავწყვიტე საით დამერტყა. ყველაფერი გარკვეული იყო. როდესაც კარგად იცი რა გევალება, იცი სად ხარ და სადაა სამიზნე, კონცენტრაციას ახდენ და სხვა საჭირო არც არაფერია. მშვიდად ვიყავი და ბურთის მიღებას ველოდი.
- ინგლისში დღესაც დიდი სიამაყით იხსენებენ 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს. ეს 44 წლის წინათ იყო. გაცნობიერებული გაქვთ, რომ 44 წლის შემდეგ თქვენი გოლი ლეგენდად იქცევა?
- ეს უცნაური და ამავდროულად სასიამოვნო შეგრძნებაა. წლები გავა, ესპანეთი კი ყოველთვის იქნება იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგეს და ყველა გაიხსენებს ჩვენს გუნდს და მის მიღწევას.
- წარმოიდგინეთ, რომ 85 წლის ასაკში ზიხართ ბარში და ამბობთ: “იცით, 2010 წელს მე მოვიგე მსოფლიოს ჩემპიონატი”.
- დიახ, დიახ, ვიტყვი (იცინის). ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემთან სამუდამოდ დარჩება. დარწმუნებული ვარ, მის შესახებ ყოველთვის დიდი სიამოვნებით მოვყვები და ხალხიც სიამოვნებით გამახსენებს ამ წელიწადს. დროთა განმავლობაში, უფრო გავაცნობიერებთ ამ მიღწევის მნიშვნელობას. ალბათ, გარკვეული დროა საჭირო, რომ გამარჯვების სირთულე გავიაზროთ.
- თქვენ ევროპის 2008 წლის ჩემპიონატიც მოიგეთ. ესპანეთის ნაკრების ეს წარმატება დრომ განაპირობა? თქვენი თაობა ესპანეთის საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესოა?
- ვიტყოდი, რომ ეს ძალიან ძლიერი თაობაა და ორი ჩემპიონატის მოგება, ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობისაა. ესპანეთში ყოველთვის იყვნენ ძლიერი ფეხბურთელები, მაგრამ ახლა ამას წარმატებები დაემატა და ამის გამო, აღნიშნულმა თაობამ განსაკუთრებული ფასეულობა შეიძინა.
- თუ ესპანეთი კარგი ფეხბურთელების ნაკლობას არც ადრე უჩიოდა, რატომ ვერ ახერხებდა რაიმე ჯილდოს მოგებას? რითია გამორჩეული თქვენი თაობა?
- სიმართლე გითხრათ, ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა, ახლანდელი თაობა მართლაც გამორჩეულია. ადრე ესპანეთი დიდ ტურნირებს მალევე ემშვიდობებოდა, მაგრამ ახლა ის დრო აღარაა.
- იგივეს თქმა “ბარსელონაზეც” შეიძლება? მისი ახლანდელი შემადგენლობა ყველა დროისაზე საუკეთესოა?
- ჯერ არ ვიცი. ერთმნიშვნელოვანი პასუხისთვის აუცილებელია, დრო გავიდეს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და ახალ გამარჯვებებს მოვიპოვებთ. ბოლო წლების განმავლობაში ტიტულებს ვიგებდით და ასე უნდა განვაგრძოთ. ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ.
- “ოქროს ბურთის”, რომელიც მესიმ მოიგო, მთავარი ნომინანტები წელს “ბარსელონას” ფეხბურთელები იყვნენ. იქნებ ეს კლუბის მხრიდან ფეხბურთისადმი თავისებურმა მიდგომამ განაპირობა?
- ვფიქრობ, ასეა. 10 იანვარი კლუბისათვის დაუვიწყარ დღედ იქცა, “ლა მასიას” აკადემიისთვის კი, ეს ჯილდო ფასდაუდებელია. “ლა მასია” ის ადგილია, სადაც ვცხოვრობდი და ვიზრდებოდი და სწორედ ამ აკადემიის დამსახურებაა, ასეთი რომ ვარ. მან არა მხოლოდ ფეხბურთელად, არამედ პიროვნებად აღმზარდა.
- თავისი უნიკალური სათამაშო სტილით, “ბარსელონა” სხვა გუნდებისგან  განსხვავებულია. ეს ფეხბურთის სხვა სახეობაა?
- ეს ის ფეხბურთია, როგორის თამაშსაც ყოველთვის ვცდილობდით. განსხვავება ისაა, რომ ახლა გამარჯვებებსაც ვაღწევთ და ჩვენმა სტილმა პატივისცემა და პრესტიჟი მოიხვეჭა. “ბარსელონა” მუდამ ერთგული იყო ფეხბურთისადმი ასეთი მიდგომით, ახლა კი, ეს სტილი მთელმა მსოფლიომ აღიარა.
- ამაში უდიდესი წვლილი პეპ გვარდიოლას მიუძღვის?
- მწვრთნელი ჩვენთვის საკვანძო ფიგურაა. ის საჭირო დროს გამოჩნდა, სწორედ მისი დამსახურებაა ასეთ შედეგებს რომ მივაღწიეთ. ჩვენთვის მწვრთნელს, მის სიტყვას, ცოდნას და გამოცდილებას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის თავადაა “ბარსას” აღზრდილი და ჩვენი საუკეთესოდ ესმის.
- “ბარსელონას” მთავარი მეტოქე მადრიდის “რეალია”...
- ეს გუნდი ზუსტად ისეთად დარჩა, როგორიც სეზონის სტარტზე იყო. ჩვენი მიზანია ბოლომდე დავიხარჯოთ და მუდამ გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. კარგად ვთამაშობთ, გვწამს იმისი, რასაც ვაკეთებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი.
- პირადად თქვენ რისკენ მიისწრაფით?
- მსურს, უკეთ ვითამაშო და გამარჯვებების მოპოვება განვაგრძო.
- თქვენ ესპანეთში ძალიან პოპულარული ხართ. “რეალის” გულშემატკივრებსაც კი უყვარხართ.
- დიახ, ამას ვგრძნობ და ძალიან მსიამოვნებს. ხალხის აღიარება საქებარ სტატიებზე და ხმაურიან სათაურებზე უფრო მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ გაფასებდნენ იმისათვის, რასაც აკეთებ. მე ვამაყობ ჩემს მიერ შესრულებული სამუშაოთი. ჩვენს საქციელს თვალყურს მთელი ქვეყანა ადევნებს და მაგალითებს ბავშვები იღებენ, ამიტომ, აუცილებელია, რომ საკუთარი თავის კმაყოფილი იყო.
- ცუდი რამ რომ გააკეთოთ, მაგალითად, ვინმეს დაარტყათ. არ გეშინიათ რეპუტაციის გაფუჭების? პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე თქვენზე არ მოქმედებს?
- შეცდომა იმიჯს ვერ შელახავს და არც ზეწოლას განვიცდი. ყველა ადამიანს, სახლში თუ სამსახურში, მოსდის შეცდომა, გადადის ზღვარს და ეს სხვა ადამიანებს არ მოსწონთ. ფეხბურთი ჩვენი სამუშაოა და შეცდომების დაშვებაც შესაძლებელია.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა

0.123318