იტალიის ჩემპიონ ანდრეა პირლოს, რომელიც ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, “სკუადრა აძურა” ტურინის “იუვენტუსს” აგონებს, რომელთანაც ერთად ოქროს მედლები მოიპოვა.
La Gazzetta dello Sport-თან საუბარში, მან კლუბსა და ნაკრებს შორის პარალელების გარდა, “ბებერ ქალბატონზე”, ყოფილ კლუბ “მილანზე” და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
- ანდრეა, როგორ ფიქრობთ, “სკუადრა აძურა” შეძლებს ისეთი მიღწევის გამეორებას, როგორიც “იუვენტუსს” ჰქონდა?
- ეს ორი გუნდი ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. ამ შემთხვევაში არა შემადგენლობაზე, არამედ ხასიათზე, გამარჯვების წყურვილზე მაქვს საუბარი.
- მსგავსება არის, მაგრამ ერთნაირები არ არიან. რა არის “სკუადრა აძურას” ძლიერი მხარეები?
- სწრაფვა ისეთი ფეხბურთის ჩვენებისა, როგორიც მოსწონს მაყურებელს და თავად ფეხბურთელებს. გვაქვს სურვილი, რომ უმაღლეს დონეზე ვითამაშოთ.
- როგორ ფიქრობთ, ჯიჯი ბუფონი მართალია, როცა ამბობს, იტალია მინიმუმ ნახევარფინალში ითამაშებსო?
- ჩვენ შეგვიძლია და უნდა დავისახოთ ასეთი მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტებად არ გვთვლიან. რა თქმა უნდა, გამარჯვების უმთავრესი ფავორიტი ესპანეთია, რომელსაც კონკურენციას ჰოლანდია, გერმანია და საფრანგეთი გაუწევენ.
- ესპანელებმა უკვე დაასახელეს 23-კაციანი შემადგენლობა და მხოლოდ 7 შემტევი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთაგან სამია გამოკვეთილი ფორვარდი.
- ახალი არაფერია, მათ მუდამ ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავდათ. ესპანელმა ნახევარმცველებმა ძალიან კარგად იციან შეტევა.
- მათ ბევრი ნახევარმცველი ჰყავთ, იტალიას კი, მინიმუმ ხუთი გამოკვეთილი თავდამსხმელი...
- დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ. ეს უბრალოდ, ფეხბურთზე განსხვავებული შეხედულებებია. ჩვენი თავდამსხმელები ბევრს მოძრაობენ და ეხმარებიან თანაგუნდელებს. ესპანეთში ასეთ მოთამაშეებს ნახევარმცველებს ეძახიან, ჩვენთან თავდამსხმელებად თვლიან.
- მათ ჰყავთ ჩავი, ჩვენ პირლო. რაშია განსხვავება?
- ის ესპანელია, მე იტალიელი...
- ანუ, როგორც იტალიელი, თქვენ უფრო ქარიზმატული ხართ?
- საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ახალგაზრდული ასაკიდან ვიღებდი და მოხარული ვიქნები, ახლაც იგივე გავაკეთო.
- გავიხსენოთ განვლილი სეზონი. დამეთანხმებით, რომ საუკეთესო პირლო 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვიხლეთ?
- ვფიქრობ, განვლილ სეზონში პირლოს უფრო “ჰაეროვანი” ვარიანტი ვიხლეთ. 2006 წლის ტურნირის პერიპეტიები უკვე დავიწყებას მიეცა. სეზონი ახლახან დასრულდა, ის მუნდიალი კი, ექვსი წლის წინ გაიმართა.
- როგორ შეძელით მთელი სეზონის ასე სტაბილურად ჩატარება? მით უმეტეს, რომ დაღლა სულაც არ გეტყობათ.
- კვირაში ერთხელ ვთამაშობდით და ესაა მთავარი მიზეზი. თავისი როლი მოსამზადებელმა ეტაპმაც ითამაშა, რომელიც “იუვენტუსში” “მილანისგან” რადიკალურად განსხვავებულია.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ “იუვენტუსის” ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატს ოდნავ მოშვებული ხვდებიან?
- სულაც არა, პირიქით. ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში ვართ, რადგან სხვებზე ნაკლები თამაშების ჩატარება მოგვიწია.
- იტალიის ნაკრები “იუვენტუსის” მსგავსად სამი მცველით ითამაშებს?
- როგორც წესი, პრანდელი გუნდს ოთხი მცველით ათამაშებს. ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით, როცა ამ სქემით ვთამაშობდით. ეს მწვრთნელის გადასაწუვეტია და შესაძლოა, მან ასე თამაში ირჩიოს.
- რა შეიცვალა თქვენთვის იტალიის ნაკრებში?
- უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, ყველაფერი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო. კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით, მუდამ განსხვავებული სქემებით მიწევდა თამაში და სადარდებელიც ნაკლებად მაქვს. მარცხენა ფლანგზეც მითამაშია, თუმცა, ცენტრში თამაში უფრო კომფორტულია.
- “მილანზე” ამბობთ?
- “მილანში” გადაწყვიტეს, რომ შესაძლებლობები ამოვწურე, მაგრამ “იუვენტუსში” თამაშით მათ ვუპასუხე: “შეცდით, მე ისევ აქ ვარ”.
- როგორ უყურებთ “მილანში” შექმნილ სიტუაციას, როგორც მისი ყოფილი ფეხბურთელი?
- დასრულდა მორიგი ციკლი და ისეთი სიტუაციაა, როგორც იყო ფაბიო კაპელოს წასვლისა და ოსკარ ტაბარესის მოსვლის დროს. შესაძლოა, უახლოესი ორი წელი შემადგენლობის დაკომპლექტებას დასჭირდეს, რათა შეიკრას გუნდი, რომელიც შემდგომი მრავალი წლის განმავლობაში მოწინავე იქნება.
- შესაძლოა, რომ იბრაჰიმოვიჩი “მილანისთვის” პრობლემად იქცეს?
- მან სეზონში 30 გოლი გაიტანა და ეს შეიძლება პრობლემა იყოს?
- “იუვენტუსს” რომელი პოზიციების გაძლიერება სჭირდება მომავალი სეზონისთვის?
- აუცილებელი ახალი თავდამსხმელი და არა მხოლოდ ის. ევროთასებზე წარმატებით გამოსასვლელად, ორი-სამი ახალი ფეხბურთელი დაგვჭირდება. არ ვსაუბრობ ვარსკვლავებზე, უბრალოდ, ისინი გუნდის დონეს უნდა აკმაყოფილებდნენ.
- ახლა უფრო მარტივი იქნება “იუვენტუსისთვის” ფეხბურთელების დაყოლიება?
- არავინ ფიქრობდა, რომ ზედიზედ ორი სეზონი მეშვიდე ადგილის დაკავების შემდეგ, ჩემპიონები გავხდებოდით. ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა...
- ბუფონმა ერთხელ თქვა, რომ მოხარული იქნებოდა გუნდში მარიო ბალოტელის ხილვის...
- “იუვენტუსში” ჩემპიონებს მუდამ კარგად იღებენ.
- კონტე აღელვებული ჩანს ჩაწყობილ თამაშებთან მისი კავშირის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ...
- მე ის მშვიდი მეჩვენება.
- ეს თქვენი ბოლო მცდელობაა ევროპის ჩემპიონატის მოგებისა და მერე ნაკრებს დაემშვიდობებით?
- თუკი თავს კარგად ვიგრძნობ, მაღალ დონეზე ვითამაშებ და მწვრთნელსაც დავჭირდები, ნაკრებში თამაშსაც აუცილებლად გავაგრძელებ.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა