ინტერვიუები

15:07 | 23.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე ვილაშ-ბოაში: “მალიორკაზე ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოსახსნელად გავემგზავრეთ”



გასულ შაბათს “ნორვიჩთან” უგოლოდ დასრულებული მატჩის შემდეგ დასავლეთლონდონის “ჩელსი” საწვრთნელ შეკრებაზე მალიორკაზე გაფრინდა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის წარმომადგენელი სწორედ ესპანეთში დაუკავშირდა “არისტოკრატთა” პორტუგალიელ მთავარ მწვრთნელს ანდრე ვილაშ-ბოაშს.

- სეზონის მსვლელობისას რა მიზნით წაიყვანეთ გუნდი შორეულ შეკრებაზე? თანაც, ფეხბურთელებს კლიმატის შეცვლაც მოუწევთ...
- ახალი არაფერი გაგვიკეთებია. კლუბები ხშირად მიმართავენ სიტუაციის შეცვლისა და განტვირთვის ამგვარ გზას. ჩემი აზრით, მალიორკაზე გამგზავრები ბიჭებს ფსიქოლოგიურ დაძაბულობას მოუხსნის და ყოველდღიური რუტინისგან დროებით თავის დახსნაშიც დაეხმარება.
- წლის ამ პერიოდში ევროპული კლუბები, როგორც წესი, გეზს ახლო აღმოსავლეთისკენ უფრო იღებენ ხოლმე. თქვენ რატომ არჩიეთ ესპანეთი საწვრთნელი შეკრების გასამართად?
- მხოლოდ და მხოლოდ, სასაათე სარტყლის გამო. აზიაში გამგზავრების შემთხვევაში, დროის “გამოცვლა” მოგვიწევდა, რაც სეზონის მსვლელობისას სასურველი არაა. თანაც, ესპანეთში მშვენიერი სამუშაო და დასასვენებელი პირობებია. დარწმუნებული ვარ, მალიორკაზე გატარებულ თითოეულ დღეს ნაყოფიერად გამოვიყენებთ.
- სამხრეთისკენ გეზი პრემიერლიგის მატჩის დასრულებიდან რამდენიმე საათში აიღეთ. მომქანცველი მატჩის შემდეგ ბიჭებს საჰაერო გადაფრენაც გადაღლიდა. მალიორკაზე ჩასულებს მოთამაშეებს დასვენების საშუალება არ მიეცით?
- როგორ არა. კვირა მთლიანად ფეხბურთელების განკარგულებაში იყო. მათ დასვენებისა და კუნძულის დათვალიერების შესაძლებლობა მივეცით. ორშაბათიდან კი სრულფასოვან წვრთნას შევუდგებით. თბილი, მზიანი ამინდი ბიჭების განწყობაზე დადებითად მოქმედებს.
- “ნორვიჩის” წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო საპრემიერლიგო შეხვედრაში ფერნანდო ტორესი შეცვალეთ. მისი თამაშით უკმაყოფილო ხართ? ტორესს შარშანდელი 24 სექტემბრის შემდეგ გოლი არ გაუტანია...
- ტორესმა პირველ ტაიმში “ეშმაკურად” დაურტყა ნორვიჩელთა მეკარეს ჯონ რადის, თუმცა, ამ უკანასკნელმა ბურთის კუთხურზე მოგერიება მაინც შეძლო. მეორე ტაიმში ფერნანდოს დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. მხოლოდ ამ 2 ეპიზოდიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, ესპანელი ცუდ ფორმაში რომ არაა. მთავარია, მან მალე გაიტანოს, რასაც სხვა გოლებიც მიჰყვება. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ტორესი გუნდთან კარგადაა შეწყობილი და კოლექტიურ თამაშშიც ძლიერია. 77-ე წუთზე მისი შეცვლა კი ტაქტიკური მიზნით განვახორციელე.  
- “ნორვიჩის” წინააღმდეგ არ უთამაშია “ჩელსის” ახალწვეულს გარი კეჰილს...
- კეჰილი უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. მისი “სტემფორდ ბრიჯზე” მოსვლის შემდეგ დაცვის ცენტრში კიდევ უფრო გაიზარდა, რაც გუნდის შემდგომ წინსვლასაც შეუწყობს ხელს. შაბათს იგი მხოლოდ იმიტომ არ ვათამაშე, რომ ახალ პარტნიორებთან და გუნდთან კარგად გაშინაურებული არაა. მალიორკაზე გარი ადაპტაციას გაივლის და 26 წლის ახალწვეულს “ქუინზ პარკთან” მომავალ სათასო მატჩში აუცილებლად ვათამაშებ.
- ორ მანჩესტერულ გუნდს, “სიტისა” და “იუნაიტედს” შესაბამისად 13 და 10 ქულით ჩამორჩებით. ამის მიუხედავად, “ჩელსის” მიზანი კვლავინდებურად პრემიერლიგის მოგებაა?
- ყოველმხრივ შევეცდებით და ვნახოთ, სეზონის ბოლოს რა გამოგვივა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 4 თებერვლის შეხვედრა, რომელშიც “სტემფორდ ბრიჯზე” “მანჩესტერ იუნაიტედს” ვუმასპინძლებთ. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასის მოგების უდიდესი სურვილი გვაქვს. სწორედ ამიტომაც ვემზადებით მთელი სერიოზულობით “ლოფტუს როუდზე” “ქუინზ პარკის” წინააღმდეგ სათამაშოდ.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ

 

0.136742