16 წლიანი პაუზის შემდეგ, ანდონი სუბისარეტა “ბარსელონას”, სპორტული დირექტორის რანგში, გასულ ზაფხულს დაუბრუნდა. ბასკი მეკარე კამპ ნოუელთა ღირსებას 1986-94 წლებში იცავდა და “ბლაუგრანასთან” ერთად, ჩემპიონთა და თასების თასები, ევროპის სუპერთასი და ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონობა აქვს მოგებული. კატალონელთა ახალ სპორტულ დირექტორთან ინტერვიუმდე კი შეგახსენებთ, რომ ანდონი სუბისარეტა, ესპანეთის ნაკრებში ჩატარებული 126 მატჩით, “ფურია როხას” რეკორდსმენია, სულ კი, ოფიციალურ დონეზე 950 შეხვედრა ჩაუტარებია.
- “ბარსელონას” სპორტული დირექტორის პოსტზე არჩევამ, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა?
- ძალიან. ახლა, მთელი კატალონიის ყურადღების ცენტრში ვარ და ჩემი ნებისმიერი ნაბიჯი, თუნდაც კლუბს არ უკავშირდებოდეს, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ბარსელონაში უფროს ვაჟთან ერთად გადმოვსახლდი, ოჯახის სხვა წევრები კი, საცხოვრებლად ბილბაოში დარჩნენ. ასე რომ, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, როგორ შემეცვალა ცხოვრების ყოველდღიური ნირი.
- როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც “ბარსას” სპორტული დირექტორის თანამდებობა შემოგთავაზეს – გაგიხარდათ, თუ ყველაფრის აწონ-დაწონა მოგიხდათ, ვიდრე საპასუხისმგებლო და მაცდურ წინადადებას დათანხმდებოდით?
- გადაწყვეტილება გულის კარნახით მივიღე. მოცემული შანსის ხელიდან გაშვების უფლება არ მქონდა. რა უნდა იყოს იმაზე საინტერესო, ვიდრე პლანეტის საუკეთესო გუნდში სპორტული მენეჯმენტის გაძღოლაა. ასაკის მომატებასთან ერთად, ადამიანი რაციონალურ აზროვნებას სწავლობს, ამიტომაც, “ბარსელონას” პრეზიდენტის შეთავაზება, მივიღე.
- კონკრეტულად რას ითხოვენ თქვენგან სანდრო როსელი და დირექტორთა საბჭოს წევრები?
- კლუბის მთლიანი ინფრასტრუქტურის მუშაობის გაკონტროლებას, გუნდის ფუნქციონირების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. ამ მხრივ, ზღვარი მართლაც არ არსებობს.
- “ბარსას” სპორტული დირექტორის რანგში, პირველად რა მოიმოქმედეთ?
- “ბარსა B”-სა და “ჟუვენილ A”-ს მივაქციე განსაკუთრებული ყურადღება. გასულ ზაფხულს, ამ გუნდების სათანადოდ დაკომპლექტებაზე განსაკუთრებით ბევრი ვიმუშავე. ამჟამად კი, უფრო მეტად, “ბარსელონას” აწმყოზე ვზრუნავ, ვიდრე მომავალზე.
- გუნდს რამდენიმე ფეხბურთელთან დამშვიდობება მოუწია. ალბათ, ძნელია მოთამაშეს უთხრა, შენი სტილი ჩვენსას არ მიესადაგება და უნდა დაგვტოვოო...
- თქვენ წარმოიდგინეთ, გაცილებით უფრო რთულია გუნდის ექიმის, სტადიონის თანამშრომლის, ან კლუბის ნებისმიერი თანამშრომლის გათავისუფლება. მათთვის, ახალი სამსახურის მოძებნა უფრო რთულია, ვიდრე “ბარსელონადან” დათხოვილი ფეხბურთელისთვის. “კამპ ნოუზე” ხომ შემთხვევითი მოთამაშე ვერ მოხვდება და ჩვენგან წასულს, სხვა კლუბთან კონტრაქტის გაფორმება არ გაუჭირდება.
- რას გვეტყოდით ხავიერ მასკერანოსთან დაკავშირებით? არგენტინელმა, “ბარსელონაში” ასპარეზობის სანაცვლოდ, ხელფასის დაკლებაზეც კი თანხმობა განაცხადა...
- ასეთ ფაქტს პირველად შევესწარი. პროფესიონალი ფეხბურთელი, როგორც წესი, ახალი ხელშეკრულების ხელმოწერისას, ფინანსური პირობების გაუმჯობესებას ითხოვს. ამიტომაც გასულ მუნდიალზე არგენტინის ნაკრების კაპიტნის საქციელით, გაკვირვებული და გახარებული დავრჩი – ფეხბურთში ყველაფერი ფულით არ იზომება.
- თქვენს წინამორბედ ჩიკი ბეგირისტაინს შეხვდით? “ბარსელონას” სპორტული დირექტორის პოსტზე მან კარგა ხანს იღვაწა და გამოცდილებაც დაუგროვდა. ბეგირისტაინმა დახმარების გაწევა შემოგთავაზათ?
- მე და ჩიკი მეგობრები ვართ და მას აუცილებლად შევეხმიანები. აქამდე ეს იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ იგი შვებულებაში იყო. შვიდწლიანი დაძაბული მუშაობის შემდეგ, ბეგირისტაინმა დასვენება დაიმსახურა.
- მეტად საპასუხისმგებლო და რისკიან საქმეს მოჰკიდეთ ხელი. “ბარსელონას” სპორტული დირექტორი იმას უნდა მიეჩვიოს, ქებაზე მეტად, კრიტიკული სიტყვების მოსმენა რომ მოუწევს...
- ამას ყოველთვის მიჩვეული ვიყავი - მე ხომ მეკარე ვარ! როდესაც გუნდი წააგებს, ყველა მეკარის შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას, მოგების შემთხვევაში კი, საქებარი სიტყვებით ფორვარდებს მოიხსენიებენ. ამჟამადაც ამგვარი ხვედრი მერგო. გოლკიპერი ყოველთვის მოწესრიგებული, მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს. ამას უნდა ითხოვდეს იგი მინდვრის მოთამაშეებისგანაც. ამ მხრივ, ფუნქცია არ შემცვლია, ოღონდ, უფრო გაფართოვდა – “ბარსელონაში” ყველაფერი უნდა ვაკონტროლო.
- ჯერ კიდევ 1-ელ სექტემბერს განაცხადეთ, რომ “ბარსელონა” კარგადაა დაკომპლექტებული. ოდნავ გაკვირვებას კი ერთი რამ იწვევს – ძირითადი გუნდის შემადგენლობაში 19 ფეხბურთელი ირიცხება. “ბარსას” ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მოუწევს მაღალი მიზნისთვის ბრძოლა და არ გაგიჭირდებათ, ამ რაოდენობის მოთამაშით ფონს გასვლა?
- მეორე გუნდიც ხომ გვყავს, რომლიდანაც ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი ფეხბურთელის ძირითად გუნდში დაწინაურება. უმჯობესია, ახალგაზრდა მოთამაშეებმა მეორე გუნდში მიიღონ საასპარეზო პრაქტიკა, ვიდრე პრიმერა დივიზიონის მატჩების მსვლელობისას სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. დაველოდოთ დეკემბერს და ახალი წლიდან, თავგამოჩენილ თინეიჯერებს დიდ გუნდში დავაწინაურებთ.
- ბოლო 15 წელია, “ბარსელონაში” ასეთი ცოტა რაოდენობის უცხოელი არ ყოფილა. ადგილობრივ კადრებზე აქცენტის გაკეთება, კლუბის მიზანმიმართული პოლიტიკაა?
- გააჩნია, რას დავარქმევთ “ადგილობრივ კადრს”. ლეო მესი ჩვენი აკადემიის აღზრდილია, თუმცა როსარიოში დაიბადა და ბავშვობაც არგენტინაში გაატარა. კატალონიაში იგი 13 წლისა ჩამოვიდა. ანდრეს ინიესტა ალბასეტელია და ჩვენი გუნდის საბავშვო სკოლაში 12 წლისა ჩაირიცხა. რამდენად შეგვიძლია ჩავთვალოთ ისინი კატალონური საფეხბურთო სკოლის აღზრდილებად, დასკვნა თავად გააკეთეთ. პრაქტიკულად წარმოუდგენელია, “ბარსელონას” შემადგენლობა ადგილობრივი მოთამაშეებით დაკომპლექტდეს – კლუბის მიზანი, “კამპ ნოუზე” პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელების მიწვევაა.
- როგორ გგონიათ, გუნდის სათამაშო სტილი ტრანსფორმაციას უნდა განიცდიდეს?
- “ბარსელონა” ყოველთვის სხვებისგან განხვავებული იყო. ეს უნდა შენარჩუნდეს. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ დღევანდელი გუნდი, “მემკვიდრეობით” რაიკაარდისგან გვერგო, თავად ფრანკმა კი, იოჰან კრუიფის კურსი გააგრძელა. თუკი, “უემბლიზე” 1992 წელს გამარჯვებულ და 2009-ში რომში ტრიუმფატორ გუნდებს ერთმანეთს შევადარებთ, განსხვავებას საკმაოდ დიდსაც შევამჩნევთ, მაგრამ საერთო ნიშნებსაც აღმოაჩენს დაკვირვებული თვალი. “ბარსელონა” საკუთარ სტილს ინარჩუნებდა და ამასთან, თანამედროვე ფეხბურთსაც ფეხს უწყობდა. საერთოდ ვთვლი, რომ ახალ მოთხოვნებთან ადაპტაციის მიღწევისკენ სწრაფვა, ყველაზე რთული და საინტერესო სამუშაოა.
- ტიერი ანრის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, რაფა მარკესის, იაია ტურეს წასვლის შემდეგ, “ბარსელონა” საგრძნობლად “დადაბლდა”. ეს მომენტი არ გადარდებთ?
- გუნდის წინასასეზონო ფოტოს თვალს თუ შევავლებთ, შეინიშნება მაღალი ფეხბურთელების შედარებითი ნაკლებობა. ამით, “ბარსელონა” ოდნავადაც არ დასუსტებულა.
- 16 წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ პეპ გვარდიოლასთან ერთად გვერდიგვერდ გიწევთ “ბარსას” წარმატებაზე ზრუნვა. როგორ დაახასიათებდით გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს?
- პეპი ჯერ კიდევ მოთამაშეობისას მაქსიმალისტი იყო. იგი ყოველთვის მეტისკენ მიისწრაფის და სხვებისგანაც განუხრელ პროგრესს ითხოვს. გვარდიოლა ნებისმიერ წვრილმანს დიდ ყურადღებას აქცევს და პედაგოგიური ნიჭითაც მანცვიფრებს. იგი ფეხბურთელებთან გაშინაურებულია, ამასთან, დამრიგებელსა და მოთამაშეებს შორის გარკვეული დისტანცია მაინც იგრძნობა. მწვრთნელი მოთამაშეებს რომ დაუახლოვდეს, ფეხბურთელები მას დამრიგებლად ვეღარ აღიქვამენ, დაშორების შემთხვევაში კი, თანამშრომლობის სიმები დაიკარგება. პეპი სათანადო ბალანსის შენარჩუნებას ახერხებს, რის გამოც, გუნდში ჯანსაღი სამუშაო და მეგობრული ატმოსფეროა.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ