ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიის კორტებზე მორიგი ვარჯიში ჩაატარა საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა შორის ნომერ პირველმა ჩოგანმა, 22 წლის ანა ტატიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 17-21 აპრილს, ქაიროში (ეგვიპტე), ფედერაციის თასზე, ევროაფრიკული დივიზიონის II ზონაში დანიის, ფინეთის, ლატვიის, ჩერნოგორიის, ნორვეგიის, სამხრეთ აფრიკის, თურქმენეთისა და საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები გუნდები პირველი ზონის 2 საგზურისთვის იბრძოლებენ. ტატიშვილთან ერთად იქნებიან საქართველოს ნაკრების წევრები – სოფო შაფათავა და სოფიკო ქვაცაბაია.
ზემოთ ნახსენები ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ანა ტატიშვილს “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა.
- წლეულს, როგორც პირველი ასეულის წევრმა, რამდენიმე სოლიდურ ტურნირზე ითამაშეთ. როგორ შეაფასებთ ამ ტურნირებზე თქვენს გამოსვლას?
- 2011 წლის დეკემბერში, ორგანიზმში უცხო ბაქტერია აღმომაჩნდა. ამიტომ, თავს შეუძლოდ ვგრძნობდი, ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოვავლინე და რაღა თქმა უნდა, შედეგით უკმაყოფილო ვარ.
- ახლა თავს როგორ გრძნობთ?
- ორი-სამი კვირა იქნება, რაც საბოლოოდ გამოვჯანმრთელდი და ახლა თავს კარგად ვგრძნობ.
- და მაინც, წლეულს ნათამაშები ტურნირებიდან რომელს გამოარჩევდით?
- კარგად ჩატარებული ტურნირებიდან იმ ასპარეზობას გამოვარჩევდი, პაშეკს რომ მოვუგე. გული დამწყდა კაროლინ ვოზნიაცკისთან წაგებულ მე-2 სეტზე. ვოზნიაცკის დამარცხების შანსი ნაკლებად მქონდა, მაგრამ ცუდად ყოფნის მიუხედავად, მე-2 სეტში დიდ უპირატესობას ვფლობდი და ამიტომ დამწყდა გული.
- საერთო აზრით, ასეულში შესვლა უფრო ადვილია, ვიდრე იქ ადგილის დამკვიდრება. ამ მოსაზრებას ეთანხმებით?
- დღევანდელ ჩოგბურთში იოლად ვერაფერს მიაღწევ. ძალიან დიდი კონკურენციაა.
- ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე თამაშის სურვილი გამოთქვით.
- 11 ივნისს გამოცხადდება რეიტინგი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადის მონაწილეებს დაასახელებს. დებულებიდან გამომდინარე, ოლიმპიადის საგზურს 1-56-ე ადგილებზე გასული ჩოგბურთელები მიიღებენ. თითოეულ ქვეყანას ოლიმპიადაზე მხოლოდ 4 სპორტსმენის გამოყვანის უფლება აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოწინავე ჩოგბურთელებიდან ზოგი ოლიმპიადაზე არ თამაშობს და რამდენიმე ქვეყანას 56 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის ოთხზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს, ჩემი აზრით, ოლიმპიადაზე თამაში, 11 ივნისს გამოქვეყნებულ კლასიფიკაციაში 65-ე ადგილზე მყოფ ჩოგბურთელსაც შეეძლება.
- თუკი ოლიმპიადაზე მოხვედრა მოახერხეთ, ეს თქვენი კარიერისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება...
- გეთანხმებით. ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით თამაში ჩემთვის საამაყოა. შეიძლება ითქვას, რომ ოჯახური ტრადიციის გამგრძელებელი ვიქნები.
- რა ტრადიცია გაქვთ მხედველობაში?
- შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ცნობილი ქართველი მძლეოსანი, ჰელსინკის (ფინეთი) 1952 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, სპორტის დამსახურებული ოსტატი - ელენე გოკიელი მამაჩემის დეიდა, ანუ ჩემი ბებია იყო.
- თქვენი ასპარეზობისას, ყველაზე სუსტ წერტილებად მოწოდება და ხშირი ორმაგი შეცდომა ითვლება. ამ მხრივ, ალბათ, განსაკუთრებულად ვარჯიშობთ. პროგრესს თუ ხედავთ?
- რა თქმა უნდა, მოწოდების გაუმჯობესებაზე განსაკუთრებით ვამახვილებ ყურადღებას და პროგრესიც არის.
- მომავალ კვირაში საქართველოს ნაკრებთან ერთად ფედერაციის თასზე თამაშს გეგმავთ. როგორ აფასებთ ჩვენი ნაკრების მიერ ზედა ჯგუფში დაწინაურების შანსს?
- თუ დანიელთა შემადგენლობაში ვოზნიაცკი ითამაშებს, ამ გუნდის შანსი ბევრად გაიზრდება. ამიტომ, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ყველაფერი ქაიროში ჩასვლის შემდეგ, გუნდების შემადგენლობების გაცნობის მერე გაირკვევა.
- უახლოეს პერიოდში, თქვენი მოწინავე 50-ეულში შესვლა რამდენად რეალურია?
- წლეულს ჩემი უმთავრესი მიზანი სწორედ საუკეთესო 50-ეულში მოხვედრაა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ.
როლანდ ლაბუჩიძე