ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელ ამაურისთვის, “პარმაში” განათხოვრების წესით გადასვლა წარმატებული აღმოჩნდა. თავდაპირველად ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ფეხბურთელს სურდა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა და 30 წლის თავდამსხმელის გოლებით, გუნდმა, რომელიც სერია A-ში დასარჩენად იბრძვის, გამარჯვებები მოიპოვა.
ახლა ამაურის ანგარიშზე, “პარმას” მაისურით, სერია A-ს თერთმეტ შეხვედრაში გატანილი 7 გოლია. ის იმედოვნებს, რომ კარგი თამაშით იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჩეზარე პრანდელის ყურადღებას მიიპყრობს და მალე ქვეყნის პირველ გუნდში დაბრუნდება. ამაურიმ ჯერ არ იცის, სეზონის დასრულების შემდეგ “იუვენტუსში” დაბრუნდება, თუ სხვა ვარიანტს აირჩევს, თუმცა, ამჟამად მხოლოდ “პარმაზე” და მის დარჩენილ თამაშებზე ფიქრობს.
- როდესაც “პარმაში” მოხვედით, თქვით, რომ “იუვენტუსი” ამის შემდეგ დაინახავდა, თუ ვინ იყო წარუმატებლობის მიზეზი. ახლა რას ფიქრობთ ამის შესახებ?
- ასეთი დიდი გუნდის დატოვება იოლი არ იყო, მაგრამ თამაში და იმ უსიამოვნო პერიოდის გადალახვა მწყუროდა, რომელსაც ტრავმებსა და დავაში ვატარებდი. მე მხოლოდ ერთი რამ მსურდა - მუდმივი სათამაშო პრაქტიკა. მაშინ ჩაკეტილი წრესავით იყო: ან ტრავმის გამო არ ვთამაშობდი, ან ფორმაში არ ვიყავი. ჩემი “ფიზიკა” ისეა მოწყობილი, რომ აუცილებელია გამუდმებით ვითამაშო.
- გამოდის, “პარმა” კარგი არჩევანია?
- პირველივე დღიდან ვიფიქრე, რომ სწორედ იმ გუნდში მოვხვდი, რომელიც მჭირდებოდა. ამის ბევრი მიზეზი იყო, ფეხბურთელები, კლუბის პრეზიდენტი... ლეონარდი ადაპტაციაში დამეხმარა. ყველა ბოლომდე მენდო. ასეთი ნდობა დიდი ხანია არავისგან მიგრძვნია.
- ჩემპიონატში დიდი ხნის განმავლობაში გოლი ვერ გაგქონდათ (პირველი გოლი ექვს თებერვალს გაიტანა-რედ). რას გრძნობს თავდამსხმელი, რომელსაც ვერ ვერ გააქვს?
- მსგავსი რამ ხდება ხოლმე და ამ დროს თავდამსხმელი იძაბება. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ევროპის ლიგაში (3 გოლი ორ თამაშში), მაგრამ მერე ტრავმებმა შემაწუხეს და კვლავ ჩაკეტილი წრესავით ჩამოყალიბდა: ვითამაშებდი ერთ-ორ შეხვედრას, თავს კარგად ვგრძნობდი, მერე ისევ ტრავმას ვიღებდი და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. ეს იყო რთული და წარუმატებელი პერიოდი. თავდამსხმელისთვის გოლი ყველაფერს ცვლის. როდესაც გაგაქვს, ძალები გემატება. ესეც ერთგვარი წრეა, მაგრამ სრულიად განსხვავებული.
- კიდევ გაქვთ იმედი, რომ ჩეზარე პრანდელი ნაკრებში დაგიძახებთ?
- რა თქმა უნდა. ახლა ამისი ისე მწამს, როგორც არასდროს. ყოველთვის მსურდა, რომ იტალიის ეროვნული გუნდის მაისურით მეთამაშა. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს და ამისათვის მზად ვარ. მოცემული მომენტისათვის იმისთვის ვიბრძვი, რომ “პარმას” უძლიერესთა შორის დარჩენაში დავეხმარო. ახლა მოდუნების უფლება არ გვაქვს და უკანასკნელ მატჩამდე სრული მობილიზება გვმართებს.
- როგორ უყურებთ იმ ფაქტს, რომ “იუვენტუსი” ასეთ პრობლემებს განიცდის?
- თუ გგონიათ რომ გეტყვით, ამით კმაყოფილი ვარ-მეთქი, ძალიან ცდებით. მე “იუვენტუსის” ფეხბურთელი ვარ და სულაც არ მსიამოვნებს გუნდს ასეთ სატურნირო მდგომარეობაში რომ ვხედავ. ისევე, როგორც “პარმას”, “იუვენტუსსაც” ოთხი თამაში დარჩა და ევროთასების ზონაში მოსახვედრად ბოლომდე იბრძოლებს. ძალიან მარტივი იქნებოდა იმის თქმა, რომ ამაური “იუვენტუსისთვის” ბევრ გოლებს გაიტანდა და ამით გუნდის პრობლემები მოგვარდებოდა, მაგრამ ასე არაა.
- მარინოსგან განსხვავებით, რა სიახლეები დანერგა კოლომბამ?
- უწინარესად, მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის, როდესაც მწვრთნელს აძევებენ, პასუხისმგებლობა მოთამაშეებზე გადადის. რადგან მარინო გააძევეს, გამოდის, ეს ჩვენი ბრალია. “ბარისთან” მატჩის შემდეგ ეს თანაგუნდელებსაც ვუთხარი. შედეგად, მოედანზე უფრო მეტად ვიხარჯებით. კოლომბო ცდილობს, რომ თითოეული ფეხბურთელისგან უფრო მეტი სარგებელი მიიღოს.
- თუმცა, “პარმამ” სეზონი სულ სხვა ამბიციით დაიწყო...
- ეს სეზონი ყველასათვის უცნაური გამოდგა. წლის დასაწყისში, “სამპდორია” ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სეზონის ბოლოს უძლიერესთა შორის დარჩენისთვის მოუწევდა ბრძოლა. მაგრამ, სწორედ ამითაა კარგი სერია A - გეჩვენება, რომ ძლიერი ხარ, ბოლოს კი, სულ სხვა ადგილას აღმოჩნდები. “პარმას” შემადგენლობა უძლიერესთა შორის დარჩენისთვის ბრძოლას ნაჩვევი არაა, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან დაბლა დავეშვით და ახლა გადარჩენისთვის ბრძოლა გვიწევს.
- მომავალ სეზონში საკუთარ თავს სად ხედავთ?
- “იუვენტუსის” ფეხბურთელი ვარ და სეზონის ბოლოს მის ხელმძღვანელობას დაველაპარაკები. თუმცა, ამჟამად “პარმაში” ვთამაშობ და მხოლოდ მის წარმატებაზე ვზრუნავ.
- ამბობენ, რომ თქვენ ქალაქი მილანი მოგწონთ და იქ დიდი სიამოვნებით იცხოვრებდით...
- დიახ, ეს ასეა.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა