ინტერვიუები

10:25 | 2.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ალფრედო დი სტეფანო: "ვნანობ, ფერმერი რომ არ გამოვედი"

საყოველთაო აღიარებით, ალფრედო დი სტეფანო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესი ფეხბურთელია და სტაჟიანი გულშემატკივრები იმასაც ამტკიცებენ, პელემ, ბეკენბაუერმა, კრუიფმა და მარადონამ, სწორედ მის მიერ გაკვალული გზით იარესო. სამწუხაროდ, ქართველ გულშემატკივართაგან ცოტა ვინმეს თუ ხვდა წილად ბედნიერება მადრიდის “რეალის” “თეთრი ისრის” თამაშის ხილვისა, თუმცაღა, შთამბეჭდავი სტატისტიკაც მრავლისმეტყველია. დი სტეფანომ 510 მატჩში 418 გოლი გაიტანა, 3 ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის პირველობა და ბომბარდირობა მოიპოვა, განსაკუთრებულ წარმატებას კი, მადრიდის “რეალში” გამოსვლისას მიაღწია. საშინაო ტრიუმფებს თავი რომ დავანებოთ, სინიორ ალფრედო ზედიზედ 5-ჯერ (1956-60) ჩემპიონთა, 1960 წელს კი, საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. 1957 და 1959 წლებში დი სტეფანოს, “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვის შედეგად “ოქროს ბურთი” გადასცეს, “სამეფო კლუბმა” კი, იგი საპატიო პრეზიდენტად აირჩია. 84 წლის ლეგენდარული ფეხბურთელი გულს უჩივის, თუმცა, საფეხბურთო ცხოვრებას ჩამოშორებული მაინც არაა და რამდენიმე დღის წინ, “დონ ბალონს” ვრცელი ინტერვიუ მისცა. “მსოფლიო სპორტის” მკითხველს, ჟურნალისტისა და ალფრედო დი სტეფანოს დიალოგის შემოკლებულ ვარიანტს ვთავაზობთ.  
- გახსოვთ, ის პერიოდი, თქვენს ხელში ჩასაგდებად “ბარსელონა” და “რეალი” რომ იბრძოდნენ?
- კლუბებმა მოილაპარაკეს, ერთი წელი კატალონიაში რომ უნდა მეთამაშა, მომდევნო – კასტილიაში. ეს მე არ მაწყობდა, არჩევანი კი “რეალის” სასარგებლოდ გავაკეთე.
- მადრიდელთა პრეზიდენტმა სანტიაგო ბერნაბეუმ, “ბარ¬სელონას” შემორიგება სცადა და ამ მიზნით, “მეგობრობის თასი” დააარსა, რომელსაც ერ¬თ¬მანეთს “რეალი” და “ბარსა” შეეცილებოდნენ...
- სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა ამ თასის ეგიდით. კატალონიელები 7:3 დავამარცხეთ. ბარსელონელები იმდენად გააწბილა ამ ანგარიშმა, რომ ჩვენს “მეგობრობას” სათავე ვერა და ვერ დაედო.
- ყველაფრის თავიდან დაწყება რომ მოგიხდეთ, არჩევანს კვლავ “რეალის” სასარგებლოდ გააკეთებდით?
- არავითარ შემთხვევაში! უარს ვიტყოდი არა მარტო “რეალზე”, არამედ, საერთოდ ფეხბურთელის პროფესიაზე. ძალიან მომწონს სოფლის ცხოვრება, ძროხებისა და ცხვრების მოვლა. ვნანობ, ფერმერი რომ არ გამოვედი. ფეხბურთს კი, მხოლოდ სამოყვარულო დონეზე ვითამაშებდი.
- ბევრისთვის საბედნიეროდ, ასე არ მოხდა და მათ, თქვენი თამაშით, უდიდესი სიამოვნება მიანიჭეთ. აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი იყავით. “ბოკა ხუნიორსი” და “რივერ პლეიტი” ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან, თქვენ კი ორივე გუნდის დამრიგებლად მუშაობდით. ამ მხრივ რაიმე სახის სირთულეები, არ შეგქმნიათ?
- ჩემი ბაბუა იტალიაში, კუნძულ კაპრიზე დაიბადა, მამა ბოკას რაიონში, მე მის გვერდით მდებარე ბარაკასში. ამავდროულად, ბიძა “ბოკა ხუნიორსის” ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. ასე რომ, წესითა და რიგით, “ბოკენსე” უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მამაჩემი “რივერ პლეიტს” ქომაგობდა, თანაც, ჩემი პროფესიული დებიუტი სწორედ ამ გუნდში შედგა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ორივე კლუბის გულშემატკივრები თავისიანად მთვლიდნენ. თუმცა, მე თავს მაინც “რივერელად” ვთვლი.
- ფეხბურთის ისტორიაში, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემპიონთა თასის რიგით მეხუთე გათამაშების ფინალს. გლაზგოში “რეალმა” მაინის ფრანკფურტის “აინტრახტს” 7:3 სძლია. შეუძლებელია, ის მატჩი გუშინდელი დღესავით არ გახსოვდეთ...
- ჩემი აზრით, კარგი საფეხბურთო სანახაობა გამოგვივიდა, რასაც მრავალრიცხოვანი მაყურებლის ოვაციაც ადასტურებს. ემოციური ასპარეზობა იყო. გერმანელებს ურიგოდ არ უთამაშიათ, მაგრამ იმ დღეს “რეალის” შეჩერება შეუძლებელი გახლდათ. ჩვენი ტექნიკური უპირატესობა აშკარა იყო, თანაც, მხოლოდ შეტევაზე გახლდით ორიენტირებულნი. გლაზგოს ფინალში 4 ბურთი ფერენც პუშკაშმა შეაგდო, მეც მხოლოდ შეტევაზე ვფიქრობდი და თავიც სამჯერ გამოვიჩინე.
- იმ ეპოქის “რეალის” შემადგენლობა ფანტასტიკური ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. პუშკაში, ხენტო, სანტამარია, რიალი... ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
- ძალიან კარგი. მოთამაშეებში მეგობრული დამოკიდებულების გარეშე, მინდორზე ბევრს ვერაფერს მიაღწევ. ფეხბურთში ერთობა კრებს ძალას. იმდროინდელი გუნდის ფეხბურთელები ჩემი მეგობრები არიან. ახლო ურთიერთობა მინდვრის გარეთაც გვქონდა – თავისუფალ დროსაც ერთად ვატარებდით.
- “ჩემი ყველაზე დიდი ოცნება დი სტეფანოს გვერდიგვერდ თამაშია. ალფრედოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი”. ეს სიტყვები რაიმონ კოპას ეკუთვნის...
- რაიმონი ბრწყინვალე მოთამაშე გახლდათ. ძალიან მწყდება გული, მან ესპანეთში ბოლომდე რომ ვერ ანახა თავისი ფენომენალური შესაძლებლობები. კოპასთან დღემდე ვმეგობრობ. ხანდახან, ერთმანეთს ვხვდებით და გარდასულ დღეთა მოგონებებზე საუბრით გულს ვიოხებთ.
- ამბობენ, “რეალის” გასახდელში ყველასთვის საყვარელი ადამიანი იყავით. როგორ ახერხებდით ამას?
- მარტივად აგიხსნით – კარგი ადამიანი ვარ (იცინის). უმთავრესი კი ისაა, რომ გუნდური სულისკვეთების მოთამაშე გახლდით. თანაგუნდელების გარეშე არაფერი გამომივიდოდა, მე კი, მათ პარტნიორობას ვაფასებდი და ვცდილობდი, თავმდაბალი ვყოფილიყავი.
- “რეალში” თქვენი საყვარელი პარტნიორები რომელი ფეხბურთელები იყვნენ?
- ექტორ რიალი და პაკო ხენტო.
- ხენტოს დღემდე ხვდებით?
- საბედნიეროდ, ის ახლოს ცხოვრობს, ჩვენი ასაკის გათვალისწინებით, ეს უმნიშვნელო ამბავი არაა. როდესაც “რეალში” ვთამაშობდით, ჩვენი სტადიონის ირგვლივ, თავისუფალ მიწებზე სახლების მშენებლობა მიდიოდა. მშენებლები კლუბში მოდიოდნენ, გვთავაზობდნენ მათი აშენებული სახლები გვეყიდა და მოთამაშეებმაც ბინები შევიძინეთ. ასე გავხდით მარკიტოსი, პაჩინი, ხენტო, მე და კიდევ რამდენიმე რეალელი, მეზობლები.
- მადრიდელთა შემადგენლობაში უკანასკნელი შეხვედრა 1966 წელს, “სელტიკის” წინააღმდეგ ჩაატარეთ. მატჩის 13-ე წუთზე, სტადიონი კინაღამ აპლოდისმენტებისგან დაინგრა, თქვენ კი, “რეალის” კაპიტნის სამკლავური გროსოს გადაულოცეთ. რა გრძნობა დაგეუფლათ იმ მომენტში – დასევდიანებული იყავით, თუ სიამაყის განცდით აღვსილი?
- ორივე ერთად. ძალიან მწყდებოდა გული, “რეალის” მაისურს რომ ვეღარ ჩავიცვამდი. ამავდროულად, “ბლანკოსი” ვალმოხდილმა დავტოვე, რაც გულშემატკივარმა დამიფასა.
- ფეხბურთიდან წასვლა, არ გაგიჭირდათ?
- ალბათ, სამოთამაშეო კარიერას გულისხმობთ. როდესაც რომელიმე პროფესიას გულითა და სულით ემსახურები, ცხადია, რთულია მისი დატოვება. თავს კი იმით ვიმშვიდებდი, მწვრთნელად რომ ვიმუშავებდი.
- რას ფიქრობთ ზინედინ ზიდანზე?
- ზიზუ ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე მინახავს.
- თანამედროვე ფეხბურ¬თელთაგან საუკეთესო რომელია?
- ლიონელ მესი.
- არ გეშინიათ, ამგვარმა შეფასებამ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები რომ გაანაწყენოს?
- არა, რადგან სიმართლეს ვამბობ. მესი პრაქტიკულად ყველა მატჩში ახერხებს თავისი საუკეთესო თვისებების სრულად წარმოჩენას. ძალიან შედეგიანია და ყველაზე მეტად ის მომწონს, თავმდაბლობითაც რომ გამოირჩევა.
- თქვენდროინდელ “რეალსა” და ამჟამინდელს შორის, რა სხვაობას ხედავთ?
- თანამედროვე ფეხბურთელებს ქალაქგარეთ ცხოვრება მოსწონთ. ამის გამო, ერთმანეთთან ურთიერთობა ისეთი ხშირი არ აქვთ, როგორიც ჩვენ გვქონდა. ჩემი მოთამაშეობის დროს, “რეალის” ფეხბურთელები ოჯახებით ვმეგობრობდით. უფრო ახლოს ვიყავით გულშემატკივრებთანაც.
- თქვენი გული, უფრო მეტად, ესპანეთს ეკუთვნის, თუ არგენტინას?
- 75 პროცენტით ესპანეთს, დანარჩენი 25-ით – არგენტინას. პატაგონიაში ხომ ჩემი და, ბიძაშვილები და სხვა უახლოესი ნათესავები ცხოვრობენ.
- თქვენი შთამომავლებიდან, საფეხბურთო ტალანტი არავის აღმოაჩნდა?
- არა. საფეხბურთო ნიჭს განვითარება სჭირდება, მათ კი სპორტის ამ სახეობისადმი ინტერესი არ გამოავლინეს. როდესაც გატაცება სიამოვნებას არ განიჭებს, ის პროფესიად ვეღარ გადაიქცევა. მე ადრეული ასაკიდან ფეხბურთით ვცხოვრობდი, ჩემს შვილიშვილებს კი, მასზე გული არ მისდიოდათ.

 

მოამზადა გოჩა კაჭარავამ

0.104933