ინტერვიუები

11:17 | 4.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ალესანდრო დელ პიერო: "გამიხარდება, თუკი "იუვეს" 10-ნომრიან მაისურს ჩემზე უკეთესი ფეხბურთელი მოირგებს"

ალესანდრო დელ პიეროსთან ინტერვიუს თქვენს სამსჯავროზე გამოტანამდე მხოლოდ ერთ ფაქტს შეგახსენებთ – გასულ უიკენდზე მან სერია A-ს მატჩებში 179-ე გოლი გაიტანა, რითაც “ბებერი სინიორას” კიდევ ერთი ლეგენდის ჯამპიერო ბონიპერტის მიღწევა გააუმჯობესა.
- სანდრო, დათმობდით ყველა ტიტულსა და წოდებას იმის სანაცვლოდ, 18 წლისას ყველაფრის თავიდან დაწყების საშუალება რომ მოგეცეთ?
- კარგი კითხვაა, რომელზეც ცალსახა პასუხი არ მაქვს. ერთის მხრივ დადებითად გიპასუხებთ. რა სჯობს იმას, პროფესიონალი ფეხბურთელის რანგში წინ კიდევ ამდენი საასპარეზო წელი თუ მექნება. მეორე ასპექტით, შეუძლებელია დროის ჩარხის უკუღმა დატრიალება და წარსულში დაბრუნება. თანაც, ობიექტურად მართლაც ბევრი რამ გამიკეთებია მინდორზე, ყოველ სეზონსა და ყოველ მატჩში მთელი სული და გული ჩავაქსოვე და არ მსურს ამას ხაზი გადავუსვა.
- ხანგრძლივი სამოთამაშეო კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად რომელი მატჩი დაგამახსოვრდათ?
- ამ კუთხით 3 შეხვედრა მაქვს აღსანიშნავი. არასდროს დამავიწყდება 1996 წლის საკონტინენტთაშორისო თასის მოპოვება. გადამწყვეტ მატჩში “რივერ პლეიტს” 1:0 მოვუგეთ და ეს ერთადერთი ბურთი ჩემს ანგარიშზეა. განსაკუთრებული ადგილი უკავია 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალსა და ფინალს. წარმოუდგენელი და ენით აუწერელი გრძნობაა, როცა მუნდიალს იგებ. სწორედ ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” მოპოვებულმა გამარჯვებამ დამავიწყა ევროპის 2000 წლის პირველობის გადამწყვეტ ასპარეზობაში განცდილი მარცხის სიმწარე.
- უტაქტობაში ნუ ჩამოგვართმევთ, მაგრამ თქვენი ასაკიდან გამომდინარე, ფეხბურთისთვის თავის დანებება არცთუ შორეულ მომავალში მოგიწევთ. რომელ ფეხბურთელთან პაექრობა მოგენატრებათ ყველაზე მეტად?
- დაუფიქრებლად გიპასუხებთ – პაოლო მალდინისთან. სწორედ მისგან უნდა აიღონ მაგალითი ფეხბურთელთა მომავალმა თაობებმა. აქტიური სპორტული კარიერის შეწყვეტას რაც შეეხება, 2011 წელს “იუვენტუსის” ახალი სტადიონი ჩადგება მწყობრში და გოლის გატანა ამ სარბიელზეც მსურს.
- საამისოდ ტურინელებთან ახალი კონტრაქტის უნდა გააფორმოთ. “ბებერ სინიორასთან” მოქმედ ხელშეკრულებას ვადა ხომ მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება...
- კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის დრო ჯერ კიდევ ბლომადაა. იტალიაში “იუვენტუსის” გარდა სხვა გუნდის მაისურის მორგება ჩემთვის ყოვლად მიუღებელი და წარმოუდგენელია. ვამაყობ “დელე ალპიზე” და “ოლიმპიკოზე” გატარებული პერიოდით და ამ ხნის განმავლობაში დამყარებული რეკორდებით ვხარობ.
- ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე იმ ანდრეა ანიე¬ლისთან მოგიწევთ მოლაპარაკება, რომელსაც დიდი ხანია პირადად იცნობთ...
- ანდრეასთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა. ბედნიერი ვარ, იგი ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტი რომაა. ანდრეა კომპეტენტური ხელმძღვანელია და “ბებერი სინიორას” საქმეებზე გული შესტკივა. დარწმუნებული ვარ, ანიელისთან საუბრისას სრულ ურთიერთგაგებას მივაღწევთ.
- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა კალჩოპოლის სკანდალი აგორდა?
- ძალიან გავბრაზდი. “იუვე” დაუმსახურებლად და არასამართლიანად დასაჯეს. ტიტულების ჩამორთმევა არ გვაკმარეს და სერია B-ში დაგვაქვეითეს. დიდი სიამაყით ვიგონებ გუნდის დაბალ დივიზიონში ასპარეზობის წელს. გაიხსენეთ, რამდენმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, სამაგიეროდ დარჩენილებმა საკლუბო პატრიოტიზმი გამოვავლინეთ და სეზონი მაღალ დონეზე ჩავატარეთ. ნურავინ იფიქრებს, რომ უძლიერესთა რიგებში დაბრუნება იოლი იყო. ჯერ ერთი, სერია B რთული ტურნირია, თანაც ნებისმიერი გუნდი განსაკუთრებული მონდომებით გვეთამაშებოდა.
- იტალიური ფეხბურთის ისტორიაში თქვენზე მეტი გოლი პიოლას (364), მეაცას (338), რობერტო ბაჯოსა (319) და ფილიპო ინძაგის (313) აქვთ გატანილი. თქვენ 308 ბურთით საპატიო მეხუთე პოზიცია გიკავიათ...
- გეშლებათ, 309 გოლი მაქვს გატანილი.
- ჟურნალისტების მტკიცებით, “მხოლოდ” 308-ჯერ გამოიჩინეთ თავი...
- ერთ ბურთში ვერ “ვთანხმდებით”. სერია B-ში თამაშისას “ბრეშასთან” საჯარიმო დარტყმა შევასრულე. ბურთი მოწინააღმდეგის მცველს მოხვდა და კარის ბადეში გაეხვა. ჟურნალისტებმა ავტოგოლი ჩათვალეს, მე კი გოლის ავტორად საკუთარ თავს ვთვლი. კარგით, თუ ძალიან სურთ თქვენს კოლეგებს, ამ ბურთს “დაგითმობთ”. ნებისმიერ შემთხვევაში რობისა და პიპოს მიღწევების გაუმჯობესებას ვაპირებ. პიოლასა და მეაცას რეკორდებზე კი რა მოგახსენოთ.
- “იუვენტუსს” საამსეზონოდ რა მიზანი აქვს დასახული?
- ყველა მატჩში ღირსეულად თამაში. პირობას გაძლევთ, ამას აუცილებლად მოვახერხებთ და ერთგულ ქომაგსაც გავახარებთ.
- ბოლო ხანს, ხშირად შეცვლაზე შედიხართ და მინდორზე მატჩისთვის განკუთვნილი დროის მესამედს ატარებთ ხო¬ლმე. ალექს დელ პიეროს ამასთან შეგუება არ უჭირს?
- მწვრთნელის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და ვემორჩილები. ყოველი მატჩის წინ 90 წუთის საასპარეზოდ ვემზადები და მწვრთნელის საქმეა, რამდენ ხანს მათამაშებს. მატჩის ბედის გადაწყვეტა კი 30 წუთის განმავლობაში შედეგიანი თამაშის საშუალებითაც შემიძლია.
- როგორ ეგუებით პიჯაკსა და ჰალსტუხში გამოწყობილ დირექტორთა საბჭოს წევრ პაველ ნედვედს?
- ნედვედი განსაკუთრებით მას შემდეგ შემიყვარდა, რაც კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ არ გვიღალატა და დაბალ ლიგაში “იუვენტუსთან” ერთად ითამაშა. არადა, პაველს წინადადებები მრავლად ჰქონდა. ნედვედი განსაკუთრებული ადამიანური თვისებებით გამოირჩევა. ერთადერთი რაშიც მოიკოჭლებს, გოლფია. იგი ყოველდღე თამაშობს, მაგრამ მე მაინც ვუგებ.
- გული არ დაგწყდათ, მარჩელო ლიპიმ სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე რომ არ წაგიყვანათ?
- მეორეს მხრივ, სინიორ მარჩელომ კარგი საქმე გამიკეთა. მეუღლესა და შვილებთან ერთად შვებულება კალიფორნიაში გავატარე და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი ოფში ლოს ანჯელესის “ლეიკერსის” შვიდ მატჩს დავესწარი. კალათბურთისგან დიდი სიამოვნება მივიღე.
- “სკუადრა აძურას” ახალმა დამრიგებელმა ჩეზარე პრანდელიმ ნაკრებში ერთი მატჩით რომ მიგიწვიოთ, დათანხმდებით?
- სიამოვნებით დავთანხმდები. იტალიის ნაკრებს უარს არასდროს ვეტყვი.
- როგორ გგონიათ, ფრანჩესკო ტოტი და თქვენ ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელებს ტალანტის სრულად წარმოჩენაში დაეხმარებით?
- ამის თაობაზე უმჯობესია პრანდელის ჰკითხოთ. ისე კი, მე და ჩესკო ტოტის ბევრი რამ გვაქვს საერთო.
- თქვენ ვაჟს ტობიასს 3 წელი შეუსრულდა. ფეხბურთის თამაშს უკვე ასწავლით?
- ყველაზე მეტად ის მახარებს, პატარა დაიკოს ჯენტლმენურად რომ ექცევა (იცინის). ტობიასი უპირველესად კარგ ადამიანად უნდა აღვზარდო.
- გული არ დაგწყდებათ, თქვენი ვაჟი “ინტერისტი” რომ გამოვიდეს?
- ყოველმხრივ შევეცდები, ეს თავიდან ავიცილო.
- საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთი კომპლიმენტი მოგისმენიათ. ყველაზე მეტად რომელმა გაგახარათ?
- საქებარი სიტყვები არც გულშემატკივრებისგან დამკლებია, არც მწვრთნელების, პარტნიორებისა და ჟურნალისტებისგან. ყველაზე ბედნიერი კი მაშინ ვიყავი, როცა “სანტიაგო ბერნაბეუს” და “ოლდ ტრაფორდის” აუდიტორიამ გასახდელისკენ აპლოდისმენტებით გამაცილა.
- ყველაზე უფრო რაზე გაბრაზდით?
- ნებისმიერ წაგებას ლამის ჭკუიდან გადავყავარ.
- როგორ გგონიათ, მალე გამოჩნდება “ახალი დელ პიერო”, რომელიც თქვენს რეკორდს დაამხობს?
- გამორიცხული არაფერია. შესაძლოა, ის უკვე დაიბადა და ჩემსავით, საფეხბურთო მიღწევებზე ოცნებობს. გულით გამიხარდება, თუკი “იუვენტუსის” 10-ნომრიან მაისურს ჩემზე უკეთესი ფეხბურთელი მოირგებს

 

გოჩა კაჭარავა

0.112427