ინტერვიუები

11:08 | 12.10.2010 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე რეხვიაშვილი: "პირველ გოლს დიდი მნიშვნელობა ექნება"

რიგის “ოლიმპსის” დირექტორი ალექსანდრე რეხვიაშვილი ლატვიურ ფეხბურთში კარგადაა ჩახედული. გარდა იმისა, რომ ამჟამად კლუბს ხელმძღვანელობს, წლების განმავლობაში რიგის “სკონტოსა” (1997-2002) და “ვენტსპილსში” (2004-2006) თამაშობდა – დღევანდელი ლატვიის ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელის გვერდით არაერთი მატჩი ჩაუტარებია. გარდა ამისა, ლატვიელთა თავკაც ალექსანდრ სტარკოვის ხელმძღვანელობით არაერთი სეზონი უასპარეზია. სხვათა შორის, რიგაში “ოლიმპსის” ოფისი იმავე შენობაშია, სადაც ლატვიის ფეხბურთის ფედერაციაა განთავსებული. შესაბამისად, რეხვიაშვილს ბალტიისპირელ ფეხბურთის ფუნქციონერებთან ურთიერთობაც ხშირად აქვს. ყოველივედან გამომდინარე, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ლატვია-საქართველოს მატჩის წინ, მისი მოსაზრების მოსმენა საინტერესოა და “მსოფლიო სპორტი” რეხვიაშვილს რიგაში დაუკავშირდა.   
- ლატვიურ საფეხბურთო წრეებში, ევროშესარჩევში წარუმატებელი სტარტის შემდეგ, რა განწყობა აქვთ?
- პირველ მატჩში ხორვატიასთან ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს. განსაკუთრებით დაცვის მარცხენა ფლანგზე ჰქონდათ პრობლემა, სადაც ტრავმირებული კაჩანოვსი აკლდათ. ხორვატია კი, ასეთ რამეს არ პატიობს. მალტასთან 2:0 გაიმარჯვეს, მაგრამ განსაკუთრებული  უპირატესობა არ ჰქონიათ. საბერძნეთში წარმატება ფსიქოლოგიურად კარგი იქნებოდა, მაგრამ... ლატვიური პრესა სტარტს წარუმატებლად თვლის, თუმცა ყველაფერს ლოგიკურად აფასებენ და კრიტიკის ქარცეცხლი ნამდვილად არაა. პირად საუბარში ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ უკეთესი შედეგის ჩვენება სურდათ. ლატვიის ნაკრების პრობლემა ისიცაა, რომ ლეგიონერების 40 პროცენტს, საკუთარ კლუბებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. არადა, ადრე, ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესება ლატვიის ჩემპიონატში გამოდიოდა და თამაშიც ხშირად უწევდათ.  
- ბოლო პერიოდში, ლატვიელთა მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ სტარკოვთან ხომ არ გისაუბრიათ? სრულიად შესაძლებელია, რომ მას, საქართველოს ნაკრების თაობაზე რაიმე ინფორმაციის მიღება სურდა.  
- საერთოდ, როდესაც ლატვიის ნაკრები იკრიბება, ვცდილობ ხოლმე ვარჯიშზე მისვლას მაინც მოვერიდო. თუ შემთხვევით არ შემხვდა სტარკოვი... ისე, მისი თანაშემწეები თითქმის ყოველდღე მეკითხებიან საქართველოს ნაკრების თაობაზე. სხვათა შორის, ლატვიელებს სპეციალისტების ძალიან კარგი ჯგუფი ჰყავთ, რომლებიც თითოეულ მეტოქეს საფუძვლიანად სწავლობენ. ისინი თბილისშიც იყვნენ ჩამოსული. ლატვიელებს საქართველოს თაობაზე სერიოზული ინფორმაცია აქვთ – ნაკრების ყველა მატჩი ნახეს, კარგად იციან ვინ სად თამაშობს და რამდენს, რომელი ფეხბურთელი როგორ მდგომარეობაშია.
- ამჟამინდელი ლატვიის ნაკრები რა დონისაა?
- ბოლო წლებში, ლატვიის ნაკრები ერთ დონეზე თამაშობს და იმის ქვემოთ არ ეცემა. შესარჩევი ციკლის დაწყებამდე, ფიფას რეიტინგში 49-ე ადგილზეც კი იყვნენ. ლატვიელები ადვილად არავის არაფერს დაუთმობენ. სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრები ბოლო მატჩებში შედეგს აჩვენებს. რაც მთავარია, დაცვაში თამაში დალაგდა და მეკარეც საიმედოდ დგას. მე მაინც ვფიქრობ, რომ თანაბარი ძალის გუნდების თამაში გველის.
- თემურ ქეცბაიამ აღნიშნა, რომ ლატვიელებს ტანმაღალი ფეხბურთელები ჰყავთ და სტანდარტულ მდგომარეობებს კარგად იყენებენ. კიდევ რა კომპონენტით გამოირჩევიან?
- მართალი უთქვამს. ლატვიელები სტანდარტული სიტუაციების დროს სახიფათონი არიან და ამ კომპონენტს დიდ ყურადღებას აქცევენ. თუ საქართველოსა და ლატვიის წინა შეხვედრებს გადავხედავთ, გოლების 50 პროცენტი “სტანდარტულიდან” გვაქვს გაშვებული. განსაკუთრებით გამოირჩევა გუნდის კაპიტანი გორკშსი, რომელიც “ქუინზ პარკ რეინჯერსში” თამაშობს. უყვართ მეორე ნომრად თამაში და სწრაფი განაპირა ნახევარმცველები ჰყავთ, რომელთაც ერთი-ერთზე მეტოქის “მოტყუება” შეუძლიათ. გამოვარჩევდი ცაუნიას, რომელიც ნიჭიერი ფეხბურთელია და დღევანდელ ლატვიურ ფეხბურთში “ვარსკვლავად” ითვლება. ვერპაკოვსკისი არ ითამაშებს, რაც საქართველოსთვის პლუსია. თუმცა, ჰყავთ ახალგაზრდა რუდნევი, რომელიც პოლონეთის “ლეხში” გამოდის და ევროპის ლიგაზე ტურინის “იუვენტუსს” 3 გოლი გაუტანა. ვფიქრობ, გახსნილი თამაში და გოლების ფოერვერკი არ იქნება. როგორც იტყვიან, პირველ შეცდომამდე თამაში იქნება.
- საქართველოსთან ვერმოგებამ, შესაძლოა, სტარკოვის სკამი შეარყიოს?
- მისი სკამი შეურყეველია, რადგან დიდი ავტორიტეტი აქვს. სტარკოვის ადგილზე სხვა კანდიდატურა ვერც წარმომიდგენია. მისი ძალიან სჯერათ და გუნდშიც კარგი ატმოსფერო შექმნა. საერთოდ, ამ ადამიანს კარგი კოლექტივის შექმნა შეუძლია.
- საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებული ბოლო მატჩები თუ ნახეთ და ქეცბაის გუნდს რიგაში წარმატების მიღწევის რა შანსი აქვს?
- საბერძნეთთან და ისრაელთან თამაშებს ვუყურე, მალტასთან – არა, რადგან რიგაში არ ვიყავი. სიმართლე გითხრათ, მეც მაინტერესებს რას იზამს საქართველოს ნაკრები.  საჭიროა, დაცვის ხაზში მაქსიმალური ყურადღება, განსაკუთრებით “სტანდარტულების” დროს და მომენტების რეალიზაცია, რომლებიც ბევრი ნამდვილად არ იქნება. სხვათა შორის, მომენტების ვერგამოყენება ლატვიელების “აქილევსის ქუსლია”. საბერძნეთთან შეხვედრაში ვერპაკოვსკისს ასპროცენტიანი შანსი რომ გამოეყენებიან, არავინ იცის თამაში როგორ წავიდოდა. მომავალ თამაშში, პირველ გოლს დიდი მნიშვნელობა ექნება.
- შესარჩევი ციკლის დაწყებამდე, საქართველოს ფედერაციაში განაცხადეს, რომ ლატვიელთა თამაშის ვიდეოფირის მოპოვებაში თქვენი დახმარების იმედი ჰქონდათ...
- წინა შესარჩევ ციკლში, ლატვია ჯგუფში ისრაელთან და საბერძნეთთან ერთად იყო და ლატვიელების მიერ ჩატარებული ყველა თამაშის ვიდეოფირი, რაც მე მქონდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გავუგზავნე. თავის მხრივ, ქართველებმაც გამოუგზავნეს ლატვიელებს საქართველოს ნაკრების მატჩების ვიდეოჩანაწერები. მეტოქეებმა ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან და რაიმე სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ.
- რიგაში, ლატვია-საქართველოს მატჩის მიმართ ინტერესი თუ შეინიშნება?
- ბოლო წლებში, ლატვიის ნაკრების თამაშს გულშემატკივარი ყო¬ველ-თვის ესწრება. ჩემი მობილური ტელეფონი ხომ არ ჩერდება, ყველა ნაცნობს აინტერესებს საქართველოს ნაკრების ამბავი.
- საქართველოს ნაკრებს თუ მოინახულებთ?
- ბიჭებს სასტუმროშიც მოვინახულებ და ვარჯიშზეც წავალ. ბუნებრივია, ქეცბაიასაც გავესაუბრები.

 

ლაშა თაბაგარი

0.116621