ინტერვიუები

13:47 | 11.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე კობახიძე: “ასეთ სიტუაციებში ნაწყენი მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ”

უკრაინის პრემიერლიგის განვლილ ტურში ალექსანდრე კობახიძემ კიევის “არსენალისა და “ობოლონის” მატჩში (4:1) დუბლი შეასრულა, რომელიც მისთვის მიმდინარე სეზონში მეორე აღმოჩნდა. ზამთრის შესვენებამდე მან ორი გოლი ლუგანსკის “ზორიასთან” გაიტანა. საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო. გთავაზობთ კობახიძის ინტერვიუს, რომელიც მან რუსულ ინტერნეტგამოცემა championat.com-ს მისცა.
- გქონდათ იმედი, რომ “ობოლონს” ასეთი ანგარიშით დაამარცხებდით?
- იშვიათად ხდება, როდესაც თამაშამდე მეტოქის დიდი ანგარიშით დამარცხებას ვგეგმავთ (იცინის). ამის შესახებ არც “ობოლონთან” მატჩამდე გვიფიქრია. მთავარია, რომ 3 ქულა ავიღეთ. რა თქმა უნდა, ბევრი გოლის გატანა სასიამოვნოა, მაგრამ ამ ეტაპზე გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია.
- “ლუდისმხარშველებთან” (“ობოლონის” მეტსახელი, ლ.თ.) მატჩში დუბლი შეასრულეთ, ხოლო “გოლი+პასი” სისტემით “არსენალში” ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გაქვთ – 5 გოლი გაიტანეთ და 2 საგოლე პასი გააკეთეთ. ჩემპიონატის დაწყებამდე ფიქრობდით, რომ ასეთი წარმატებული სეზონი გამოგივიდოდათ?
- ცხადია, სასიამოვნო სტატისტიკაა, მაგრამ გუნდში თავს საუკეთესოდ არ მივიჩნევ. ყველა ფეხბურთელი საუცხოო ფორმაშია და შეგვიძლია, ასეთად თითოეული დავასახელოთ. პარტნიორები გუნდური წარმატებისთვის ჩემზე არანაკლებს აკეთებენ. მაგალითად, შაცკიხი რომ არ ყოფილიყო, ოდიბე “ობოლონთან” ორ გოლს ვერ გაიტანდა. ამიტომ, ბოლო პერიოდში გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებაში რომელიმე მოთამაშის გამორჩევა არ შეიძლება. მთლიანად გუნდმა კარგად ითამაშა.
- თქვენთვის შემტევ განაპირა ნახევარმცველად თამაში უფრო მისაღებია თუ გამოკვეთილ თავდამსხმელად?
- ჩემთვის სულერთია, სად ვითამაშებ – მარჯვნიდან თუ მარცხნიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, ფლანგებიდან შეტევა უფრო მომწონს. რა თქმა უნდა, იშვიათ შემთხვევებში დაცვიდან ვთამაშობთ, მაგრამ უფრო ხშირად შემტევ მანერაში ვმოქმედებთ და ასეთ დროს თავს კომფორტულად ვგრძნობ.
- ვისთან ელის ჩემპიონატის ფინიშზე “არსენალს” ყველაზე რთული მატჩი?
- ჩვენთვის თითოეული მატჩი მნიშვნელოვანია. თუმცა, გამოვარჩევდი დონეცკის “მეტალურგთან” გასვლით თამაშს, როდესაც უშუალო დაპირისპირებაში გავარკვევთ, ვის აქვს ევროპის ლიგაში მოხვედრის პრეტენზია.
- შეიძლება ითქვას, რომ “არსენალის” სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის აქვს? მაგალითად, თავად გუნდის კაპიტან მაქსიმ შაცკიხსაც?..
- ჩვენთან დიდი კონკურენციაა. მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ფეხბურთელი სასტარტოში მოიაზრება. დღეს ერთი თამაშობს, ხვალ – მეორე. კონკურენცია ნორმალური მოვლენაა, რომელიც თითოეულ ფეხბურთელს მომატების საშუალებას აძლევს. გაზაფხულზე რთული გრაფიკი გვაქვს, ამიტომ მწვრთნელებს შემადგენლობის ცვლა მუდმივად უწევთ. მხოლოდ მწვრთნელი წყვეტს, სასტარტოში ვინ დააყენოს. კარგი კოლექტივი ვართ – ვინც უნდა გავიდეს მოედანზე, ყველა ბოლომდე იბრძვის.
- არ გწყინთ, როდესაც თადარიგში რჩებით ხოლმე?
- სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არავის უყვარს და გულის სიღრმეში ამით კმაყოფილი არავინაა. თუმცა, ეს ფეხბურთში ნორმალური მოვლენაა. მთავარია, სწორი დასკვნები გააკეთო და ყოველ ვარჯიშზე დაამტკიცო, რომ სასტარტოში თამაშის ღირსი ხარ. ასეთ სიტუაციებში ნაწყენი მხოლოდ საკუთარ თავზე ვარ, ე.ი. რაღაც ისე არ გავაკეთე, როგორც საჭირო იყო.
- როდის დაიწყებს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადებას?
- მაისის შუა რიცხვებში შეკრება და ორი ამხანაგური თამაშის გამართვა გვაქვს დაგეგმილი. ეს შეკრება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისთვის ათვლის წერტილი გახდება.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.116537