დასავლეთლონდონური “ჩელსის” ძლევით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” პრაქტიკულად გაინაღდა მორიგი საჩემპიონო ტიტული, რომელიც ოლდ ტრაფორდელთათვის სარეკორდო გახდება. თუკი ჯერჯერობით “მანიუსა” და “ლივერპულს” 18-18 საჩემპიონო წოდება აქვთ, მალე მანჩესტერელები ენფილდელებს ერთი ტიტულით გაასწრებენ. ინგლისური საამსეზონო პირველობის გადამწყვეტი მატჩი გუშინ, “ოლდ ტრაფორდზე” ჩატარდა და კარლო ანჩელოტის გუნდის დამარცხების შემდეგ, სამოცდაათ წელს მიღწეული სერ ალექს ფერგიუსონი და 22 წლის მექსიკელი ფორვარდი ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო) ერთნაირად ხარობდნენ.
- უშუალო კონკურენტთან მოგებამ მორიგი საჩემპიონო ტიტული უკვე პრაქტიკულად გაგინაღდათ, რამაც ნამატჩევს ძალიან გაგახარათ. ერთია შედეგი, მაგრამ რამდენად კმაყოფილი დარჩით თქვენი გუნდის თამაშით?
- შეხვედრის დასრულებისთანავე, უპირველესად, ბიჭებს ბრწყინვალე თამაშისთვის მადლობა გადავუხადე. 2:1 მოვიგეთ, მაგრამ ვინც მატჩი იხილა, დამეთანხმება, რომ კიდევ რამდენიმე გოლი უნდა გაგვეტანა ლონდონელთა კარში. ბევრი ხელსაყრელი მომენტი შევქმენით. რამდენიმე ეპიზოდში თავისიანები პეტერ ჩეხმა იხსნა. მატჩის უკეთეს დასაწყისს კი ვერც ვინატრებდით. ბურთის გაშვების შემდეგ, მინდორზე მდგომარეობა დაიძაბა და მთლიანობაში რთული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ მოვლენათა სხვაგვარ განვითარებას არც ველოდით. განსაკუთრებით უნდა შევაქო ჩვენი ერთგული გულშემატკივარი. გადამწყვეტ მომენტში ქომაგები მხარში ამოგვიდგნენ, ბოლო 10-15 წუთის განმავლობაში განსაკუთრებით გვიერთგულეს და როგორც ნახეთ, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, მათ თავდახრით მადლობა გადავუხადე. გითხრათ სიმართლე, შეხვედრის დაწყებამდე საყაიმო შედეგსაც ყაბულს ვიყავი, მოგებამ კი საჩემპიონო რბოლა ჩვენ სასარგებლოდ დაასრულა. დარჩენილ ორ მატჩში, თუნდაც ქულის აღება არ გაგვიჭირდება.
- “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად, მალე მეთორმეტედ გახდებით ინგლისური პრემიერლიგის ჩემპიონი. ეს გათამაშება 19-ჯერ ჩატარდა და მხოლოდ შვიდჯერ “დაუთმეთ” პირველობა სხვა გუნდს...
- ბოლო 18 წლის განმავლობაში, “მანჩესტერ იუნაიტედის” ძირითადი კონკურენტები “არსენალი” და “ჩელსი” არიან. მიმდინარე გათამაშებაშიც სწორედ ამ ლონდონურმა კლუბებმა გაგვიწიეს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა. თავდაპირველად, არსენ ვენგერის გუნდი უკეთ გამოიყურებოდა და “არისტოკრატებზე” მეტად მას ვუფრთხოდი, სეზონის ფინიშზე კი “ჩელსიმ” გაიბრძოლა, ჩემპიონობის დათმობა არ სურდა, მაგრამ “ოლდ ტრაფორდზე” გამარჯვებით, ჩვენი კლუბის ისტორიის ახალი ბრწყინვალე ფურცელი შევავსეთ.
- ამიერიდან უმთავრეს აქცენტს 28 მაისს, “ბარსელონასთან” ჩასატარებელ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გააკეთებთ?
- რასაკვირველია, ჩვენი უმთავრესი საზრუნავი ლონდონის “უემბლიზე” გასამართი მატჩია. მომდევნო დღეების განმავლობაში, პეპ გვარდიოლას გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობაზე ვიქნებით კონცენტრირებულნი, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ პრემიერლიგის მომდევნო შეხვედრას “ბლექბერნ როვერსთან” ოდნავ მოდუნებულები ჩავატარებთ. პრემიერლიგის 1995 წლის ჩემპიონები სადღეისოდ გასავარდნ ზონასთან ახლოს იმყოფებიან, ამიტომაც იოლად არაფერს დაგვითმობენ. სერიოზულად მოვეკიდებით მატჩს კიდევ ერთ აუტსაიდერ “ბლექპულთან”. ორივე გუნდი ჩვენი მეზობელი ქალაქების წარმომადგენელია და მანჩესტერელი გულშემატკივრების გასახარად, მათთან მხოლოდ მოგებაზე ვითამაშებთ. ისე კი, მომდევნო მატჩში ჩემპიონობის გამნაღდებელი ქულაც რომ ავიღოთ, ამითაც კმაყოფილი დავრჩები.
- სერ ალექს, საკლუბო მწვრთნელის რანგში იმდენს მიაღწიეთ, ერთბაშად რამდენიმე ავტორიტეტულ სპეციალისტს ეყოფა. წლეულს 70 წელი გისრულდებათ. ხომ არ დადგა დრო, “ოლდ ტრაფორდზე” “იუნაიტედის” საკაპიტნო ხიდურა რომელიმე სხვა დამრიგებელს გადააბაროთ?
- ფეხბურთიდან ჩემი წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა. ვერ გეტყვით, როდის დავანებებ თავს მწვრთნელობას, ერთი რამ კი დანამდვილებით შემიძლია მოგახსენოთ – მომდევნო სეზონშიც “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ვიქნები. რამდენიმე წლის წინ გუნდიდან წასვლის მცდელობა მქონდა, მაგრამ როდესაც დავფიქრდი, ყველაფერი ავწონ-დავწონე, მივხვდი, უფეხბურთოდ რომ ვერ გავძლებდი. მეუღლეც სულ იმას მეუბნება, დამრიგებლობა რომ შეწყვიტო, სახლში ჯდომას მაინც ვერ გაუძლებ და გული კვლავ სტადიონისა და საწვრთნელი ბაზისკენ გაგიწევსო.
გოჩა კაჭარავა