21 იანვარს აფრიკის თასი იწყება და იქ ქართველებისთვის კარგად ნაცნობ ალენ ჟირესსაც ვიხილავთ – მალის ნაკრების მწვრთნელს. 59 წლის ჟირესი 2004-2005 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, 2006-2010 წლებში გაბონს თავკაცობდა, ხოლო 2010 წლიდან მალიშია.
5 წელიწადზე მეტი აფრიკაში... ბევრ ევროპელს უჭირს “შავ კონტინენტზე” დიდხანს გაჩერება, მაგრამ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი იქაურობას ვერ ელევა. ჟირესის მალის ჯგუფში მეტოქეებად ბოტსვანა, გვინეა და ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი განა ჰყავს.
ფრანგისთვის სამწუხაროდ, მალის ნაკრებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლია – მაგალითად, “სევილიის” ფორვარდი ფრედერიკ კანუტე. მალელთა მთავარი ძალა “ბარსელონას” ნახევარმცველი სეიდუ კეიტაა.
ახლა კი, ჟირესის ინტერვიუ, რომელიც აფრიკის თასის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა:
- როგორია თქვენი მოლოდინი?
- რამდენიმე ელემენტი მაქვს ხელში, რაც ტურნირისთვის გამომადგება. გაბონის ნაკრები სხვა იყო, მალიში კი სხვა სიტუაციაა. გაბონი ტურნირზე მონაწილეობითაც კმაყოფილი იყო, მალის კი შორს წასვლის ამბიცია აქვს.
- საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა რთული იყო?
- ეს უკვე წარსულია, ჩვენ ფინალური ეტაპი გვეწყება და მაქსიმუმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ანუ ტიტულისთვის. ვფიქრობ, სხვაგვარი პასუხი რომ გამეცა, მართალი არ ვიქნებოდი.
- სისოკო, კულიბალი, კანუტე – ეს ფეხბურთელები დაგაკლდებათ და როგორ ფიქრობთ, გუნდის პოტენციალზე რამდენად იმოქმედებს?
- რატომ უნდა მეშინოდეს? დანაკლისს უკვე შევეჩვიეთ. ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან ზოგს ტრავმა აქვს, ზოგი ნაკრებიდან წავიდა. მართალია, სისოკოს შეცვლა ძნელია, მაგრამ არ ვწუწუნებ.
- და ვინ იქნება ნაკრების ლიდერი?
- სეიდუ კეიტა მშვენიერი ხელმძღვანელია მინდორზე. სედრიკ კანტე ჩვენი მორალური ლიდერია. მათ ახალგაზრდებისთვის გამოცდილების მიცემა შეუძლიათ, მინდორზე არაფერს ზოგავენ, აქვთ ტაქტიკური აზროვნება და მაღალი ტექნიკა.
- ანუ, მალის ხელში უჭირავს გასაღები, რასაც მეტოქეთა კარს მოარგებს და ჩემპიონი გახდება?
- ეს გასაღები ყველას აქვს, მაგრამ მთავარია, ვინ როგორ გამოიყენებს. საინტერესოა, ყველა ურდულისთვის თუ გვეყოფა გასაღები... დიდ მადლობას მოვუხდი იმ ადამიანს, რომელიც ნებისმიერი მეტოქის კარის ურდულს გამაღებინებს.
- თქვენს ჯგუფს სუსტს ვერ დავარქმევთ. ერთ-ერთი მეტოქე განაა.
- რა თქმა უნდა, განა განსაკუთრებული გუნდია, თუმცა ჩვენ ყველა მეტოქესთან მაქსიმალური კონცენტრაციით ვითამაშებთ. აფრიკის თასს სიურპრიზები ჩვევია, ასე რომ, ვიცით, რა დონის ტურნირზე გავდივართ.
ცნობისთვის, აფრიკის თასს ეკვატორული გვინეა და გაბონი მასპინძლობენ. ვნახოთ, აჭარბებს თუ არა ჟირესი... ისე კი, მალის ფავორიტებში არავინ მოიხსენიებს.
ილია ნანობაშვილი