თურქული "სამსუნსფორის" ქართველმა მცველმა აკაკი ხუბუტიამ საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებთა ამხანაგურ მატჩში კვლავ ძირითადში ითამაშა. ეს მისი მეშვიდე მატჩი იყო `ჯვაროსნებში", ხუბუტიას მანამდე ტრავმის გამო გაუცდა ლატვიასთან და მალტასთან შეხვედრები, ხოლო საბერძნეთთან მატჩში შემადგენლობაში ვერ მოხვდა.
"მსოფლიო სპორტი" ხუბუტიას დაუკავშირდა და სანაკრებოს გარდა, საკლუბო თემაზეც ესაუბრა:
- ჯერ მოლდოვასთან მატჩზე. როგორ შეაფასებდით, რა მხრივ იყო სასარგებლო ეს თამაში?
- ფსიქოლოგიურ ასპექტში საჭირო მოგება იყო. ძალიან მოწყურებულები ვიყავით გამარჯვებას და ვფიქრობ, მოლდოვას ყველანაირად ვაჯობეთ. მონდომება ერთია და მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ კლასითაც მოლდოვაზე მაღლა ვიდექით.
- პირადად თქვენს თამაშზე რას იტყვით?
- "სამსუნსფორში" ბოლო პერიოდში თამაში არ მიწევს, თუმცა ვფიქრობ, მოლდოვასთან ნორმალურად გამოვიყურებოდი. რა თქმა უნდა, საკუთარ თავს მეტს ვთხოვ. უნდა მოვუმატო და დავეხმარო ნაკრებს.
- თუმცა, მოლდოვასთან მაინცდამაინც ბევრი საქმე არც გქონიათ...
- ეს ფაქტორიც იყო. მოლდოვასთან მატჩს ხორვატებთან შეხვედრებს ვერ შევადარებ. განსაკუთრებით, ხორვატიაში იყო მძიმე ბრძოლა, როცა 90 წუთის განმავლობაში, ფაქტობრივად, საკუთარ საჯარიმოში ვებრძოდით მეტოქეს. მოლდოვასთან სხვა იყო, აქ შევუტიეთ და თამაში ვაჩვენეთ.
- განვლილ შესარჩევ ციკლს თვალი რომ გადავავლოთ, რეალურად შეეძლო ნაკრებს უკეთესი შედეგის ჩვენება? რეალურად და არა წარმოსახვაში...
- როგორ არ შეგვეძლო?! ვფიქრობ, მესამე ადგილზე გასვლაც შეიძლებოდა. არა მგონია, ისრაელი ერთი თავით მაღლა იდგეს ჩვენს ნაკრებზე. თუნდაც ის ფაქტი ავიღოთ, რომ ისრაელმა ხორვატიასთან და საბერძნეთთან თამაშებში ქულაც ვერ აიღო, ჩვენ კი, 4 ქულა მოვიპოვეთ. ლატვიას აშკარად ვაჯობეთ შინ, მაგრამ წავაგეთ. ფეხბურთია და ზოგჯერ ხდება, როცა კარგ თამაშს აჩვენებ და შედეგს ვერ აღწევ. ხორვატიას რომ მოვუგეთ, არ დაგვავიწყდება. კი, უმეტესი დრო დაცვაში გავატარეთ და ერთხელ დავარტყით კარში, მაგრამ ხიფათს სხვა მომენტებშიც ვქმნიდით. ყოველ შემთხვევაში, ისე არ ჩავკეტილვართ, როგორც ხორვატიაში მოხდა. ერთსულოვნება იყო ნაკრებში და ყველა ერთი ფიქრით ვიყავით დამუხტულები – შედეგისთვის მიგვეღწია და ხალხი გაგვეხარებინა.
- კი, მაგრამ ეს ერთსულოვნება მომდევნო მატჩებში გაქრა?
- არ გამქრალა, მაგრამ ზოგჯერ მარტო ერთსულოვნება არ კმარა. ნებისმიერ მატჩში უნდა ვეცადოთ, რომ კარგი თამაში თუ არა, შედეგი მაინც ვაჩვენოთ.
- ბოლო პერიოდში თემურ ქეცბაიას მიმართ ბევრი კრიტიკა ისმის. ყველაზე მთავარი - ფეხბურთელებთან ურთიერთობის პრობლემა აქვსო. რას იტყვით?
- ყველა ადამიანი ემოციურია. ზოგი გამოხატავს, ზოგი – ვერა. ქეცბაია ჩემს მიმართაც ყოფილა ემოციური, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ჩემთვის. ზოგს, ეტყობა, ხელი ეშლება და ვერაფერს გეტყვით. 17 წლის ასაკიდან უცხოეთში ვთამაშობ და ვხვდები, რას ითხოვს ქეცბაია. მწვრთნელი რასაც გეტყვის, უნდა ეცადო, რომ შეასრულო. მე ასე მესმის.
- ქეცბაიას, როგორც მწვრთნელის, მთავარი პლუსი რა არის?
- სამართლიანობა. ფეხბურთელს არ დაჩაგრავს. ჩემს მაგალითზე ვიტყვი: სანამ რუმინეთის "გაზ მეთანში" გადავიდოდი და რეგულარულად თამაშს დავიწყებდი, ერთხელაც არ მითქვამს, ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ და რატომ არ მიძახებენ-მეთქი. ქეცბაიამ მაშინ გამომიძახა და მენდო, როცა რუმინეთში ავთამაშდი და კარგი პრესაც მქონდა. დანარჩენს კი, ნაკრების შეკრებაზე ხედავს, ვინ როგორ ფორმაშია და კონკრეტული თამაშისთვის ვინ ურჩევნია. ხომ ყველამ იცის, იყო პერიოდები, როცა ალეკო ამისულაშვილს, მალხაზ ასათიანსა და რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებს არ იძახებდნენ ნაკრებში. ასე აღარ ხდება. ღმერთი ხედავს და როცა სამართლიანად იქცევი, გაგიმართლებს კიდეც.
- ხშირად გამიგია, ქეცბაია ფეხბურთელებისთვის საბრძოლო განწყობის შექმნაში ძალიან ძლიერიაო...
- ეს პირველად შარშან, სლოვენიასთან მატჩის წინ ვიგრძენი. ჩემი სადებიუტო თამაში იყო და იმიტომ. სასწაულად დაგვმუხტა. ეს თვისება ქეცბაიას ნამდვილად აქვს და ვფიქრობ, მწვრთნელისთვის უკვე დიდი პლუსია.
- ახლა "სამსუნსფორზეც". მე-4 ტურში გოლი გაიტანე და მას შემდეგ მხოლოდ ერთ მატჩში ითამაშე, ისიც - შეცვლაზე. რატომ?
- არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ბოლოსწინა ადგილზე ვართ და ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ. ესე იგი, რაღაც უსამართლობა ხდება. ამას თურქული პრესაც აღნიშნავს.
- მწვრთნელის გაშვებაზე არაა საუბარი?
- არის და თანაც, საკმაოდ სერიოზული. ბოლო მატჩისას 20000 გულშემატკივარი თითქმის ერთხმად მოითხოვდა მის გადადგომას.
- რუმინეთისა და თურქეთის ჩემპიონატს როგორ შეადარებდით? თამაშის სპეციფიკაში რა განსხვავებებია?
- რუმინეთში უფრო ჩაკეტილი თამაშებია, დაზღვევები, დაცვის ორგანიზება. თურქეთში შემტევი ფეხბურთია. ვფიქრობ, თურქეთის სუპერლიგა ევროპის შვიდ საუკეთესო ჩემპიონატს შორისაა. აქ ერთი სეზონით ვარ განათხოვრებული და 25 წლის ფეხბურთელისთვის ცუდი ნამდვილად არაა. იმედია, სიტუაცია შეიცვლება და თამაში მომიწევს.
ილია ნანობაშვილი