ინტერვიუები

10:20 | 28.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი ხუბუტია: ”ნაკრები ჩემი ტკივილია – შანსს ვერ ვეღირსე”

რუმინეთის ლიგა 1 (უმაღლესი) დაიწყო და ქართველმა ცენტრალურმა მცველმა აკაკი ხუბუტიამაც, სეზონი მოგებით გახსნა. ხუბუტიას მედიაშის “გაზ მეთანმა”, სტუმრად 3:2 აჯობა ლიგაში წლეულს გადასულ “ბრანეშტის”, ქართველმაც სრულად ჩაატარა მატჩი და პირველ ტაიმში გაფრთხილება მიიღო. შეხსენებისთვის, ხუბუტია პირველი ქართველი ფეხბურთელია რუმინეთის უმაღლეს ლიგაში, მისმა “გაზ მეთანმა”, შარშან ცხრილის შუაში, მე-10 ადგილზე დაასრულა სეზონი და აკაკიც მუდმივად მინდორზე იყო.
“მსოფლიო სპორტი” ხუბუტიას რუმინეთში დაუკავშირდა:
- ჩემპიონატი კარგად დაიწყეთ. სტუმრად მოგება პირველივე ტურში...
- “ბრანეშტი” წლეულს გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში, მაგრამ ცუდი გუნდი ნამდვილად არაა. კარგია, რომ მოვიგეთ, თუმცა ისიცაა, ორი გოლი გავუშვით: პირველ ტაიმში მეკარემ პენალტი “აიკიდა”, ბოლო წუთზე კი, ჩვენი მარჯვენა მცველი ხელოვნური თამაშგარის მცდელობისას ჩარჩა და ასე გავუშვით მეორე ბურთი, რომელსაც თითქმის აღარაფერი შეუცვლია.
- “გაზ მეთანი” ამ სეზონში უკეთესი გუნდი იქნება?
- ასე ჩანს. რამდენიმე ფეხბურთელი დაგვემატა, მათ შორის, ბოსნიელი ფორვარდი აგანოვიჩი შვეიცარიის “ქსამაქსიდან”. “ბრანეშტისთან” ორი გოლი შეაგდო ბრაზილიელმა პერეირამ, რომელიც შარშანაც გვყავდა. კარგი ფეხბურთელია, გოლების გატანა ეხერხება.
- და რა მიზნები აქვს გუნდს?
- რვა საუკეთესოში მოხვედრა.
- “ბრანეშტისთან” თქვენს თამაშს როგორ შეაფასებთ?
- ნორმალურად ვითამაშე, მწვრთნელიც კმაყოფილი დარჩა ჩემით.
- კვლავ მარცხენა ცენტრალურ მცველად თამაშობთ?
- დიახ. მარჯვენა ცენტრალურ მცველად კი მირჩევნია, მაგრამ არც ესაა პრობლემა: ორივე ფეხს ვხმარობ და არ მიჭირს.
- თქვენს პოზიციაზე რამდენად დიდი კონკურენციაა?
- დაცვის ცენტრში მე და ერთი ასაკოვანი რუმინელი ვთამაშობთ. ორი სერბი მცველია ჩემი კონკურენტი.  
- ქალაქ მედიაშში რამდენად უყვართ ფეხბურთი, ტრიბუნები ივსება?  
- გასულ სეზონში გულშემატკივრების ნაკლებობას არ ვუჩიოდით. ახლა კი, მეზობელ ქალაქ სიბიუში ვთამაშობთ საშინაო მატჩებს. საქმე ისაა, რომ ჩვენ სტადიონს რეკონსტრუქცია უტარდება და ოთხი თვე სიბიუში ჩავატარებთ შეხვედრებს.
- მედიაში ყველაზე პატარა ქალაქია, რომელსაც რუმინეთის ლიგა 1-ში გუნდი ჰყავს?
- არა, ყველაზე პატარა ურზიჩენია, რომლის “უნირეაც” შარშან ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდა.
- რუმინეთის ჩემპიონატის სპეციფიკაზე რას იტყვით?
- გამოუცნობი ჩემპიონატია, გასულ სეზონში კი დაძაბულობა პიკზე იყო. ეს ცხრილსაც ეტყობოდა. ხუთი ტური იყო დარჩენილი და ექვსი გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის. აქ ყველა ყველას ბოლომდე ეთამაშება და ცალკარა თამაშები თითქმის არაა. არ უნდა მოდუნდე. ისე, ძალიან დინამიკური და სწრაფი თამაშებია.
- ალბათ, კლუბის შეცვლაზე არც ფიქრობთ.
- თუ უკეთესი ვარიანტი იქნება, რატომაც არა?! აქაურ პრესაში დაიწერა, ხუბუტიათი ბუქარესტის “რაპიდი” დაინტერესდაო. ასეთ გუნდზე უარს არ ვიტყვი. მითუმეტეს, აქ ფინანსურად კმაყოფილი არ ვარ.
- “რაპიდზე” მხოლოდ პრესაში დაიწერა, თუ რამე კონკრეტული ქმედებაც მოჰყვა?
- ჯერ ისეთი არაფერი. ისე კი, უკრაინულ ვარიანტებზე მეუბნებიან, მაგრამ ჯერ არ მინდა იქ წასვლა. ჩემმა მენეჯერმა, გერმანიის კლუბებზეც ვიმუშავებო და ვნახოთ...
- ეს კარგი, მაგრამ ხუბუტიას, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არ ეძახიან. ამაზე რას იტყვით?
- ეტყობა, ეგ მიწერია. რა ვთქვა, რაც აქამდე არ მითქვამს? რუმინეთის არააუტსაიდერ გუნდში მუდმივად ვთამაშობ, ჩემ პროფესიონალურ საქმეს მივყვები და არ მეგულება ადამიანი, რომელიც ჩემზე იტყვის, ურეჟიმოაო, ან მსგავსი რამ... ახალგაზრდულ ნაკრებში როცა მიწვევდნენ, სიხარულით ჩამოვდიოდი, მცველმა 5 მატჩში 2 გოლი გავიტანე, მაგრამ ბოლოს აღარ მეძახოდნენ.
- ძალიან ნაწყენი ჩანხართ...
- უბრალოდ, გული მწყდება. 16 წლის ვიყავი, უფროსებში რომ ვთამაშობდი და ჩემს ასაკში ერთ-ერთ საუკეთესოდ ვითვლებოდი. სანამ რუმინეთში მოვხვდებოდი, “კაუნასში” ისეთი წინაღობები გადავიტანე, არავის ვუსურვებ. კაუნასელებს უნდოდათ, სამუდამოდ მათთან მეთამაშა, ათასი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო. მადლობა ღმერთს, ძლიერი ხასიათი მაქვს. კარგი იქნება, ეს ნაკრებიდან მიფასდებოდეს. თუ არადა, რას ვიზამ, ჩემ პროფესიონალურ კარიერას არ გადავუხვევ და კლუბში მუდმივად ვეცდები დავამტკიცო, რომ ჩამოსაწერი არ ვარ.

ილია ნანობაშვილი
 

0.122531