ინტერვიუები

9:54 | 7.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ადრიანო: "როდესაც "ბარსაში" მიდიხარ, პირველყოვლისა "ელ კლასიკოზე" ფიქრობ"

ბრაზილიელი ადრიანო კორეა, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშით დიდად განებივრებული არაა, კატალონიურმა “ბარსელონამ” ახალი სეზონის დაწყებამდე 9,5 მილიონ ევროდ შეიძინა და 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. 26 წლის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი, რომელსაც თამაში დაცვისა და ნახევარდაცვის ფლანგზე შეუძლია, 2005-2010 წლებში “სევილიაში” გამოდიოდა. ადრიანომ ანდალუზიელთა შემადგენლობაში 216 შეხვედრა ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. 2006 და 2007 წლებში, მან გუნდთან ერთად უეფას თასი მოიპოვა. “ბარსელონას” ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბრაზილიელმა განაცხადა, რომ პრიმერადივიზონისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს.
- “ბარსელონაში” ყოფნა რამდენად მოგწონთ?
- ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ. ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ და კლუბთან ერთად სეზონში პირველი ჯილდო მოვიგე. თამაშის საშუალება მეძლევა და გარშემომყოფები ჩემს მიმართ კარგად არიან განწყობილნი, რისთვისაც მათი მადლობელი ვარ. გარდა ამისა, ბარსელონა საუცხოო ქალაქია, რომლის დათვალიერებაც უკვე მოვასწარი და კმაყოფილი დავრჩი.
- ასე რომ, დასაწყისი კარგი აღმოჩნდა...
- სეზონი კარგად დავიწყეთ. ანგარიშიდან გამომდინარე, ხალხს შეიძლება მოეჩვენოს, რომ სანტანდერში იოლი გასეირნება გვქონდა, მაგრამ ეს, სიმართლესთან ახლოსაც კი არაა. რთული გასვლითი თამაში ჩავატარეთ და მოედანზე ყველაფერი ასე უბრალოდ იმიტომ ჩანდა, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებულნი ვიყავით. მატჩის ბედიც ამან გადაწყვიტა.
- ასეთ სტარტს ელოდით?
- ვიცოდით, რომ კარგი სტარტის აღება შეგვეძლო – ბიჭები ძალიან დამუხტულნი იყვნენ და თავდაჯერებაც არ გვაკლდა. მუნდიალიდან დაბრუნებული ფეხბურთელები, კიდევ უფრო ტიტულებს მოწყურებულნი გამოიყურებიან, რაც გაიძულებს მეტად თავდაუზოგავად იმუშაო. ახალწვეულებმა უნდა მიბაძონ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც აქ მათზე დიდი ხანი გაატარეს და ასევე, მოტივაციის შენარჩუნებაში დაეხმარონ.  
- საინტერესოა, როგორ უნდა მოახდინო საკუთარი თავის მოტივირება, როდესაც უკვე ყველაფერი მოიგე?
- ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძნელია, როდესაც იმარჯვებ და შემდეგ კიდევ იბრძვი, რათა კვლავ გაიმარჯვო. პირველყოვლისა, რაც უნდა გააკეთო – ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრო და ფოკუსირება ტიტულების მოგებაზე მოახდინო, რადგან ფეხბურთელის კარიერას, მის მიერ მოპოვებული ჯილდოები განსაზღვრავს – ისტორიას ხომ მხოლოდ გამარჯვებულები ახსოვს. მიხარია, რომ იმ გუნდის ნაწილი ვარ, რომელმაც უკვე ამდენი რამ მოიგო და გამარჯვება კიდევ სურს. ეს, უფრო ძლიერს გვხდის.
- ყველაზე მეტად, რომელი ჯილდოების მოგება გინდათ?
- საკლუბო დონეზე არის მხოლოდ ორი ტურნირი, რომლებშიც მონაწილეობა მივიღე და არ გამიმარჯვია – ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. აღნიშნული ტურნირების მოგება ყველაზე მეტად მინდა და ვფიქრობ, “ბარსას” ამის გაკეთება შეუძლია.  
- გამარჯვებებისთვის “რეალის” გამოწვევა უნდა მიიღოთ. ეს, გაღელვებთ?
- მე “ბარსაზე” ვარ კონცენტრირებული. საქმის კურსში ვართ, რომ “რეალი” რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერდა და მათ შემადგენლობაში არიან მოთამაშეები, რომლებსაც თამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. თუმცა, უპირატესობას თანაკლუბელებთან ერთად თავდაუზოგავ მუშაობას ვანიჭებ და ვფიქრობ, წარმატება გველის. “ბარსას” გამარჯვებების სერიის გაგრძელება, უბრალოდ, ფანტასტიური იქნებოდა.
- “ელ კლასიკოში” მონაწილების შესაძლებლობა, დამატებით ძალებს გმატებთ?
- რა თქმა უნდა. როდესაც “ბარსაში” მიდიხარ, პირველყოვლისა, “ელ კლასიკოზე” ფიქრობ. იმედი მაქვს, რომ აღნიშნული შეხვედრისთვის მწვრთნელის განკარგულებაში ვიქნები. ეს განსაკუთრებული თამაშია, როდესაც ყურადღების ცენტრში ექცევი და კარგია, თუ თავის გამოჩენის უნიკალური შანსი მომეცემა.
- ახლა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და გუნდი ჩამოყალიბებული, მის შემადგენლობას როგორ აფა¬სებთ?
- ჩემი აზრით, საუცხოო შემადგენლობა გვყავს. “ბარსამ” ამ ფეხბურთელებთან ერთად ყველაფერი მოიგო და ვფიქრობ, მთავარი მწვრთნელი ისე გააკეთებს, რომ თითოეულმა, გუნდის ნაწილად ვიგრძნოთ თავი, რაც თამაშზე პოზიტიურად აისახება.  ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერ მომენტში მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მოგვეცემა. საუცხოოა, როდესაც მწვრთნელმა იცის, რომ მოედანზე გამოსული ყველა ფეხბურთელი 100 პროცენტით დაიხარჯება.
- გვარდიოლაზე რა აზრის ხართ?
- ბავშვობისას, “ბარსას” შეხვედრებს ვუყურებდი და ის ჩემთვის ნამდვილი სუპერვარსკვლავი იყო. ახლა, როდესაც გავიცანი, მის შესახებ მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია – იგი საუცხოო ადამიანია. დანი ალვეში და სეიდუ კეიტა მიყვებოდნენ გვარდიოლას შესახებ და ახლა თავად დავრწმუნდი მათი სიტყვების სიმართლეში. ის ძალიან თბილად გვეპყობა და მამასავითაა, რაც გუნდს უფრო აძლიერებს. მე თითოეული მწვრთნელისგან რაღაცას ვსწავლობ. გვარდიოლასგან უკვე ბევრი რამ ავითვისე, პირველყოვლისა, ტაქტიკური თვალსაზრისით, რასაც ის ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს.   
- უნივერსალიზმი თქვენი უმთავრესი  კოზირია?
- ვფიქრობ, ასეა. განვლილ წლებში, როგორც დაცვაში, ასევე შუა ხაზში თამაში ბევრ პოზიციაზე მომიწია. მზად ვარ, რომ მთავარი მწვრთნელის მოთხოვნები შევასრულო და იქ ვითამაშო, სადაც გუნდს სჭირდება.  
- ყველაზე კომფორტულად, თავს რომელ პოზიციაზე გრძნობთ?
- ძალიან მიყვარს მარცხენა ფლანგზე თამაში. ამ ადგილზე “სევილიაში” ვთამაშობდი და როდესაც ალვეში “ბარსაში” გადავიდა, მარჯვენა ფრთაზე გადავედი.
- როდესაც “ბარსელონას” ინტერესის თაობაზე შეიტყვეთ, რას გრძნობდით?
- ეს საუკეთესო სიახლე იყო მათ შორის, რომელიც შეიძლება გამეგო. მეცხრე ცაზე ვიყავი სიხარულით, როდესაც შევიტყვე, რომ “ბარსელონამ” ჩემს თაობაზე “სევილიას” წინადადებით მიმართა და ეს უკანასკნელი, ტრანსფერის განხორციელებას დათანხმდა. მხოლოდ ჩემი თანხმობა იყო საჭირო და არც დავფიქრებულვარ, გადაწყვეტილება ისე მივიღე. მას მერე, რაც ალვეში “ბარსაში” გადავიდა, ჩემი შვილი კატალონეილთა “ფანი” გახდა და მას უზომოდ გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მეც ამ კლუბში ვითამაშებდი.
- კლუბში მყოფ არცთუ ბევრ უცხოელს შორის, ერთ-ერთი ხართ. რას ფიქრობთ “ბარ-სელონას” პოლიტიკაზე ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობასთან დაკავშირებით?
- “ბარსელონაში” ახალგაზრდებთან ბევრს მუშაობენ. მოსამზადებელ პერიოდში ფარმ-კლუბის ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში მომიწია და დავრწმუნდი, რომ ნებისმიერ მათგანს, პირველ გუნდში თამაში შეუძლია. ეს ისაა, რაც ტოპ-კლუბებმა უნდა გააკეთონ – თავისი ფეხბურთელები აღზარდონ და თანხები დაზოგონ.  
- მართალია, რომ ბრაზილიაში, სანამ პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდები, ჯერ მინი-ფეხბურთს უნდა თამაშობდე კარგად?
- შესაძლოა, მსგავსი რამ უფრო აქტუალური წარსულში იყო, ვიდრე ახლა, მაგრამ მინი-ფეხბურთის თამაში დრიბლინგსა და ბურთის ფლობაში ოსტატობას გმატებს.
- მინი-მოედნებზე თამაში თქვენც მოგიწიათ?

- თავდაპირველად, პატარა მოედნებზე “ხუთი-ხუთზე” ვთამაშობდი, რაც ჩემს ბავშვობაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. პატარაობაში მინი-ფეხბურთს თამაშობ, ხოლო როდესაც 13, ან 14 წლის ხდები, დიდ ფეხბურთში გადადიხარ.
- კატალონიურს უკვე სწავლობთ?
- საფუძვლიანად სწავლას მაშინ დავიწყებ, როდესაც ჩემი შვილი სკოლაში წავა და ყველა საყოფაცხოვრებო პრობლემას მოვაგვარებ.
- წრუმორწმუნე ხართ?
- საერთოდ, არა.
- 21-ნომრიანი მაისური თავად აირჩიეთ, თუ კლუბმა მოგცათ?
- მე ავირჩიე, რადგან ეს ნომერი მომწონს.
- ბავშვობაში თქვენი კერპი ვინ იყო?
- რობერტო კარლოსი. მე მის პოზიციაზე ვთამაშობდი და ამ ფეხბურთელით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი.  
- საუკეთესო გოლი, რომელიც კარიერაში გაგიტანიათ?
- 2007 წელს უეფას თასის ფინალში “ესპანიოლის” კარში გატანილი ბურთი. ის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს კიდევ იმიტომ, რომ მაშინ, ტრავმა ახალი მორჩენილი მქონდა.  


მოამზადა ლაშა თაბაგარმა

 

0.106984