სხვა

20:22 | 10.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კოშკაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა

ქართველმა ბატუტზე მხტომელმა თენგიზ კოშკაძემ წარმატებულად იასპარეზე აშშ-ში, კერძოდ კი, ფლორიდულ დეიტონა ბიჩში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მე-6 ადგილი დაიკავა.

ვაჟთა საკვალიფიკაციო ეტაპზე ზუსტად 100 მონაწილე ჩაება, კოშკაძემ კი 103.965 ქულა მოაგროვა და 25-ე შედეგი აჩვენა. ნახევარფინალში 26 მოწინავე გადიოდა, ამდენად, საგზური თენგიზსაც ერგო.

ნახევარფინალიდან ფინალში 8 საუკეთესო სპორტსმენი შედიოდა, კოშკაძემ კი 57.990 ქულა მიითვალა და სწორედ მე-8 მაჩვენებელი აღმოჩნდა. ფინალში თენგიზმა კიდევ უფრო წინ წაიწია და 57.965 ქულით მე-6 საფეხური დაიკავა, რაც ჩინებული მაჩვენებელია.

ბატუტზე ხტომაში ბადალი არ ჰყავდათ ჩინელებს ქსიაო ტუს და დონ დონს ჰქონდათ, რომელთაც პირველ-მეორე ადგილები გადაინაწილეს, ბრინჯაო კი ბელარუს ვლადისლაუ ჰანჩაროვს ერგო.

ისიც ვთქვათ, რომ ვაჟთა შეჯიბრის საკვალიფიკაციო რაუნდში კიდევ ერთმა ქართველმა გიორგი ფუტკარაძემაც იასპარეზა, რომელიც 64.235 ქულით 82-ე იყო და ცხადია, ფინალში არ გასულა.

სინქრონულ ხტომებში კოშკაძემ და ფუტკარაძემ 82.200 ქულა მიითვალეს და 33 წყვილს შორის მე-19 ადგილი დაიკავეს. ფინალში 8 საუკეთესო დუეტი აღმოჩნდა, ოქროს მედლები კი ამ შემთხვევაშიც ჩინელებს – ტუს და დონს ერგოთ.

59 მონაწილე ჰყავდა ქალთა ტურნირს. თამარ კაკაშვილმა 89.245 ქულით 36-ე პოზიცია დაიკავა, ნანა გოგაშვილმა კი 73.930 ქულით – 50-ე. ჩემპიონი ჩინელი ლინლინ ლიუ გახდა.

სინქრონულ ხტომებში გოგაშვილმა და კაკაშვილმა 80.000 ქულით მე-12 შედეგი აჩვენეს, კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე კი აქაც ჩინელები – ლიუ და მენ ლი შედგნენ.

10-17 ნოემბერს ძალებს ახალგაზრდები და ჭაბუკები სცდიან, საქართველოს სახელით კი ანა ოდიშვილი, თეონა ჯანჯღავა, ქრისტინე სორდია და ზურაბ ნოზაძე იასპარეზებენ.

ნაკრებ გუნდებთან ერთად ამერიკაში იმყოფებიან მწვრთნელები – ზაქარია სულაშვილი და ლია ხრიკული. მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯადაა მიწვეული ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი – რუსუდან ხოფერია.

0.113516