“ფილადელფია 76”-ისა და რუსეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი უკანახაზელი ალექსეი შვედი 2014-15 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ნბა-დან ევროპაში დაბრუნებას აპირებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი slamdunk.ru ავრცელებს. იგივე საიტის განცხადებით, შვედი უკმაყოფილოა სათამაშო დროით, რომელიც მას ფილადელფიაში ეძლევა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპული კლუბები შვედს იმაზე არანაკლებ თანხას თავაზობენ, რასაც ოკეანის გაღმა იღებს, გამორიცხული არაა, ალექსეი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ძველი კონტინენტის” რომელიმე გუნდში ვიხილოთ.
“ფილადელფია 76”-ში ჩატარებულ 17 შეხვედრაში შვედმა საშუალოდ 9,9 ქულა და 2,7 შედეგიანი პასი დააგროვა.