ფეხბურთი

9:59 | 17.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიჟური მატჩი “მესტალიაზე”

ესპანეთის თასის 1/16 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ბევრი გოლი გავიდა. გუშინ 4 შეხვედრა გაიმართა და განსაკუთრებული სანახაობა გულშემატკივარმა “მესტალიაზე” იხილა, სადაც ბოლო წუთამდე უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა და 8 გოლი გავიდა.

პირველი მატჩი “ვალენსიას” მადრიდში 2:1 ჰქონდა მოგებული და საშინაო მატჩში ზედმეტ პრობლემებს ნაკლებად ელოდა ვინმე. განსაკუთრებით იმიტომ, რომ კვირას “ღამურებმა” “რაიო ვალეკანო” ლა ლიგაში გაანადგურეს შინ (3:0). სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა პაკო ხემესმა წინა ორი შეხვედრიდან სწორი დასკვნები გამოიტანა და გუშინ მისმა შეგირდებმა სულ სხვა თამაში ანახეს. საპირისპირო შეიძლება ითქვას ნუნუ ესპირიტო სანტოზე, რომელმაც თითქმის მთელი შემადგენლობა, განსაკუთრებით კი დაცვის ხაზი გადაახალისა და ამის გამო, მისი გუნდი კინაღამ გამოვარდა თასიდან.
ანგარიში მე-8 წუთზე პაკო ალკასერმა გახსნა და ამის შემდეგ უფრო რთული წარმოსადგენი გახდა, რომ სტუმრებს ღირსეული წინააღმდეგობა გაიწიათ მეტოქესთვის. თუმცა, ყველაფერი საპირისპიროდ წარიმართა და მე-20 წუთიდან მოყოლებული სტუმრებმა 3 გოლი გაუტანეს “ღამურების” სათადარიგო მეკარე იოელს.

“ლოს ჩეს” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ორი გოლი სჭირდებოდა და პორტუგალიელმა მწვრთნელმა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე სამმაგი შეცვლა განახორციელა და მოედანზე პიატი, დე პაული და ნეგრედო შემოუშვა. ცვლილებამ უმალ გაამართლა და 46-ე წუთზე ნეგრედოსა და პიატის აქტიურობის შემდეგ მორსილიომ ავტოგოლი გაიტანა. “ღამურები” მთელი ძალით მიაწვდნენ მეტოქეს, მაგრამ აქეთ გაუშვეს 61-ე წუთზე ემბარბამ მეოთხედ დაამწუხრა იოელი და მასპინძელთა საქმე ძალიან დაამძიმა. 65-ე წუთზე უკვე როდრიგომ იაქტიურა მარჯვენა ფლანგზე, მის ჩაწოდებულს დე პაული გამოეხმაურა, ბურთი ძელმა აისხლიტა, მაგრამ იქვე ალკასერი გაჩნდა და დუბლი გაიფორმა. უკვე 6 წუთში გოლი როდრიგომაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილ დროში კიდევ არაერთი საინტერესო რამ მოხდა, 81-ე წუთზე როდრიგომ მეორე ყვითელი მიიღო და მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ. მადრიდელებს რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შეექმნათ, მაგრამ “ღამურებს” გაუმართლათ. “ვალენსიამ” შემდეგი ეტაპის საგზური უმძიმეს ბრძოლაში მოიპოვა – 4:4.

რასაკვირველია არანაირი პრობლემა არ შექმნია კატალონიურ “ბარსელონას”, რომლის მეტოქეც მე-3 დივიზიონის “უესკა” იყო და პირველი მატჩი 4:0 ჰქონდა მოგებული გასვლაზე. “ბლაუგრანამ” ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ ორი მოთამაშე ხავიერ მასკერანო და ანდრეს ინიესტა დააყენა. შემტევი ვარსკვლავური ტრიოს არ ყოფნის პირობებში, ლიდერობა თავის თავზე პედრო როდრიგესმა აიღო და პირველ ნახევარში ჰეთ-თრიკი შეასრულა. მის გარდა, პირველ ნახევარში თავისი გოლების გატანა სერხი რობერტომ და ანდრეს ინიესტამ მოახერხეს.

მეორე ნახევარში ლუის ენრიკემ თავის გამოჩენის საშუალება დუგლასს, ტრაორესა და სანდრო რამირესს მისცა. ამ უკანასკნელებმა მოახერხეს და “უესკას” კარი აიღეს, ხოლო ერთი ბურთი ბრაზილიელი მცველის ადრიანო კორეას ანგარიშზეა. საწყალმა სტურებმა ერთადერთი რაც მოახერხეს, პრესტიჟის ბურთის გატანაა. 86-ე წუთზე მორენომ ერთი გოლის გატანა მოახერხა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 8:1. აღსანიშნავია, რომ კატალონიური კლუბის კარი ოფიციალურ შეხვედრაში პირველად დაიცვა ხორდი მასიპმა.

ძალიან დაძაბული შეხვედრა გაიმართა ვიგოში, სადაც მსაჯის მიერ დამატებულ დროში გადაწყდა შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა. პირველი შეხვედრა “ლას პალმასმა” 2:1 იმარჯვა. გუშინ იმავე ანგარიშით “სელტა” იგებდა 92-ე წუთამდე, მაგრამ ორელიანამ მოახერხა და დამატებით დროში გადასვლამდე ერთი წუთით ადრე გალისიურ კლუბს შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა – 3:1.

დღის მეოთხე მატჩში “ალმერიამ” შინ “ბეტისი” მიიღო და პირველი შეხვედრის მსგავსად, ამჯერადაც დაამარცხა – 2:1.

ვალენსია – რაიო ვალეკანო 4:4 (1:3)


ვალენსია (4-2-3-1): იოელი, მუსტაფი, ვეზო, ორბანი, კანსელო (დე პაული 46), ფელიპე (პიატი 46), პარეხო, გომეში, ხილი (ნეგრედო 46), როდრიგო, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

რაიო ვალეკანო (3-1-4-2): კ.ალვარესი, ნაჩო (ტიტო 63), მორსილიო, ქუინი, ბაენა, ხოზაბედი, პოზუელო (ბაპტიშტაო 76), ემბარბა, ა.მორენო, ხ.პერეირა (ამაია 70), ლიკა.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: 1:0;3:4 ალკასერი (8;65), 1:1 ხოზაბედი (20), 1:2 პოზუელო (23), 1:3 ხ.პერეირა (38), 2:3 მორსილიო (46 ს.კ.), 2:4 ემბარბა (61), 4:4 როდრიგო (71).
გაფრთხილებები: გომეში, პარეხო, როდრიგო, დე პაული – ბაენა, ხ.პერეირა, ნაჩო, ტონიო (სკამიდან), კ.ალვარესი, მორსილიო
გაძევება: როდრიგო 81.
მსაჯი: ხაიმე ლატრე

ბარსელონა – უესკა 8:1 (5:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): მასიპი, მასკერანო, ბარტრა, მონტოია, ადრიანო, ინიესტა (დუგლასი 46), რობერტო, სამპერი, პედრო (რამირესი 47), რაფინია, ელ ჰადადი (ტრაორე 74).
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 1:0;2:0;5:0 პედრო (20;26;43), 3:0 რობერტო (29), 4:0 ინიესტა (39), 6:0 ადრიანო (68), 7:0 ა.ტრაორე (78), 8:0 რამირესი (83), 8:1 კ.მორენო (86).
გაფრთხილებები: მანოლინი
მსაჯი: ედუარდო პრიეტო იგლესიასი

სელტა – ლას პალმასი 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლარივეი (19), 2:0 მინა (50), 2:1 ნუზეტი (53), 3:1 ორელიანა (92).
გაძევება: აიტამი 67.

ალმერია – ბეტისი 2:1 (0:0)

გოლები:
1:0 მიჩელი (59), 2:0 ზონგო (75), 2:1 პერკისი (78).

92-ე წუთზე რუბენ კასტრომ პენალტი ვერ გაიტანა

0.191932