ფეხბურთი

15:17 | 8.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში

„მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

23 წლის ფეხბურთელი ისეთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოარჩია, როგორიც L’Equipe გახლავთ. ხსენებული გაზეთის ვერსიით, გიორგი უკვე მეორედ მოხვდა ტურის სიმბოლურში.

გარდა ამისა, მიქაუტაძე სიმბოლურ ნაკრებში Whoscored-ის ვერსიითაც მოხვდა, სადაც მას ყველაზე მაღალი შეფასება ერგო - 8.8 ქულა. მიქაუტაძემ 28-ე ტურში „ბრესტის“ წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა (3:4).

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში დუბლი პირველად შეასრულა. მას 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი სეზონი სხვა გუნდში („აიაქსში“) გაატარა. გარდა ამისა, მიქაუტაძის აქტივში 3 საგოლე პასიცაა.

„მეცი“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, თუმცა, გადარჩენის შანსი ჯერ კიდევ აქვს. ლაშლო ბოლონის გუნდი მომდევნო ტურში 12 აპრილს, „ლანსს“ უმასპინძლებს.

0.12009