ფეხბურთი

15:24 | 7.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მაძარი: "გამოსავალი უნდა მოვძებნოთ, რომ კვარაცხელიას ყოველთვის 2 მეტოქე არ იყვანდეს"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ „იუვენტუსთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო პოზიციაზეც გააკეთა.

„ბიჭები ყველაფერს აკეთებენ, „ინტერთან“ წაგებას არ ვიმსახურებდით, რადგან პირველ ტაიმში საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშეთ. ხვალ ვეცდებით პროგრესი ვაჩვენოთ. თამაშის თვალსაზრისით გარკვეული ევოლუცია უკვე შეინიშნება და ჩემი აზრით, „ინტერთან“ პირველ ტაიმში მოგებას ვიმსახურებდით. ეს დამამშვიდებელი ფაქტია. მას შემდეგ, რაც დავბრუნდი, მივხვდი, რომ პირველივე შეცდომაზე გოლს ვუშვებთ. ვეცდებით, ამის გამოსწორებას მეტი ბალანსის პოვნით. კარგად უნდა შევუტიოთ, მაგრამ კონტრშეტევები არ უნდა მივიღოთ, რაც წინა მატჩებში ძვირად დაგვიჯდა. ეს არის ელემენტი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ.

„იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ მატჩი ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ორივე გუნდის მნიშვნელობის გამო. ვეთამაშებით მეტოქეს, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს. თუმცა, იტალიის ჩემპიონები ვართ და გვინდა კარგად ვითამაშოთ.

აშკარაა, რომ ოსიმენს დრო სჭირდება საუკეთესო ფორმაში დასაბრუნებლად, მაგრამ ცხადია, თუნდაც არ იყოს 100%-ით მზად, შეუძლია გუნდს ძალიან ბევრი რამით დაეხმაროს.

სამწუხაროდ, ახლა „ნაპოლისთვის“ არ არის ბრწყინვალე პერიოდი, განსაკუთრებით გასულ სეზონთან შედარებით. ფეხბურთში ზოგჯერ იღბალიც საჭიროა, არის მომენტები, რომლებიც ცუდად მიდის, მაგრამ ერთმა დადებითმა ეპიზოდმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.

კვარაცხელიას ცენტრში შეწევის ვარიანტი? საინტერესო კითხვაა. როდესაც ჩემპიონი ხდები, მეტოქის მწვრთნელების ყურადღება შენს მიმართ იზრდება. ჩვენი მოვალეობაა ფეხბურთელი, რომელსაც ორი მეტოქე ეთამაშება ისეთ პირობებში ჩავაყენოთ, რომ ყოველთვის ორმაგი მეურვეობის ქვეშ არ იყოს. გარდა ამისა, თუ კვარას 3 ფეხბურთელი ეთამაშება, ეს ნიშნავს, რომ სხვები თავისუფლები არიან და სწორედ ეს მომენტი კარგად უნდა გამოვიყენოთ.

აღარ მინდა მსაჯებზე ლაპარაკი. ძველი მაძარი აღარ არ არსებობს, პენსიაზე გავიდა. დღეიდან მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე ვილაპარაკებ, მინდა გუნდზე ვისაუბრო და არა მსაჯებზე“, - თქვა მაძარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ და „ნაპოლის“ მატჩი 8 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

0.109712