საკალათბურთო მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ტურის პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ საფრანგეთის ნაკრები ჯგუფში ჩარჩა.
A ჯგუფის მეორე მატჩში მასპინძელი ფილიპინები ანგოლასთან დამარცხდა. მასპინძლებმა პირველი პერიოდი 7 ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ თამაშის სადავეები ხელიდან გაექცათ და საბოლოოდ, 70:80 წააგეს. ფილიპინებს 2 წაგება აქვს, ანგოლას მოგება და წაგება. ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა, როცა ფილიპინები იტალიას და ანგოლა დომინიკის რესპუბლიკას შეხვდება.
ლიეტუვის ნაკრებმა მოლოდინისამებრ იოლად აჯობა მექსიკას - 96:66. კლასში სხვაობა ცხადია ძალიან დიდი იყო. ბალტიისპირელებს იონას ვალანჩუნასმა ულიდერა, რომელმაც 15 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. ლიეტუვას 2 მოგება აქვს, როგორც მონტენეგროს და ისინი ჯგუფიდან უკვე გავიდნენ. მექსიკა და ეგიპტე მოუგებლად არიან.
იაპონიის ნაკრებმა ფინეთს აჯობა - 98:88. ორივესთვის ბოლო შანსი იყო ჯგუფიდან გასასვლელად რომ ებრძოლათ და მასპინძლებმა უფრო ივარგეს. ჯოშ ჰავკინსონმა 29 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა, ხოლო იუკი კავამურამ 25 ქულა და 9 პასი, შესაბამისად, მათ გამარჯვება განაპირობეს. ფინელებს ლაური მარკანენმა ვერ უშველა, მიუხედავად იმისა, რომ 27 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა. იაპონიას თითო მოგება და წაგება აქვს, ფინელებმა ორივე თამაში წააგეს. ბოლო ტურში ავსტრალია - იაპონიის თამაში გადამწყვეტი იქნება.
და ბოლოს, H ჯგუფი, სადაც საფრანგეთის ნაკრები ჩარჩა! ვინსენ კოლეს გუნდმა კანადის შემდეგ ლატვიასთანაც წააგო დრამატულ ბრძოლაში 86:88. ფრანგები კომფორტულად იგებდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდი 14 ქულით დათმეს და შეხვედრაც წააგეს. ევან ფურნიემ 27 ქულა ჩააგდო, არტურს ჟაგარსმა - 22. ამ ჯგუფიდან 2-2 მოგებით კანადა და ლატვია გავიდნენ, საფრანგეთმა კი ფიასკო განიცადა.
ორშაბათს მეორე ტურის მატჩები სხვა ჯგუფებში გაიმართება, საქართველოს ნაკრები თბილისის დროით 15:30 საათზე სლოვენიას შეხვდება.