ლონდონის „ჩელსიმ“ „საუთჰემპტონიდან“ რომეო ლავია დაიმატა. ინფორმაცია ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
19 წლის ბელგიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ „არისტოკრატებმა“ 70 მილიონი ევრო გადაიხადეს და მას კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს.
„ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ „ჩელსის“ ფეხბურთელი გავხდი და ამ საინტერესო პროექტის ნაწილი ვიქნები. ეს არის ფანტასტიკური გუნდი დიდი ისტორიით და ერთი სული მაქვს თამაში დავიწყო. მოუთმენლად ველოდები თანაგუნდელების გაცნობასა და მათთან შეთამაშებას, რათა დიდ წარმატებას ერთად მივაღწიოთ“, - აღნიშნა რომეომ.
რომეო ლავიამ გასული სეზონი „საუთჰემპტონში“ ჩაატარა, რომლის რიგებში 34 თამაშში 1 გოლი და 1 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. მანამდე ის „მანჩესტერ სიტისა“ და „ანდერლეხტის“ აკადემიაში გამოდიოდა.