ფეხბურთი

22:40 | 2.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" "ჟირონა" პენალტების სერიაში დაამარცხა

„ნაპოლიმ“ მოსამზადებელ ეტაპზე მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. იტალიის ჩემპიონი კასტელ დი სანგროში ესპანურ „ჟირონას“ გაეჯიბრა და პენალტების სერიაში დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე მხოლოდ მე-60 წუთზე გამოჩნდა. იმ დროისთვის ანგარიში უკვე 1:1 იყო. ნეაპოლელები აგებდნენ, მაგრამ ტაიმის ბოლოს ჯოვანი სიმეონემ პენალტით გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია ვიქტორ ოსიმენს.

90 წუთი 1:1 დასრულდა, შეთანხმების თანახმად გუნდებმა პენალტების სერიაში გამოავლინეს გამარჯვებული, სადაც ალექს მერეტმა 2 დარტყმა მოიგერია, ერთიც ესპანელებმა კარს ააცილეს და „ნაპოლიმ“ 3:1 იმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი არ დაურტყამს, სავარაუდოდ, ის მეხუთე იყო სიაში, მაგრამ იქამდე საქმე არ მივიდა, რადგან 4-4 პენალტის შემდეგ გამარჯვებული გაირკვა.

„ნაპოლიდან“ ჯაკომო რასპადორიმ, ზამბო ანგისამ და პიოტრ ჟელინსკიმ გაიტანეს პენალტები, მატეო პოლიტანომ კი დარტყმა გააცუდა. აღსანიშნავია, რომ რუდი გარსიამ ძირითადი შემადგენლობის პოტენციური წევრები თამაშში მეორე ტაიმში ჩართო, პირველივე წუთებიდან კი შანსი უფრო მეტად სათადარიგო მოთამაშეებს მისცა.

კვარაცხელიას ესპანელები რამდენჯერმე ეუხეშნენ. მან მოედანი კოჭლობით და ფეხზე სახვევებით და ყინულებით დატოვა. მისი მდგომარეობა უახლოეს ხანში შეფასდება, თუმცა ნეაპოლური მედია წერს, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელი არაფერი ჩანს.

„ნაპოლი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 6 აგვისტოს, გერმანულ „აუგსბურგთან“ ჩაატარებს.

0.114472