საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე კარიერას „ატლანტა იუნაიტედში“ გააგრძელებს. ამერიკულმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ამერიკულმა კლუბმა თურქულ "ჰატაისპორთან" შეთანხმებას მიაღწია, რომელთანაც მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირის განმავლობაში აწარმოებდა.
ლობჟანიძემ MLS-ის კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გააფორმა. საბას შესახებ კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა და ტექნიკურმა დირექტორმა კარლოს ბოკანეგრამ ისაუბრა, რომელიც თავის დროზე ცნობილი ფეხბურთელი და აშშ-ს ნაკრების შეუცვლელი წევრი იყო:
„საბა არის ფეხბურთელი, რომელსაც სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან ვესაუბრებოდით და მთელი ამ პროცესის განმავლობაში გამოავლინა „ატლანტაში“ მოსვლის დიდ სურვილი. ის საერთაშორისო გამოცდილების მქონე და ხარისხიანი ფეხბურთელია, რომელმაც კარგ ლიგებში ითამაშა საკლუბო დონეზე და უეფას საკვალიფიკაციო ეტაპებზე ეროვნულ ნაკრებში. მოუთმენლად ველით გუნდში მის ინტეგრაციას, რაც შეიძლება სწრაფად“, - თქვა „ფულჰემისა“ და „რენის“ ყოფილმა მცველმა.
საბა ლობჟანიძე მესამე ქართველია გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის შემდეგ, რომელიც MLS-ში ითამაშებს. ლობჟანიძეს „დინამო თბილისში“, „ჩიხურაში“, „რანდერსში“, „ანკარაგიუჯუში“, „ჰატაისპორსა“ და „კარაგუმრუკში“ აქვს ნათამაშები. მან თურქეთის სუპერლიგაში დღემდე 120 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 23 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო საქართველოს ნაკრებში მის აქტივში 34 შეხვედრაში 3 გოლი და 5 საგოლე პასია.