ლონდონის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისთვის უეფაში განაცხადი გაგზავნა და მასში ბევრი სიახლეა. „არისტოკრატებმა“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იაქტიურეს და ბუნებრივია, რომ განაცხადში ცვლილებების შეტანა მოუწიათ, თუმცა, ყველა ახალწვეული სალიგო განაცხადში ვერ მოხვდა.
„ჩელსის“ განახლებულ განაცხადში მოხვდნენ ჟოაო ფელიქსი, ენცო ფერნანდესი და მიხაილო მუდრიკი. ფერნანდესმა ჟორჟინიოს ადგილი დაიკავა, რომელიც „არსენალში“ გადავიდა, ფელიქსმა ტრავმირებული არმანდო ბროია, ხოლო მუდრიკმა პიერ-ემერიკ ობამეიანგი ამოაგდო განაცხადიდან, შესაბამისად, გაბონელი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.
გარდა ამისა, ლონდონელთა განაცხადს მიღმა დარჩნენ დავიდ დატრო ფოფანა, ანდრეი სანტოსი, ბენუა ბადიაშილე და ნონი მადუეკე, რომლებიც ინგლისელებმა იანვარში დაიმატეს.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდება.