ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „მაიამი ჰითისა“ და „ოკლაჰომა სითი თანდერის“ შეხვედრაში ახალი რეკორდი დამყარდა. „ჰითის“ კალათბურთელებმა 40-დან 40 საჯარიმო გამოიყენეს.
წინა რეკორდი „იუტა ჯაზსს“ ეკუთვნოდა, რომლის კალათბურთელებმაც 1982 წელს პორტლენდის წინააღმდეგ 39-დან 39 საჯარიმო გამოიყენეს, დღეს კი ეს რეკორდი მაიამიმ გადაწერა.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, გამარჯვება მაიამელებს დარჩათ - 112:111.
გამარჯვებულ გუნდში საუკეთესო ჯიმი ბატლერი იყო, რომელმაც 37:57 წუთში 35 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ბატლერმა 23-დან 23 საჯარიმო გამოიყენა, რითაც დომინიკ უილკინსის რეკორდს გაუთანაბრდა, მისმა ბოლო ზუსტმა საჯარიმომ კი გუნდს გამარჯვება მოუტანა.
დამარცხებულთა მხარეს შაი გილჯეს-ალექსანდერმა ჩააგდო 26 ქულა, თუმცა მისმა კარგმა თამაშმა ოკლაჰომას მაინც ვერ უშველა.
22 მოგებითა და 20 მარცხით, „მაიამი ჰითი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. რაც შეეხება ოკლაჰომას, მას 18 მოგება და 23 წაგება აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს „ჰითი“ 13 იანვარს, სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართავს. „თანდერი“ კი ასევე 13 რიცხვში, „ფილადელფია სიქსერსს“ შეხვდება.