ავტოსპორტი

11:49 | 7.10.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესის“ ინჟინრებმა წარუმატებლობის მიზეზს მიაგნეს

ტურბო ჰიბრიდული ძრავების ეპოქაში, „მერსედესისთვის“ ეს სეზონი ყველაზე წარუმატებელია. ლუის ჰამილტონმა და ჯორჯ რასელმა, აქამდე ერთი რბოლის მოგებაც ვერ შეძლეს.

არადა, გუნდმა უჩვეულო კონსტრუქციის ავტომობილი შექმნა, რომელსაც ერთი შეხედვით, კარგი პოტენციალი ჰქონდა. თუმცა მისი სრულად გამოყენება აქამდე ვერ მოხერხდა. ამას დაემატა ისიც, რომ მაღალ სიჩქარეზე, მანქანას ძლიერი ვერტიკალური რხევები აქვს, რაც მართვას ართულებს.

მაგრამ ახლახანს, „მერსედესის“ ტექნიკურმა დირექტორმა მაიკ ელიოტმა განაცხადა, რომ პრობლემის მიზეზი დადგენილია და მისი სრულად აღმოფხვრა, მომავალი სეზონისთვის იქნება შესაძლებელი.

„ამ ავტომობილზე მუშაობისას, იყო მომენტი, როცა შეცდომა დავუშვით. ჩვენ ეს გვიან აღმოვაჩინეთ და მის აღმოფხვრაზე მუშაობა დავიწყეთ. ამ შეცდომის გამო, მანქანა ძნელად სამართავია. ჩვენ თანდათან ვახერხებთ საქმის გამოსწორებას და ესაა იმის მიზეზი, რომ შედეგებიც უმჯობესდება. მაგრამ ამ სეზონში სრულად აღმოფხვრა ვერ მოხერხდება. იმედი მაქვს, რომ ამას მომავალი სეზონისთვის შევძლებთ“, - ყვება ელიოტი, ვინც შეცდომის არსს არ აკონკრეტებს.

ის დასძენს, რომ პრობლემას რადიატორის უჩვეულოდ პატარა კორპუსები არ ქმნის. იყო ვარაუდი, რომ სამქიმიანების წაბაძვით, მსგავს კონსტრუქციას მოგვიანებით სხვაც შეიმუშავებდა. მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც ჩანს, მეტოქე გუნდებში ჩათვალეს, რომ პრობლემა სწორედ მცირე რადიატორებს უკავშირდება. მაგრამ ელიოტი ამბობს, რომ ასე არაა. თუმცა უჩვეულო ფორმებს მანქანისთვის დიდი უპირატესობა არ მიუცია.

0.141721