სხვა

23:41 | 3.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

წყალბურთი: ესპანეთმა იტალიას დრამატულ ბრძოლაში აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

უნგრეთში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი წყალბურთში და ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდა.

ფინალში ესპანეთმა დრამატულ ბრძოლაში იტალიის ნაკრები დაამარცხა. შეხვედრა ფრედ, 9:9 დასრულდა და ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც უფრო ზუსტი პირინელეები იყვნენ - 6:5. ესპანეთის ნაკრების 2001 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ესპანეთი ამ შედეგით უნგრეთს გაუთანაბრდა, რომელიც ასევე სამჯერაა მსოფლიოს ჩემპიონი, რეკორდი კი ისევ იტალიას ეკუთვნის, რომელიც ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონია.

მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედლები საბერძნეთს ერგო, რომელმაც ხორვატიას 9:7 აჯობა. მეხუთე ადგილისთვის მატჩში სერბეთმა აშშ 13:10 დაამარცხა, ხოლო მეშვიდე ადგილი უნგრეთმა დაიკავა, რომელმაც მონტენეგრო 8:6 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა და მეათე ადგილი დაიკავა (16 მონაწილეში). საქართველომ ბრაზილია (14:10) და სამხრეთ აფრიკა (20:7) დაამარცხა, ხოლო მონტენეგროსთან (9:10), უნგრეთთან (14:18), ხორვატიასთან (7:13) და იაპონიასთან (15:16) დამარცხდა.

საინტერესოა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში 17 გოლით მეორე ადგილზე საქართველოს ნაკრების წყალბურთელი ბორის ვაპენსკი გავიდა, რომელიც მხოლოდ ამერიკელ ალექს ბოუენს ჩამორჩა (21 გოლი).

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა: მსოფლიოს ჩემპიონი აშშ გახდა, რომელმაც ფინალში უნგრეთი 9:7 დაამარცხა, ხოლო ბრინჯაოს მედალს ნიდერლანდები დაეუფლა მას შემდეგ, რაც მესამე ადგილისთვის მატჩში იტალიას 7:5 აჯობა.

0.120189