საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოში“ დაბრუნდა. ინფორმაციას Sport-express-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, ქართველი უკვე მოსკოვშია და გუნდს შეკრების პირველივე დღიდან შეუერთდება, სადაც მის პერსპექტივებს მთავარი მწვრთნელი სლავიშა იოკანოვიჩი შეაფასებს.
რუსული ვებგვერდის ინფორმაციით, სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს, არის თუ არა გაგნიძე „დინამოში“ სათამაშოდ მზად, თუ არადა, გაანათხოვრებენ. ლუკას მოსკოველებთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
გაგნიძე „დინამოში“ გასული წლის 5 ივლისს გადავიდა და ჯერ იჯარით „ურალში“ იყო, სადაც 11 თამაში ჩაატარა, ხოლო შემდეგ ომის დაწყების გამო რუსეთი დატოვა და პოლონურ „რაკუვს“ მიაშურა ასევე იჯარით. თუმცა, მას რუსეთში დაბრუნება მოუწია.
შეგახსენებთ, რომ რუსული გუნდები ევროთასებიდან მოკვეთილი არიან. ამის ფონზე 19 წლის ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის ამ ქვეყანაში დაბრუნება კიდევ უფრო გულდასაწყვეტია.