დღეს თბილისში ,,ფაბრიკის'' საგამოფენო სივრცეში გაიხსნა „სპორტფოტო"-ს რიგით მე-8 გამოფენა რომელიც 3 ივნისამდე გაგრძელდება. ტრადიციული პროექტი, რომელიც რამდენიმე ეტაპად გაიმართება, სტარტს თბილისიდან აიღებს და თავდაპირველად, ფაბრიკის საგამოფენო სივრცეში 2021 წლის სპორტულ შედეგებს, 140 ფოტო-კადრში შეაჯამებს.
ფოტოგამოფენის გახსნას დაესწრნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და სეოკ-ის თანამშრომლები.
თბილისში წარმოდგენილი ფოტო-გამოფენის ნაწილი ისევე, როგორც წინა წლებში, ამჯერადაც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
რაც შეეხება კატალოგს, რიგით მე-8 სპორტული ფოტო-ალმანახის გამოცემას, ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მონაწილეობით.
ტრადიციულად, პროექტი თემატურად, ოლიმპიური რგოლების პრინციპით იყოფა, 2021 წელი ისტორიული და წარმატებული გამოდგა ჩვენი ოლიმპიელებისთვის. სწორედ ამ ისტორიას, მის მთავარ ამბებს და მოვლენებს წარმოგვიდგენს ტრადიციული სპორტული ფოტო-კატალოგი. პროექტ „სპორტფოტოს"მე-8 გამოცემაში ერთი თავი მთლიანად ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს მიეძღვნება. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მოხარულია, რომ, როგორც პარტნიორი, მონაწილეობს წლის ისტორიის შემაჯამებელი კატალოგის გამოცემაში.
პროექტ ,,სპორტფოტოს" ავტორია სპორტული ჟურნალისტი თამარ ჯიშკარიანი.