ზულეში (გერმანია) მიმდინარე ახალგაზრდა ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებას მიაღწია. მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ შერეულ წყვილებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველოს წარმომადგენლებმა გადამწყვეტ შეხვედრაში დიდი უპირატესობით - 16:4 დაამარცხეს ტაილანდელთა დუეტი.
საგულისხმოა, რომ მსოფლიო თასი ახლებური სისტემით ჩატარდა - საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ნახევარფინალური სერია არ გამართულა. გუნდები დაკავებული ადგილების მიხედვით დაწყვილდნენ. ფინალშიც ექვსი წყვილი გავიდა: I-II ადგილზე გასულებმა ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღეს, III-VI და IV-V ადგილოსნებს კი ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა ბრინჯაოს მედლებისთვის მოუწიათ.
ფროდიაშვილი-მუმლაძის წყვილი შესარჩევშიც კარგად გამოვიდა - 571 ქულით 38 მეტოქეს შორის მესამე ადგილზე გავიდა. საქართველოს მეორე წყვილი - სალომე ფროდიაშვილი-იოანე ხვარეშია 544 ქულით 31-ე ადგილზე გავიდა.