ჩოგბურთი

22:51 | 20.04.2022 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონზე რუს ჩოგბურთელებს არ დაუშვებენ

უიმბლდონის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, დიდი სლემის ბალახის ტურნირზე რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები არ დაიშვებიან. ამის მიზეზი, უკრაინაში რუსეთის შეჭრა და ბელარუსის მიერ შეჭრის მხარდაჭერაა.

„ოლ ინგლენდ ლავნ ტენის კლაბის“ (AELTC) ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უიმბლდონზე თამაშს ვერ შეძლებენ დიდი სლემის ტიტულების მფლობელები, რუსი დანიილ მედვედევი და ბელარუსი ვიქტორია აზარენკა.

„ჩვენ ვაცნობიერებთ და ვწუხვართ, რომ რუსული რეჟიმის და ამ ქვეყნის ლიდერების ქმედებათა გამო, ინდივიდუალური ათლეტები დაიჩაგრებიან. მაგრამ ჩვენი მიზანია, შევზღუდოთ რუსეთისა და მისი მოქალაქეების ჩართულობა საერთაშორისო ღონისძიებებში“, - ნათქვამია AELTC-ის თავმჯდომარე იან ჰიუიტის განცხადებაში.

კრემლმა აკრძალვას მიუღებელი უწოდა და გამოაცხადა, რომ უიმბლდონზე რუსი ათლეტების არდაშვება თავად ტურნირს დააზარალებს.

ATP-მ რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების უიმბლდონზე არდაშვებას ცალმხრივი და მიუღებელი გადაწყვეტილება უწოდა. მამაკაცთა ჩოგბურთის მმართველი ორგანიზაცია თვლის, რომ ეს დამაზიანებელ პრცედენტს შექმნის. ATP უიმბლდონის ორგანიზატორებს ახსენებს, რომ მათ შორის არსებული შეთანხმებით, ტურნირზე მოთამაშეების დაშვების მთავარი კრიტერიუმი, რეიტინგში მათი ადგილია.

AELTC აცხადებს, რომ თუ ივნისამდე სიტუაცია შეიცვლება, ორგანიზატორი ამას განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ცნობისათვის, უიმბლდონი 27 ივნისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.

ამგვარად, უიმბლდონზე არ დაიშვებიან მსოფლიოს მეორე ჩოგანი მედვედევი, რეიტინგში მერვე ადგილზე მყოფი ანდრეი რუბლევი, ასევე ქალთა რეიტინგში მე-15 ადგილზე მყოფი ანასტასია პავლიუჩენკოვა. ბელარუს ჩოგბურთელთაგან კი, აზარენკას გარდა, ტურნირზე ვერც მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი არინა საბალენკა ითამაშებს.

0.119424