„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ევროპა ლიგის მერვედფინალში „გალათასარაისთან“ გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ევროპა ლიგა მნიშვნელოვანი ტიტულია, მისი გუნდი კარგ ფორმაშია და „ელ კლასიკოშიც“ ბოლომდე იბრძოლებს.
„ჩვენ ხასიათი ვაჩვენეთ და შესანიშნავი მატჩი ვითამაშეთ. ასეთ რთულ სტადიონზე ქამ-ბექი შევასრულეთ. „გალათასარაი“ კარგი გუნდია, თავს ძალიან კარგად იცავდნენ, როგორც პირველ მატჩში. ბედნიერი ვარ ფეხბურთელებით და ძალიან რთულ მოედანზე მოვიგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში სწრაფად გავათანაბრეთ, სიმშვიდეს და მოთმინებას ვინარჩუნებდით.
არ ვიცი, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, მაგრამ შეგვიძლია ტურნირის მოგება, ეს ევროთასია და მნიშვნელოვანი ტიტულია. კარგი პერიოდი გვაქვს, დიდი ხანია არ წაგვიგია და ახლა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მივდივართ. „რეალი“ ძალიან ძლიერი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ მატჩი კვირას, 20 მარტს გაიმართება.